Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მებრძოლები რუხ ზონაში" - რას ჰყვებიან უკრაინასთან ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული რუსი პატიმრების ახლობლები


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის კოლონია
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის კოლონია

ვოლგოგრადში მდებარე ერთ-ერთი კოლონიის ყოფილი მსჯავრდადებული გეორგ მხითარიანი, რუსეთის სამხედრო უწყებასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, 123-ე მოტომსროლელი ბრიგადის ასეულ „შტურმ-ბ“-ში ჩარიცხეს და სხვა ყოფილ თანასაკნელებთან ერთად ფრონტის ხაზზე გაგზავნეს.

ყოფილი პატიმრების უმრავლესობასთან, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, ყოველგვარი კავშირი გაწყდა, ისინი სავარაუდოდ ბახმუტის მიმართულებაზე ან დაიღუპნენ, ან დაიჭრნენ და ტყვედ ჩავარდნენ.

„კავკაზ.რეალიის“ რედაქციასთან საუბარში ზოგიერთი დაკარგულის ახლობლებმა დაიჩივლეს, რომ დანაყოფის მეთაურობა არაფერს აკეთებს დაჭრილთა მოძებნისა და ევაკუაციისთვის, ხოლო მათი მიმართვებს სამხედრო სააღრიცხვო ოფისები (კომისარიატები) და საზედამხედველო ორგანოები ყურადღებას არ აქცევენ.

"მას მოუმზადებლად იერიშზე უკრეს თავი"

გეორგ მხითარიანი, ვიტალი პავლიშენი, დმიტრი შურუპოვი ვოლგოგრადის ოლქში მდებარე კოლონიების პატიმრები იყვნენ, როდესაც ომში წასვლის კონტრაქტებს მოაწერეს ხელი.

მხითარიანი ნომერ 24-ე კოლონიაში, პავლიშენი - 26-ე, ხოლო შურუპოვი მე-5 კოლონიაში იხდიდნენ სასჯელს.
სამივემ კონტრაქტებს ხელი 22-24 აპრილს მოაწერა, შემდეგ კი სამივენი უკრაინის ბახმუტის მიმართულებით: მხითარიანი და პავლიშენი დაბა სპორნოესთან, დმიტრი შურუპოვი - მათგან 6 კილომეტრის დაშორებით ბერესტოვოესთან დაიკარგნენ უგზო-უკვლოდ.

სამივე 123-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ასეულ, „შტურმ-ბ“-ის შემადგენლობაში ჩარიცხეს. ეს ბრიგადა სეპარატისტული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რაზმების ბაზაზე 2014 წელს შეიქმნა, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის წლის თავზე, ბრიგადა 2023 წლის იანვარში რუსეთის არმიის შემადგენლობაში შევიდა.

დმიტრი შურუპოვი
დმიტრი შურუპოვი

32 წლის ვოლგოგრადელი დმიტრი შურუპოვი 123-ე ბრიგადაში, მე-5 მოიერიშე ოცეულის საცეცხლე მხარდაჭერის ათეულის ოპერატორად დანიშნეს. იგი უგზო-უკვლოდ ბახმუტის მახლობლად, დაბა ბერესტოვოესთან დაიკარგა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი მას ამა წლის 8 მაისს მიანიჭეს. შურუპოვი 2 მაისს ჩავიდა სამხედრო ნაწილის განლაგებაში და იქიდან დაუკავშირდა ნათესავებს, რათა ეთქვა, რომ „რამდენიმე დღეში“ საბრძოლო დავალების შესასრულებლად წავიდოდა.
„მას მანამდე ერთი დღეც არ უმსახურია, არაფერი არ შეეძლო. აიღეს და მოუმზადებლად იერიშზე უკრეს თავი! ასეთ მცირე დროში რა მომზადება შეიძლებოდა გაევლო?“, - უთხრა „კავკაზ.რეალიის“ დმიტრი შურუპოვის ნათესავმა ქალმა.

ვოლგოგრადში მდებარე მე-5 გამოსასწორებელ კოლონიაში შურუპოვი მეორე ვადით იხდიდა სასჯელს „ნარკოტიკების“ მუხლით. სასამართლოს მიერ მისჯილი 3 წლისა და 7 თვის ვადიდან, სამხედრო კონტრაქტის გაფორმების დღეს, შურუპოვს მხოლოდ ნახევარი წელი ჰქონდა მოხდილი.

სამხედრო ნაწილის სარდლობამ, ურიუპინსკის სამხედრო კომისარიატმა და სამხედრო პროკურატურამ ნათესავებს შეკითხვის პასუხად აცნობეს, რომ მათი თხოვნა მთავარ სამხედრო პროკურატურას და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაუგზავნეს.
ნათესავებს ხელთ კი დღემდე არ აქვთ სამხედრო უწყებასთან შურუპოვის მიერ გაფორმებული კონტრაქტის ასლი. ნათესავებმა, როგორც ამბობენ, შეძლეს პოლიტიკური მუშაობის დარგში სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილის, ვინმე „სავლის“, მოძებნა. იმან ნათესავებს უამბო, რომ შურუპოვის დოკუმენტები დაიკარგა, ხოლო ხელახლა გაგზავნის პროცესი იმის გამო ფერხდება, მათ „ოთხი ინსტანცია უნდა გაიარონ“ .

„რატომ ამბობენ, რომ არ შეუძლიათ იქ ევაკუაციის განხორციელება, როდესაც დიდი ხნის წინ განაცხადეს, რომ ბერესტოვოეს რუსეთის ჯარი აკონტროლებს? ისინი (მებრძოლები) იქ აჩრდილებივით ქრებიან. საბრძოლო ამოცანის პირველსავე დღეს მათ უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსს აცილებენ. ზოგიერთი იღბლიანი იქ უკვე თვე-ნახევარია მსახურობს, უფრო ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულები კი იმ ჯოჯოხეთიდან დაჭრილები გამოჰყავთ. ჩვენი კი, როგორც ჩანს, არც ერთი იყო და არც მეორე“, - ამბობს დმიტრი შურუპოვის ნათესავი ქალი, რომელიც თავის ვინაობას მალავს.

მან შეძლო დაჰკავშირებოდა შურუპოვის რამდენიმე თანამებრძოლს, რომლებიც საბრძოლო დავალების შესრულებას გადაურჩნენ. მათ დაადასტურეს, რომ შურუპოვი ნომერ 40463-ე სამხედრო ნაწილში ირიცხებოდა, დაასახელეს მისი სამხედრო თანამდებობა, მაგრამ ვერ გაიხსენეს ზუსტად, თუ რომელ რიცხვში გაგზავნეს ის იერიშზე. მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო მათი გაგზავნის შემდეგ, სადღაც 2 ან 3 მაისის შემდეგ. თავად დმიტრიმ კი მოასწრო და ახლობლებს მხოლოდ კონტრაქტის ხელმოწერის ფაქტისა და ჟეტონის ნომრის შესახებ აცნობა.

"120 ადამიანიდან გადარჩა მხოლოდ 17"

კრასნოდარის 42 წლის ბინადარმა, გეორგ მხითარიანმა სამხედრო კონტრაქტს ხელი ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კამიშინში მდებარე 24-ე კოლონიაში მოაწერა. იქ ქურდობისათვის მსჯავრდადებული პატიმარი სასჯელს ვადამდე პირობით გათავისუფლების წესის (ე.წ. უდოს) დარღვევისთვის იხდიდა. სასამართლოს მიერ მისჯილი სამწლიანი პატიმრობიდან მას მოსახდელი კიდევ წელიწად-ნახევარი რჩებოდა.

გეორგ მხითარიანი
გეორგ მხითარიანი

კონტრაქტორად ომში წასვლა, როგორც ნათესავები ამბობენ, გეორგის მობილიზაციის გამოცხადებამდე სურდა, რადგან პატიმრობამდე ვადიანი სამხედრო სამსახური მოხდილი ჰქონდა. მაგრამ მაშინ უარი უთხრეს. მეორე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა: აპრილში სამხედრო უწყებასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ იგი კამიშინში მდებარე კოლონიიდან ზემოხსენებულ სამხედრო ნაწილ 40463-ში გაგზავნეს. ბრძანების ამონაწერის თანახმად, რიგითი მხითარიანი მოიერიშე ჯგუფში მსროლელ-სანიტრად დანიშნეს.

უკანასკნელად გეორგიმ ახლობლებს 2 მაისს, სხვა მასავით ყოფილი პატიმრის ტელეფონიდან დაურეკა და აცნობა, რომ დონეცკიდან სხვაგან გადაჰყავდათ. როგორც ნათესავი ქალი ჰყვება, იგი დაჰპირდა, რომ კვლავ დაურეკავდა 4 მაისს, როდესაც „მეთაური ტელეფონის დაპირებულ სიმ-ბარათს უყიდდა“. მაგრამ როდესაც კავშირზე არ გამოვიდა, ოჯახმა დაიწყო იმავე თანამებრძოლის მოძებნა და შეძლო კავშირის დამყარება. მან კი აცნობა, რომ საბრძოლო დავალებაზე ერთად წავიდნენ, მაგრამ 15 მაისს იგი დაიჭრა და მას შემდეგ თანამებრძოლის (გეორგ მხითარიანის) ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი იცის.

მხითარიანის ნათესავებმა შეძლეს გეორგის კიდევ ერთ თანამებრძოლთან დაკავშირება, რომელმაც აცნობა, რომ ვოლგოგრადის ციხიდან პატიმრები სამი ავტობუსით გაემგზავრნენ ლუგანსკში. ავტობუსებში იმყოფებოდა დაახლოებით 120 ადამიანი, რომელთაგან გადარჩა 17, მათ შორის თავადაც. მაგრამ მან ვერ თქვა, თუ კონკრეტულად სად გაგზავნეს მხითარიანი.

მხითარიანის ნათესავებმა თხოვნით მიმართეს სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას, კრასნოდარის სამხედრო კომისარიატს, საგამოძიებო კომიტეტს, მისწერეს უშუალოდ ვლადიმირ პუტინსაც. ზოგიერთი ინსტანციიდან ოჯახს უპასუხეს, რომ განიხილავენ მათ სათხოვარს. ზოგიერთმა ინსტანციამ კი მათი წერილი საერთოდ უპასუხოდ დატოვა. „უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსის“ შესახებ ოფიციალური ცნობა კი მხითარიანის ოჯახმა მხოლოდ სექტემბერში მიიღო.

წერილის მიხედვით რიგითი მხითარიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 11 ივლისიდან „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მიმართულებაზე“.

არაოფიციალური გზებით გეორგ მხითარიანის ნათესავებმა დაადგინეს, რომ ეს მიმართულება უნდა იყოს ბახმუტიდან 30 კილომეტრით დაშორებული დასახლებული პუნქტი სპორნოე, სადაც იგი სულ ბოლოს ასრულებდა საბრძოლო დავალებას.

სწორედ იქ დაიღუპა 40463-ე სამხედრო ნაწილის ათობით მებრძოლი, მხითარიანის მსგავსად ყოფილი პატიმარი.

„კავკაზ.რეალიის“ რედაქციას მხითარიანის ოჯახის ახლობლებმა უთხრეს, რომ, მათი ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში უკრაინის ომში 40463-ე სამხედრო ნაწილის მინიმუმ 1300 მებრძოლი დაიკარგა უგზო-უკვლოდ. მათ ამის შესახებ უამბო ამ ნაწილის ერთ-ერთმა სამხედრომ, რომელიც ერთ-ერთი იერიშის დროს დაიჭრა. სულ მცირე 1000 მებრძოლის უგზო-უკვლოდ დაკარგვას ადასტურებენ სხვა ნათესავები, რომლებიც ამ ნაწილთან არიან დაკავშირებულნი და ურთიერთდახმარების ჩატებში ცვლიან ინფორმაციას.

"თავად გამოფორთხდი, რადგან სასიკვდილოდ გგზავნიან"


ამ ჩატში გაერთიანებული ნათესავების უმეტესობას არ უნახავს იმ კონტრაქტების ასლები, რომლებიც მათმა ქმრებმა, ვაჟებმა, ძმებმა და მამებმა ციხეებში რუსეთის სამხედრო უწყებასთან გაფორმეს.

ასეთი ფაქტობრივი ვითარება არ უკვირს ფონდ „რუს სიდიაშჩაიას“ დამფუძნებელ ოლგა რომანოვას, რომლის თანახმად, კონტრაქტები ასეთ კონტინგენტთან დიდი ხანია აღარ ფორმდება. „არის მხოლოდ ერთგვარი თანხმობა ომში მონაწილეობაზე. საპყრობილეებში ასეთ თანხმობაზე ხელმომწერ ყოფილ პატიმრებს, ჰყავთ თავიანთი მეთაურები სამხედრო უწყებიდან. მაგრამ მათი დაღუპვის ან დაჭრის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო არავითარ დაპირებულ თანხას არ ანაზღაურებს. ჩვენ ვიცით ასეთი შემთხვევები. რადგან ასეთი მებრძოლები - რუხ ზონაში იმყოფებიან. ასეთ ვითარებაში კი პასუხისმგებლობა მათ სიცოცხლეზე, მოძებნასა და ევაკუაციაზე, არავის ეკისრება“, - ამბობს ოლგა რომანოვა.

ლუგანსკში დისლოცირებული 40463-ე სამხედრო ნაწილის მებრძოლების ვითარებას ისიც ართულებს, რომ ნათესავების ინფორმაციით, ყოფილ პატიმრებს ამ ნაწილში ამცირებენ, აწამებენ და საზარბაზნე ხორცად იყენებენ - ყოველგვარი მომზადების გარეშე უშვებენ იერიშზე, დაჭრილებისა და დახოცილების ევაკუაციას კი არ ახდენენ.

„ჩვენ მოგვეპოვება მტკიცებულება, რომ ზოგიერთი ბატალიონის მეთაური იქ მართლაც აწამებს ჯარისკაცებს, და ამის შესახებ ასევე მივწერეთ ყველაზე მაღალ ინსტანციებს“, - უთხრა „კავკაზ.რეალიის“ რედაქციას, ამ ნაწილიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ერთმა ნათესავმა ქალმა.

იერიშებში გადარჩენილი და საავადმყოფოებში მოხვედრილი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები ჰყვებიან, რომ საბრძოლო დავალებაზე გაგზავნის წინ მათ აფრთხილებენ: „თუ მძიმედ დაიჭრები, თავად გამოფორთხდი, რადგან სასიკვდილოდ გგზავნიან“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG