როგორც ირკვევა, მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულ ადამიანებს მკაცრი რეჟიმის კოლონიებიდან ათავისუფლებენ და უკრაინის ფრონტზე აგზავნიან, სავარაუდოდ, კანონის გვერდის ავლით, თუმცა პატიმართა ციხეებიდან გამოყვანა და ომში გაგზავნა 2023 წლის ივნისიდან კანონის სრული დაცვითაც შესაძლებელი გახდა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული კანონი უფლებას აძლევს სასამართლოს, სასჯელისგან გათავისუფლოს მცირე და საშუალო სიმძიმის დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პირები, თუკი ისინი მობილიზაციით ან კონტრაქტით გაემგზავრებიან უკრაინაში საომრად.
რუსეთის უზენაესი სასამართლოს სამხედრო მოსამსახურეთა საქმეების სასამართლო კოლეგიამ ვადამდე ადრე გაათავისუფლა მსჯავრდადებული, ეფრეიტორი ვლადისლავ უსტინოვი, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი 2022 წლის მაისში მოწყობილ ავტოსაგზაო შემთხვევაში, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-5 ნაწილი).
როგორც გამოცემა „კომერსანტი“ წერს, გათავისუფლების საფუძველია სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული კანონი და მსჯავრდადებულის მონაწილეობა უკრაინის ომში.
სასამართლო კოლეგიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო „სისხლის სამართლის საქმის გარემოებებისა და პატიმრის პირადი მონაცემების გათვალისწინებით - პატიმარი ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურს გადის ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“.
„განჩინებაში უზენაესი სასამართლო მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაულის ჩადენიდან 1,5-ზე მეტი წელი გავიდა, ხოლო მსჯავრდადებული ამჟამად „ასრულებს საბრძოლო დავალებებს სამხედრო ოპერაციის ზონაში, მეთაურობის მიერ ხასიათდება როგორც გამბედავი და თავდადებული სამხედრო მოსამსახურე, ავლენს სიმამაცეს და მაღალი დონის პროფესიულ მომზადებას“ და, შესაბამისად „ის აღარ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის“, - წერს რუსული გამოცემა, რომლის მიხედვითაც, ეფრეიტორ ვლადისლავ უსტინოვის საქმე არის პირველი საჯაროდ ცნობილი საქმე რუსეთის სასამართლო პრაქტიკაში, როდესაც უზენაესმა სასამართლომ სასჯელისგან გათავისუფლების საფუძვლად უკრაინასთან ომში მონაწილეობა ცნო.
უსტინოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ კანონის ძალაში შესვლიდან რამდენიმე დღეში, რომელიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას იძლევა.
ხაბაროვსკის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ ეფრეიტორ ვლადისლავ უსტინოვს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2022 წლის მაისში. განსასჯელმა დანაშაული სრულად აღიარა. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებმა კი ძალაში დატოვეს ხაბაროვსკის სასამართლოს გადაწყვეტილება.
უსტინოვის ადვოკატმა, სერგეი ბიზიუკინმა განაცხადა, რომ განაჩენი ფაქტობრივად ვერ აღსრულდებოდა, რადგან კანონიერ ძალაში შესვლის მომენტში მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომის ზონაში.
სახელმწიფო დუმამ 2023 წლის ივნისის ბოლოს მიიღო კანონპროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა სასჯელისგან გაათავისუფლონ მობილიზაციით ან კონტრაქტით გაწვეული ადამიანები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ მცირე და საშუალო სიმძიმის დანაშაული.
„პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების მიღწევას, ასევე გააჩენს დამატებით შესაძლებლობებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებისთვის“, - ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში, რომლის ავტორები სენატორი ანდრეი კლიშასი და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები პაველ კრაშენინიკოვი და ირინა პანკინა არიან.
2023 წლის მაისში სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა და მისმა პირველმა მოადგილემ ანდრეი კრასოვმა სახელმწიფო დუმას წარუდგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ჯარში სამსახურის შესაძლებლობას ნასამართლევი პირებისათვის. კანონი არ ვრცელდება იმათზე, ვინც გასამართლებულია „სექსუალური ძალადობისთვის, ტერორიზმისთვის, სახელმწიფო ღალატისთვის, ჯაშუშობისთვის და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის“, თუმცა, როგორც გახმაურებული სასამართლო პროცესების ფიგურანტებზე დაკვირვებამ აჩვენა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინასთან ომში მიჰყავს მკვლელობის, გაუპატიურებისა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული პირებიც.
შეწყალების კონვეიერი
როგორც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის რუსული სამსახური ამტკიცებს, უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც რუსეთში მუშაობს შეწყალების ფარული კონვეიერი: უკრაინაში მებრძოლ პატიმრებს ათავისუფლებენ სასჯელისგან მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძიმის დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი. BBC-ის ცნობით, რუსეთში სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ცნობილი, რომ მათი შვილების თუ ახლო ნათესავების მკვლელები, რომლებსაც მრავალწლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, ფაქტობრივად დაუსჯელი დარჩნენ.
ერთ-ერთი ასეთი მოქალაქეა კემეროველი ოქსანა პეხტელევა, რომელმაც 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში ნაცნობებისგან შეიტყო, რომ მსჯავრდადებულმა ვლადისლავ კანიუსმა მოულოდნელად დაიწყო თავისი ფოტოების განთავსება სოციალურ ქსელებში. ერთ-ერთ ფოტოზე პატიმარი სამხედრო ფორმაშია, ხელში იარაღი უჭირავს და თავზე ლურჯი ცა დაჰყურებს. არადა, კანიუსი მომავალი 15 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მჯდარიყო. საქმე ისაა, რომ 2022 წლის იანვარში კანიუსმა თავისი ყოფილი მეგობარი ქალი, 23 წლის ვერა პეხტელევა მოკლა.
ექსპერტიზამ ქალის სხეულზე ასზე მეტი დაზიანება, სისხლჩაქცევები, დაჟეჟილობები და ჭრილობები დააფიქსირა. დასკვნის თანახმად, მკვლელმა მსხვერპლი უთოს კაბელით გაგუდა. კემეროვოს სასამართლომ ვლადისლავ კანიუსს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლო პროცესის დროს დაზარალებულმა მხარემ შეიტანა შუამდგომლობა, რომ ეცნობებინათ მათთვის მკვლელის ყველა გადაადგილების, კოლონიის გარეთ გაყვანის ან სასჯელის შეცვლის შესახებ - ეს წესი გათვალისწინებულია რუსეთის კანონმდებლობით დაზარალებულთა უსაფრთხოებისთვის. და მართლაც, ოქსანა პეხტელევამ მიიღო წერილი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურისგან, რომლის თანახმადაც, 27 აპრილს მკვლელობისთვის ნასამართლევი კანიუსი გადაყვანილია სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის როსტოვის რეგიონის სამმართველოს განკარგულებაში. ზუსტი ადგილმდებარეობა, კოლონიის ნომერი და სხვა დეტალები დაზარალებულ მხარეს არ შეატყობინეს. პატიმარი თითქოს გაქრა.
ოქსანა პეხტელევა ვარაუდობს, რომ ვლადისლავ კანიუსი, ისევე როგორც ათასობით სხვა პატიმარი, უკრაინაში წაიყვანეს საომრად. სწორედ როსტოვის რეგიონში მდებარეობს კოლონია ИК-12, რომელიც ფრონტისკენ მიმავალ გზაზე მსჯავრდადებულებისთვის სატრანზიტო პუნქტის ფუნქციას ასრულებს..
მტკიცებულება იმისა, რომ ფრონტზე მასობრივად მიჰყავთ პატიმრები, 2022 წლის ზაფხულში გამოჩნდა. სოციალურ ქსელებში აიტვირთა რუსეთის სხვადასხვა კოლონიაში გადაღებული ვიდეოები, რომლებზეც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შემქმნელი, ევგენი პრიგოჟინი, მოუწოდებდა პატიმრებს უკრაინაში ომში წასასვლელად და სანაცვლოდ შეწყალებას თუ პატიმრობიდან გათავისუფლებას ჰპირდებოდა. მალე პრიგოჟინის არხებმაც დაიწყეს მონაცემების გამოქვეყნება იმის შესახებ, რომ პატიმრების პირველმა ჯგუფმა, რომელმაც დაასრულა ექვსთვიანი კონტრაქტი, დაიწყო ფრონტიდან შინ დაბრუნება როგორც სრულიად თავისუფალმა ხალხმა.
ერთ-ერთმა ასეთმა ყოფილმა პატიმარმა, რომელიც უკრაინის ფრონტიდან დაბრუნდა შინ, ცხინვალში ადამიანი მოკლა.
ერთი თვის შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მისი კომპანია აღარ იღებდა პატიმრებს. დაახლოებით ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმრების გაწვევა დაიწყეს ადამიანებმა, რომლებიც თავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებად წარადგენდნენ. სავარაუდოა, რომ მკვლელობისთვის გასამართლებული ვლადისლავ კანიუსი ციხიდან ფრონტზე უკვე რუსეთის თავდაცვის უწყებამ (და არა პრიგოჟინის „ვაგნერმა“) წაიყვანა.
ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის ინფორმაციით, პეხტელევების ეს შემთხვევა გამონაკლისი არაა. ბევრი ოჯახი აღმოჩნდა მსგავს მდგომარეობაში.
- 19 წლის მარია ნეჩეტნაია გააუპატიურეს და სასტიკად მოკლეს 2016 წელს კალუგის ოლქში, ობნინსკში, ძმებმა კორობენკოვებმა, რომლებსაც 2019 წელს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2022 წლის ოქტომბერში ვლადისლავ კორობენკოვი გაემგზავრა საბრძოლველად „ვაგნერის“ შემადგენლობაში. კოლონიაში ორ წელზე ნაკლები გაატარა.
- 2020 წლის ივნისში ტიმურ გავრილოვი საერთო საცხოვრებელში ბრუნდებოდა, როდესაც უცნობი პირი დაესხა თავს და დანით ოცი ჭრილობა მიაყენა. მკვლელი 22 წლის ვიტალი ვასილიევი აღმოჩნდა, რომელმაც სასამართლოზე განაცხადა, რომ მკვლელობა რასობრივ ნიადაგზე ჩაიდინა. სასამართლომ 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 1 წლის შემდეგ ისიც უკრაინაში გაემგზავრა საბრძოლველად.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველის სერგეი მედვედევის თქმით, გამაოგნებელია ის, რომ რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა ადამიანი, რომელიც დამნაშავეა სხვა ორი ადამიანის სიკვდილში, გაათავისუფლა მხოლოდ იმიტომ, რომ დამნაშავემ გადაწყვიტა უკრაინაში იომოს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ შეთავაზებული და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ დამტკიცებული ნორმა, ახლა უკვე სრულად მუშაობს. რუსეთში უკვე შესაძლებელია დაუსჯელად ძარცვა, ძალადობა, მკვლელობა. ყველაფერი შეგრჩება, თუ წახვალ უკრაინაში საომრად. მოკალი ადამიანი ხაბაროვსკში? გაემგზავრე უკრაინელების დასახოცად ბახმუტში! ყველაფერს გაპატიებენ! ერთი დანაშაული ნულდება მეორით - უკრაინის ომში მონაწილეობით. დოსტოევსკი, არ იყავი მართალი. რუსეთი ეს არის დანაშაულის ქვეყანა სასჯელის გარეშე“, - ამბობს სერგეი მედვედევი.