Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხან სასწორი მიმაქვს ჩანთით სკოლაში, ხან ფინჯნები“ - რას აჩვენებს ეროვნული გამოცდების შედეგები?


ეროვნულმა გამოცდებმა აჩვენა, რომ აბიტურიენტების ცოდნის დონე არ უმჯობესდება. შარშანდელთან შედარებით, წელს აბიტურიენტებმა რამდენიმე საგანი უკეთ ჩააბარეს, ძირითადად უცხო ენები, მაგრამ რიგ საგნებში შედეგები უფრო გაუარესდა. აბიტურიენტებს განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარება უჭირთ, მათგან ყველაზე მეტად - ფიზიკის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკით დამთავრდა. 45 000-ზე მეტი აბიტურიენტიდან სწავლის გაგრძელების უფლება 34 800-ზე მეტმა, 77%-მა მოიპოვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2023 წლის გამოცდების შედეგების ჩამონათვალში ზოგადი უნარები (ქართულ ენაზე) საერთოდ არაა ნახსენები. ეს გამოცდა სავალდებულო უკვე აღარ არის და, როგორც ჩანს, დამატებით საგნად ან უნივერსიტეტებმა არ აირჩიეს, ან აბიტურიენტებმა.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა 39 074-მა ადამიანმა ჩააბარა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.44%-მა, შარშან ეს 2.62%-ს არ გამოუვიდა.

გაუმჯობესდა ინგლისურის, რუსულის, გერმანულის, სამოქალაქო განათლების გამოცდების მაჩვენებლები.

აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება ყველაზე მეტად ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკასა და ბიოლოგიაში გაუჭირდათ. ფიზიკაში მინიმალური ზღვრის გადალახვა აბიტურიენტთა 30.95%-მა ვერ შეძლო, ქიმიაში - 19.53%-მა, მათემატიკაში - 15.75%-მა და ბიოლოგიაში - 14.71%-მა.

ეროვნული გამოცდები, 2020 წელი.
ეროვნული გამოცდები, 2020 წელი.

ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ აბიტურიენტებზე სხვა ყველაფერთან ერთად კოვიდპანდემიამაც იმოქმედა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბავშვები ფაქტობრივად მხოლოდ დისტანციურად სწავლობდნენ.

წელს პროგრმა „4+1“-ის ფარგლებში ზოგადი უნარები ჩააბარეს ეთნიკურმა უმცირესობებმა. ეს პროგრამა მათ საშუალებას აძლევთ, ზოგადი უნარების გამოცდა მშობლიურ ენაზე გაიარონ, შემდეგ ერთი წელი ქართული ისწავლონ, მერე კი სპეციალობა აირჩიონ. წელს სომხურ ენაზე ზოგადი უნარების ჩაბარება 24.25-მა პროცენტმა ვერ შეძლო, აზერბაიჯანულ ენაზე - 35.6-მა პროცენტმა.

„საერთაშორისო შეფასებებით, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ტარდება, ჩანს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გვაქვს. ზოგადად სოფლების მოსწავლეებისთვისაც ძალიან ცუდი შედეგებია. სოფლებში ბავშვების მოსწრებაზე ბევრი რამ მოქმედებს, ჯერ სიდუხჭირე და ისიც, რომ სახლში წიგნები არა აქვთ. კვალიფიციური მასწავლებლებიც სოფლებში უფრო მნიშვნელოვანია. თუ ქალაქში რომელიმე მასწავლებელი არ ვარგა, მშობელი ბავშვს რეპეტიტორთან მოამზადებს, ან ბოლოს და ბოლოს სხვა სკოლაში გადაიყვანს, რეგიონებში ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ“, - ამბობს თამარ მოსიაშვილი.

რატომ ვერ სწავლობენ ფიზიკას?

ქეთევან სეფიაშვილი თბილისის მე-10 სკოლის ფიზიკის მასწავლებელია. ახლა ეს სკოლა 22-ე სკოლაშია შეკედლებული.

ქეთევანი ამბობს, რომ ბავშვობაში ორი სკოლა გამოიცვალა და ორივეში იმაზე უკეთესი ფიზიკის კაბინეტი ჰქონდა, ვიდრე ახლა, 30 წლის შემდეგ. რომ არა ის ლაბორატორიები და რადიოტექნიკოსი მამა, ფიზიკას არც გავყვებოდიო.

„არც ლაბორატორიებია, არც არაფერი. ბავშვებისთვის ხან სასწორი მიმაქვს ჩანთით და ხან ფინჯნები, რომ დიფუზიის პროცესი ვაჩვენო, ძალიან ვწვალობ. ლაბორატორია რომ ყოფილიყო, ელექტროობაში დავგეგმავდი ცდებს, კონდენსატორს გამოვაცდევინებდი, პარალელურ შეერთებას გავაკეთებინებდი... ფიზიკის მთელი სილამაზე ცდებია და კიდევ ის, რომ შედეგს ხედავ. ახლა ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. გაკვეთილის დროც შემცირებულია, ზოგან 35 წუთია, ამ დროში ვერ ვასწრებთ მასალის მიწოდებას.

ბავშვებსაც არა აქვთ განწყობა, ფიზიკა რაში გვჭირდებაო, ამბობენ, რადგან გამოცდაზე სავალდებულო საგანი არაა. ვისაც სამედიცინოზე უნდა ჩაბარება, იმათ მაინც ყოველთვის ვეუბნები, რომ ისწავლონ, აუცილებლად დასჭირდებათ. კლასში შეიძლება 3-4 მოსწავლე იყოს, ვისაც ფიზიკა მართლა აინტერესებს“, - ამბობს ქეთევან სეფიაშვილი.

ფიზიკის ფაკულტეტი, ინჟინერია, სამედიცინო ტექნოლოგიები, გეოდეზია - ეს ის დარგები და ფაკულტეტებია, სადაც სტუდენტს ფიზიკის ცოდნა დასჭირდება, მაგრამ:

„ფიზიკას სავალდებულო საგნად ძალიან ცოტა უნივერსიტეტი ითხოვს. ძირითადად დამატებით საგნად აბარებენ, ამიტომ თუ ჩაიჭრებიან, დიდად არც ნერვიულობენ“, - ამბობს ქეთევან სეფიაშვილი. 2019 წლიდან ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევისას, ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის შემთხვევაში აბიტურიენტი სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას მაინც ინარჩუნებს.

ქეთევან სეფიაშვილი ფიქრობს, რომ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ეროვნულ გამოცდებზე ფიზიკის ჩაბარება უჭირთ, სასკოლო პროგრამასა და საგამოცდო საკითხებს შორის არსებული სხვაობაა. გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საგამოცდო მასალა მთლიანად სკოლის პროგრამას ეყრდნობა, მაგრამ მასწავლებელი მაინც მიიჩნევს, რომ იმ სახის ამოცანებს, რომელიც გამოცდაზე ხვდებათ, მოსწავლეები შეჩვეულები არ არიან.

„გაოგნებულები არიან ხოლმე ბავშვები. მაგალითად, ძალიან უჭირთ დახურულკითხვებიანი ამოცანების ამოხსნა, ანუ როცა რამდენიმე პასუხია და ერთი უნდა შემოხაზო. მსგავსი ამოცანები სკოლაშიც რომ კეთდებოდეს, ასე არ გაუჭირდებოდათ და არც ამდენი ჩაჭრილი გვეყოლებოდა. იგივე ხდება მათემატიკაშიც“, - ამბობს ქეთევან სეფიაშვილი.

ერთიანი გამოცდების შედეგად, 2023 წელს დაფინანსდა 12 000 აბიტურიენტი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6540-ზე მეტმა აბიტურიენტმა, აქედან, 100%-იანი - 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1450-ზე მეტმა, 50%-იანი - 4080-ზე მეტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5500-ზე მეტი აბიტურიენტი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG