Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანკის სესხზე უარის თქმა შეიძლებაო და მართალია? - დიახ, აი, რა შემთხვევაში


სესხების დაბრუნების წესი გავრცელდება ყველა ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემულ სესხზე: კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებზეც კი (ფოტოკოლაჟი).
სესხების დაბრუნების წესი გავრცელდება ყველა ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემულ სესხზე: კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებზეც კი (ფოტოკოლაჟი).

მოქალაქეები სასესხო ხელშეკრულების გაუქმებას 14 დღის განმავლობაში შეძლებენ. ცვლილება პირველი ივლისიდან უნდა შევიდეს ძალაში.

პირველი ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებს უფლება ექნებათ, დისტანციურად თუ ფილიალში დადებული სასესხო ხელშეკრულება გააუქმონ.

ეს ცვლილება ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების გასაუმჯობესებლად მიიღო, სტანდარტების ამაღლებას ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებდა.

ამ სტატიაში ვხსნით - ვის, როდის და როგორ შეუძლია ბანკის სესხის უკან დაბრუნება.

რა ტიპის სესხის გაუქმება შეიძლება და რა ტიპის არა?

ნებისმიერის, იპოთეკური, ფინანსური გირავნობით ან წილებით უზრუნველყოფილი სესხების და ანაბრების გარდა.

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი ამბობს, რომ ცვლილება არ ეხება ანაბრებს, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ის განთავსებული დისტანციურად თუ ფილიალში მისვლით.

“ცვლილება არ შეეხება საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფილ სესხებს, მაგალითად, მობილურ ტელეფონებს რომ აბარებენ ხოლმე ე.წ ლომბარდებში. თუმცა ცვლილება გავრცელდება ავტომობილით ან ოქროთი უზრუნველყოფილ სესხებზე”, - ამბობს გზირიშვილი.

ლაშა გზირიშვილი
ლაშა გზირიშვილი

თქვენ შეკვეთილი საკრედიტო ბარათის აღების განაცხადის უკან წაღებაც შეგიძლიათ, თუ გადაიფიქრებთ.

სესხების დაბრუნების წესი გავრცელდება ყველა ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემულ სესხზე: კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებზეც კი.

თუ შეიძლება, თავიდან, სესხი ისე შემიძლია დავაბრუნო, რომ არც კი დავასაბუთო?

დიახ, ზუსტად ასეა.

სესხის აღებიდან 14 დღის [იგულისხმება კალენდარული დღე] ვადაში ბანკის კლიენტებს უარის თქმის უფლება ექნებათ როგორც დისტანციურად [მობაილ ან ინტერნეტბანკების მეშვეობით], ისე ადგილზე, ბანკის ფილიალში. სესხზე უარს დასაბუთება არ სჭირდება.

როგორ ვაბრუნებ სესხს - ნაბიჯ-ნაბიჯ რომ ამიხსნათ?

პირველი ნაბიჯი - თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ აღებული სესხი აღარ გჭირდებათ და უკან აბრუნებთ. გახსენებთ, ამისთვის 14 დღე გაქვთ, ეს მნიშვნელოვანია. ამ ვადის გასვლის შემდეგ რომც გადაიფიქროთ სესხის აღება, ხელშეკრულების გაუქმებას ვეღარ შეძლებთ.

მეორე ნაბიჯი - უარი სესხის აღებაზე განცხადებით უნდა შეატყობინოთ მსესხებელს.

მესამე ნაბიჯი - შეტყობინებიდან 30 დღე გექნებათ იმისათვის, რომ შესაძლო ხარჯები დაფაროთ. ხარჯების დაფარვის შემდეგ ხელშეკრულება გაუქმდება.

ეს პროცედურები ჯერ ბოლომდე არ არის დადგენილი, მაგრამ ცვლილების მომენტისთვის ესეც დაზუსტდება.

ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ამბობს, რომ ცვლილება ფინანსურ ორგანიზაციებთან გავლილია და დროც აქვთ იმისთვის, რომ ტექნიკურად მოემზადონ.

“ფინანსურ ორგანიზაციებს შესაძლოა გარკვეული ტექნიკური დეველოპმენტი დასჭირდეთ, რადგან ზოგიერთი საკითხები ინტერნეტ/მობაილ ბანკინგთან არის დაკავშირებული. ამას გარდა, როცა მომხმარებელი ისარგებლებს ამ უფლებით, პროცესები იქნება გასაწერი - როგორ იღებენ შეტყობინებას, შემდეგ როგორ იქცევიან, როგორ ანგარიშობენ და ა.შ. მათ გარკვეული პერიოდი ამისთვის მოსამზადებლად აქვთ”, - აცხადებს ლაშა გზირიშვილი.

მოიცა, რამე ხარჯი უნდა დავფარო?

გაწეული მომსახურების ხარჯი.

ასევე, უნდა დააბრუნოთ წაღებული თანხა. დასაფარი გექნებათ იმ დღეების პროცენტი, რამდენიც იქნება გასული ხელშეკრულების დადებიდან, ანუ სესხის აღების მომენტიდან.

არ იხდით წინსწრების დაფარვის საკომისიოს, ასევე სესხის გაცემის საკომისიოს, მაგრამ იმ დღეებში რა პერიოდშიც ძირითადი თანხით ისარგებლეთ, ამის პროცენტს გადაიხდით.

"მაგალითად, თვის პირველ რიცხვში თუ აიღეთ 7 ათასი ლარი და 14 რიცხვში გააკეთეთ განაცხადი, რომ ხელშეკრულებაზე უარს ამბობთ, თქვენ შეგიძლიათ მაშინვე დააბრუნოთ ძირი თანხა და 14 დღის პროცენტს გადაიხდით, ან 30 დღე გაქვთ ძირი თანხის მოსატანად და ამ პერიოდის პროცენტის გადასახდელად”, - ამბობს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.

სესხის ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს?

აქვს. ეროვნულმა ბანკმა ლიმიტი დააწესა. თუ თქვენი სესხი მილიონ ლარს აღემატება, ხელშეკრულებას ვერ გააუქმებთ.

მარტო მოქალაქეებს ეხებათ თუ შეიძლება ორგანიზაციებმაც დააბრუნონ სესხი?

ყველამ. როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირებმა.

კიდევ ერთხელ გამახსენეთ, რა, როდიდან გახდება შესაძლებელი სესხის დაბრუნება?

პირველი ივლისიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG