Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი თუ რამდენიმე? - რა უნდა ამომრჩეველს, სოციოლოგიური კვლევებით


საპარლამენტო ​​​​​​​არჩევნებამდე 4 თვეზე ნაკლები რჩება და ჯერ ისევ არ არის გამოკვეთილი საბოლოო სურათი, თუ რა კონფიგურაციით მიიღებენ მონაწილეობას ოპოზიციური პარტიები არჩევნებში - რამდენი ცენტრი ან ოპოზიციური ძალა დახვდება ამომრჩეველს ბიულეტენში.

ოპოზიციური ძალები არაერთგვაროვნად ხსნიან „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის მონაცემებს. ნაწილი ამბობს, რომ - სრულად გაერთიანების, ანუ ერთიანი სიის იდეამ გაიმარჯვა, ხოლო სხვები ამტკიცებენ, რომ ეს ასე არ არის.

კვლევის მონაცემები არ გასაჯაროებულა, მაგრამ მას რადიო თავისუფლება გაეცნო.

ერთზე მეტი ცენტრის შექმნას წაგების ფორმულად მიიჩნევს Edison Research-ის მთავარი მრჩეველი, ნინო ჯაფარიძე. გვეუბნება, რომ ბოლო კვლევებით - გამოკითხულთა უდიდეს ნაწილს არჩევნებზე ოპოზიციის ერთი ცენტრის ხილვა სურს.

ოპოზიციური პარტიების მიერ ბრიუსელში ხელმოწერილი დეკლარაციის თანახმად, კონფიგურაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ყველაზე გვიან 8 ივლისს უნდა გახდეს ცნობილი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაცხადა, რომ საარჩევნო კონფიგურაციის შესახებ ინფორმაციას ამ დღეს, პარტიის ყრილობაზე გამოაცხადებს.

ერთი ცენტრი თუ რამდენიმე?

საერთაშორისო სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის - Edison Research-ის მთავარი მრჩევლის, ნინო ჯაფარიძის შეფასებით, ოპოზიციური სპექტრის ნაწილს დღეს რეალობის სრულყოფილად აღქმა უჭირს და არ ითვალისწინებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთი ცენტრის შექმნის აუცილებლობას.

„მეტოქე [„ქართული ოცნება“] არის ძლიერი, რესურსებით მდიდარი, ინსტიტუციებით მდიდარი. როცა უკვე არსებულ პოზიციას იცავ, ყოველთვის უფრო ძლიერი ხარ... ამ კანონით კი [„აგენტების კანონი“] ჟანგბადს აცლიან ინსტიტუტებს, თავისუფლების ფესვებს ჩეხავენ და უფრო ძლიერდებიან“, - ნინო ჯაფარიძე გვეუბნება, რომ თუკი ოპოზიცია ერთი ცენტრით არ გავა არჩევნებზე, დასუსტდება და ხელისუფლების დამარცხება ძალიან გაუჭირდება.

საფრთხე იმდენად ხილულია მისთვის, რომ აშშ-დან ივნისის ბოლოს ჩამოსული, ჩაბმულია დისკუსიებში და საკუთარ ხედვას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც უხსნის.

ნინო ჯაფარიძე
ნინო ჯაფარიძე

საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად ნინო ჯაფარიძე იხსენებს რამდენიმე მონაცემს 16-26 აპრილს ჩატარებული კვლევიდან, რომელიც Edison Research-მა ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით მოამზადა:

  • ოპოზიციის ერთი კოალიციის შექმნის მომხრეა ყველა გამოკითხულის - 57% [ნოემბრის კვლევაში იყო 49%]; ხოლო ოპოზიციურად განწყობილთა - 61% [ნოემბერში იყო 51%];
  • ოპოზიციური პარტიების რამდენიმე გაერთიანების მომხრე კი - 43%.
  • გამოკითხულთა 70%-ს სურს, რომ მომავალი მთავრობა შექმნას ოპოზიციამ; მაგრამ შეკითხვაზე - ვინ შექმნის მთავრობას? - 43% პასუხობს, რომ მთავრობას შექმნის „ოცნება“ დამოუკიდებლად.
  • დამატებით 23% ამბობს, რომ მთავრობას შექმნის „ოცნება“ სხვა რომელიმე პარტიასთან ერთად.

ნინო ჯაფარიძეს ეეჭვება, რომ ეს მაჩვენებლები მკაფიოდ შეცვლილიყო აპრილის შემდეგ.

სოციოლოგიის მკვლევარი არ იზიარებს შიშს, რომ ერთ ჯგუფად გაერთიანების შემთხვევაში, ხელისუფლება კვლავ ორპოლუსიანობის სქემით ისარგებლებს და ოპოზიცია ამომრჩევლებს დაკარგავს. მიაჩნია, რომ ამომრჩევლების დარწმუნების შემთხვევაში ოპოზიციის ერთიანი ცენტრი ძლიერი იქნება.

მისი აზრით, რა კონფიგურაციაც არ უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, მას „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიისას მაინც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად“ მონათლავს და ამომრჩეველს „სისხლიან 9 წელიწადს“ გაახსენებს.

ერთ კოალიციად გაერთიანებას ოპოზიციური პარტიებიდან - „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ უჭერდნენ მხარს.

„ლელო“, „ახალი“, „ევროპული საქართველო“ „გახარია საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“, „ხალხისთვის“ - რამდენიმე ცენტრის შექმნის იდეას ემხრობიან.

დისკუსიები თვეებია მიმდინარეობს და თანდათან სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ერთიანი ცენტრის ჩამოყალიბების, ანუ არჩევნებზე საერთო სიით გასვლის იდეა ვერ იმარჯვებს.

ამ შესაძლებლობას არაერთმა პარტიამ უკვე წერტილიც დაუსვა. ამ ეტაპზე ლაპარაკია ოპოზიციის რიგებში სამი გაერთიანების შექმნაზე.

ერთი ცენტრის იდეის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ მათი პოზიციის სისწორე „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამაც დაადასტურა. მაგრამ იმავეს ამბობენ - ერთიანი ცენტრის შექმნის მომხრე პარტიებიც და ამავე აზრისაა ნინო ჯაფარიძეც. ის ამბობს, რომ მოიპოვა და გაეცნო ISSA-ის კვლევის მასალებს, მათ შორის - დაუმუშავებელ მონაცემებს და იქ ჩანს, რომ - ერთი კოალიციის შექმნის იდეა მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობს.

„რასაც ჩვენი კვლევა უჩვენებდა [Edison Research-ის], ზუსტად ის არის. არ შეცვლილა საერთო სურათი - პროცენტულად ამომრჩევლების რაოდენობა, რომელსაც უნდა [ერთი ცენტრი], არის ბევრად უფრო დიდი“, - ნინო ჯაფარიძე ამბობს, რომ ასეთ დასკვნამდე მივიდა ოპოზიციურად განწყობილი, გადაუწყვეტელი და ასევე „ოცნების“ მერყევი ამომრჩევლების მონაცემთა სეგმენტაციითა და დაჯამებით.

ISSA-ს კვლევის შედეგები, პარტიების წინასწარი შეთანხმებით, არ გასაჯაროებულა. რადიო თავისუფლებამ კვლევა რამდენიმე წყაროს დახმარებით მოიპოვა.

რა მონაცემებია ISSA-ის კვლევაში?

პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების 80%-ზე მეტი ოპოზიციური ძალების რაღაც ტიპის გაერთიანებას ემხრობა. ამავე პოზიციაზეა გადაუწყვეტელი/ნიჰილისტი ამომრჩევლის თითქმის 50%.

რომელი კონფიგურაციაა ყველაზე ეფექტური გზა ოპოზიციური პარტიებისთვის, რათა არჩევნებში მოიპოვონ გამარჯვება? ამ შეკითხვაზე ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების ჯგუფში:

  • 42.2% - ჩამოყალიბდეს საერთო ოპოზიციური ჯგუფი, ანუ ერთი ცენტრი;
  • 40.5% - სხვადასხვანაირ გამსხვილება/კომბინაციას;
  • ყველა ოპოზიციური პარტიის განცალკევებით დარჩენას - 9.4% უჭერს მხარს.

ამავე შეკითხვის შემდეგ ჩამოთვლილია გაერთიანების სხვადასხვა კონფიგურაცია.

გამოკითხულთა თითქმის 18% მხარს უჭერს იდეას, რომ - „პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა ჩამოაყალიბონ რამდენიმე ოპოზიციური ჯგუფი/გაერთიანება“.

კვლევაში წერია, რომ ვერც ერთი კომბინაცია, თვით პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების ჯგუფშიც კი, ვერ აგროვებს უმრავლესობას.

შერჩევის ცდომილებად მითითებულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.

შემდეგ გამოკითხულებს 6 პირობით ბიულეტენს სთავაზობენ. რესპონდენტებს შეუძლიათ ხმა მიცენ როგორც ოპოზიციური პარტიების ერთი ცენტრს, ასევე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებათა სხვადასხვა კონფიგურაციას [სხვადასხვა ბიულეტენში სხვადასხვანაირად].

„ცალკეულ შეთავაზებებზე [პირობითი ბიულეტენები] რომ გადავედით, ერთიანმა სიამ 39% პროცენტი მოაგროვა. ეს მაჩვენებელი მთელი მოსახლეობის არის [ყველა გამოკითხულის]. ჩვენ ხომ ის გვაინტერესებს - როგორ გადანაწილდება ძალები ოპოზიციური პარტიების თითოეული გაერთიანების შემთხვევაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი.

იაგო კაჭკაჭიშვილი
იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგის განმარტებით, ცალკე აქვთ დათვლილი და ოპოზიციურ ამომრჩევლებში საერთო სიის [ერთი ცენტრის] შექმნა აგროვებს 79%-ს, მაგრამ ასევე მაღალი მაჩვენებლებია სხვა ვარიანტების შემთხვევაშიც და მაგალითად, „საქართველოს პრეზიდენტი ასახელებს 10 არაპოლიტიკოსს და შემდეგ მოდიან პოლიტიკოსები“.

„ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები შესაძლოა ცალკეულ ბიულეტენებში ერთზე მეტ ვარიანტს ემხრობოდნენ და მხარს უჭერდნენ ოპოზიციური პარტიების სხვადასხვა გადაჯგუფებას... მაგრამ თითოეული გაერთიანების რეიტინგი რომ ითვლება მთელ მოსახლეობაში, ვერცერთი ეს გაერთიანება ვერ აგროვებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობას, 50%-ს პლუს ერთი“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი რადიო თავისუფლებასთან.

სოციოლოგი მცდარს უწოდებს მოსაზრებას, რომ ერთიანი სიის იდეა გამორჩეულად ლიდერობს. გვეუბნება, რომ „ნებისმიერი გაერთიანება არის მომგებიანი“ და „არ იკარგება ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ხმები“.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ „გაერთიანებებს არ მოაქვთ იმაზე ნაკლები ხმა, ვიდრე ცალკე აღებული ამ პარტიების ჯამია“.

ზოგიერთი სხვა მიგნება ISSA-ს კვლევიდან

კვლევის თანახმად:

  • პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ჯამში აგროვებენ „ქართულ ოცნებაზე“ მეტ ხმას.
  • გაერთიანების მოსურნე არცერთი პროდასავლური ოპოზიციური პარტია არ რჩება ბარიერს მიღმა.
  • ოპოზიციის გამოწვევად რჩება - ამომრჩევლების მოტივაცია და მიყვანა არჩევნებზე.
  • გამოკითხულთა 57% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება; ხოლო სწორი მიმართულებით ქვეყნის განვითარებაზე მიუთითებს 37.9%.
  • თითქმის 57% ფიქრობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას ემხრობა თითქმის 31%.
  • ხელისუფლების ცვლილებას ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა აქვს დედაქალაქში - 67%-ზე მეტი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG