Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დაგხვდება საარჩევნო უბანზე - წამოგვყევი ნაბიჯ-ნაბიჯ


2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 3111 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათგან 67 საზღვარგარეთ
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 3111 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათგან 67 საზღვარგარეთ

საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, 25 ოქტომბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნების მოწყობა დაიწყო. რადიო თავისუფლებამ დაათვალიერა და გადაიღო ის სივრცეები, სადაც 26 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან ამომრჩეველი მივა და საკუთარ ხმას დააფიქსირებს.

მოდი, ვნახოთ, რა დაგხვდება საარჩევნო უბანზე მისულებს და რა საფეხურების გავლა მოგიწევთ, სანამ თქვენი ხმა, ანუ ბიულეტენი საარჩევნო ურნაში აღმოჩნდება.

ამ საფეხურებს თბილისის პირველ გიმნაზიაში გახსნილი მეშვიდე საარჩევნო უბნის მაგალითზე აგიხსნი. იქ უბნის მოწყობა 25 ოქტომბერს, დილიდანვე დაიწყო და შუადღის 2 საათისთვის, ფაქტობრივად, ყველაფერი მზად იყო საარჩევნო უბნის გასახსნელად.

საარჩევნო უბანზე ბოლო სამუშაოები სრულდება
საარჩევნო უბანზე ბოლო სამუშაოები სრულდება

მართალია, ახლა მეშვიდე საარჩევნო უბანზე ვართ, მაგრამ ჩათვალე, რომ შენს უბანზე მისულს, სწორედ იმ ნაბიჯებისა და პროცედურების გავლა მოგიწევს, რასაც ახლა ამ ფოტოებსა და მათ მინაწერებზე ნახავ და ამოიკითხავ.

#7 საარჩევნო უბანი
#7 საარჩევნო უბანი

საარჩევნო უბნის შესასვლელში დაგხვდება რიგის მომწესრიგებელი, რომელიც შეამოწმებს შენს თითებს - ხომ არ გაქვს უკვე გავლილი მარკირება, ანუ ხომ არ დააფიქსირე შენი არჩევანი ამ, ან სხვა უბანზე.

საარჩევნო უბნის შესასვლელი
საარჩევნო უბნის შესასვლელი

ამის შემდეგ გადადიხარ რეგისტრატორთან. თუკი აქამდე, საარჩევნო უბანზე მისული, რეგისტრაციას გადიოდი ანბანის მიხედვით, შენი გვარის შესაბამისად, კონკრეტულ რეგისტრატორთან, ახლა, აი ამ ვერიფიკაციის აპარატის საშუალებით, ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეგიძლია მიხვიდე. წარუდგენ რეგისტრატორს პირადობის მოწმობას, რომელსაც ის ვერიფიკაციის აპარატში გაატარებს, აპარატიდან ამოიბეჭდება ქვითარი, რომელსაც მოაწერ ხელს და შემდეგ ეს ქვითარი, ფოტოზე მითითებულ მწვანესახურავიან, დალუქულ, გაუმჭვირვალე ყუთში უნდა ჩააგდო.

ვერიფიკაციის აპარატი და ყუთი, სადაც შენი ხელმოწერილი ქვითარი ჩავარდება
ვერიფიკაციის აპარატი და ყუთი, სადაც შენი ხელმოწერილი ქვითარი ჩავარდება

ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, რეგისტრატორი გაწვდის ბიულეტენს ჩარჩო კონვერტთან ერთად და გთავაზობს გააფერადო საცდელი რგოლი ზუსტად ისე, როგორც ამას შემდეგ უკვე კენჭისყრის კაბინაში გააკეთებ.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მისულ საარჩევნო უბანზე, ცხადია, ბიულეტენები არ დაგვხვედრია. საპარლამენტო არჩევნებისთვის დაბეჭდილი ბიულეტენები დალუქულია და დაცულ სივრცეშია შენახული საარჩევნო დღემდე.

მას შემდეგ, რაც რეგისტრატორი გადმოგცემს ბიულეტენს, ინაცვლებ კენჭისყრის კაბინაში.

კენჭისყრის კაბინები
კენჭისყრის კაბინები

წელს, ისევე როგორც 2021 წელს, ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე რემოდელირებული კენჭისყრის კაბინა დახვდება. კაბინებზე აღარ არის ე.წ. ფარდები, როგორც ეს 2021 წლამდე ჩატარებულ არჩევნებზე იყო ხოლმე. კაბინა სრულად იცავს ხმის ფარულობის პრინციპს, ანუ, ვერავინ დაინახავს, ბიულეტენზე რომელი საარჩევნო სუბიექტი გააფერადე.

თუმცა, გახსოვდეს, რომ კომისიის წევრებისა და დამკვირვებლებისთვის, ადვილად შესამჩნევი იქნება, თუკი მაგალითად, ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღებას გადაწყვეტ. საარჩევნო კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია. ამის ამსახველი ნიშნები კენჭისყრის კაბინაშიც დაგხვდება.

კენჭისყრის კაბინა, სადაც მითითებულია, რომ ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია
კენჭისყრის კაბინა, სადაც მითითებულია, რომ ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია

მას შემდეგ, რაც ბიულეტენზე შენთვის სასურველი კანდიდატის გასწვრივ არსებულ წრეს გააფერადებ, გამოდიხარ კაბინიდან და მიდიხარ აი ამ ხმის მთვლელ ელექტრონულ აპარატთან. სწორედ ამ აპარატში უნდა მოათავსო შენი ბიულეტენი და დაელოდო, როდის დაეწერება ეკრანზე, რომ შენი ხმა მიღებულია.

ხმის მთვლელი აპარატი
ხმის მთვლელი აპარატი

ეს ხმის მთვლელი აპარატი არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან. ეს აპარატი არ იმახსოვრებს ცალკეული ბიულეტენის მასში მოთავსების დროს. აპარატის გამოყენებისას შენი ხმის ფარულობა სრულად დაცულია. ბიულეტენი ჩავარდება აი, ამ თეთრ ურნაში, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავ და რომელზეც ხმის მთვლელი აპარატი დგას.

ხმის მთვლელი აპარატები და თეთრი ურები, სადაც ბიულეტენები ჩაცვივდება
ხმის მთვლელი აპარატები და თეთრი ურები, სადაც ბიულეტენები ჩაცვივდება

სწორედ ამ საფეხურზე მთავრდება შენი არჩევნებში მონაწილეობის პროცედურა და თამამად შეგიძლია დატოვო საარჩევნო უბანი.

საარჩევნო სია, სადაც თუ სურვილი გექნება, შეგიძლია გადაამოწმო საკუთარი თავი
საარჩევნო სია, სადაც თუ სურვილი გექნება, შეგიძლია გადაამოწმო საკუთარი თავი

წელს საქართველოში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. 150 მანდატი პროპორციულად გადანაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს.

ამ არჩევნებისთვის დარეგისტრირებულია 3 508 294 ამომრჩეველი და გახსნილია 3111 საარჩევნო უბანი, მათგან 67 საზღვარგარეთ. ელექტრონული წესით ამომრჩეველი ხმას 2263 უბანზე მისცემს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG