გორის ცენტრში საპროტესტო აქცია 5 ნოემბერს, საღამოს 8 საათის შემდეგ დაიწყო. 25 ოქტომბერს მოკლული გოგონას ოჯახის წევრები და ნათესავები ათეულობით ადამიანის თანდასწრებით მკვლელობაში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვდნენ.
გოგონას მამა მიხეილ ბერიაშვილი აქციაზე ადვოკატთან ერთად შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოკითხვის დასრულებისთანავე მივიდა. პოლიციაში ადვოკატს საქმის მასალები გააცნეს, მათ შორის გიორგი გელხაურმა ნახა ვიდეომასალა, რომელიც ბავშვის მიმართ ძალადობას და გარყვნილ ქმედებას ასახავდა.
მესმის, რომ ადამიანებს აქვთ სურვილი დაისაჯოს ბრალდებული. მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. ამ აქციაზე ვნახეთ ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც ისმენდნენ, როგორ ითხოვდნენ მათი ახლობლების და ოჯახის წევრები ადამიანის ქალაქის ცენტრში დაწვას...გვანცა დოლუაშვილი
ოჯახის აღშფოთებული წევრები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და მკვლელობაში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლება მოითხოვეს. აქციას, რომელსაც გორელებიც შეუერთდნენ, მედიის ნაწილი პირდაპირ ეთერში აშუქებდა. რადიკალური და ძალადობრივი მოწოდებები, პირდაპირი ეთერის ქვეშ, სოციალური ქსელების კომენტარებშიც გაჩნდა.
„როცა მაღალია ემოცია, მუხტი, შეიძლება ისეთი რაღაც მოხდეს, რასაც ჟურნალისტი პირდაპირი ეთერის გარეშე არ გაუშვებდა. ჩემი აზრით, ასეთ დროს ჟურნალისტები პირდაპირ ეთერს უნდა მოერიდონ. როცა აქცია კონკრეტული ამბის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ აწვდის აუდიტორიას და მხოლოდ ემოციების გადმოცემას ემსახურება, რედაქციებმა გაშუქების გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღონ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს“ თავმჯდომარემ გიორგი მგელაძემ.
არამხოლოდ ჟურნალისტების, არამედ საზოგადოების მეტ პასუხისმგებლობაზე საუბრობს ჟურნალისტი და უფლებადამცველი გვანცა დოლუაშვილიც.
„მესმის, რომ ადამიანებს აქვთ სურვილი დაისაჯოს ბრალდებული. მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. ამ აქციაზე ვნახეთ ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც ისმენდნენ, როგორ ითხოვდნენ მათი ახლობლების და ოჯახის წევრები ადამიანის ქალაქის ცენტრში დაწვას", - უთხრა რადიო თავისუფლებას გვანცა დოლუაშვილმა.
თუ მოქალაქემ არ გააცნობიერა, რომ არსებობს კანონი, რომელიც არის უზენაესი და ყველამ უნდა დავიცვათ იგი - დიდი პრობლემაა, მოქალაქეობრივი პრობლემაა. სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის პრობლემაა...ნინო ბალოიანი
5 ნოემბრის აქციაზე გორელების ნაწილი შვილებთან ერთად იყო მისული. ბავშვები უფროსების თანდასწრებით ისმენდნენ მკვლელობაში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლების მოწოდებებს. ფსიქოლოგი ნინო ბალოიანი მიიჩნევს, რომ ასეთი შემთხვევები შეიძლება გამოუსწორებელი შედეგების მიზეზი გახდეს და მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ფაქტობრივად ჩვენ ამით ბავშვს ვასწავლით, რომ ძალადობრივად უნდა მოგვარდეს სიტუაცია. ეს საშინელებაა. თუ მოქალაქემ არ გააცნობიერა, რომ არსებობს კანონი, რომელიც არის უზენაესი და ყველამ უნდა დავიცვათ იგი - დიდი პრობლემაა, მოქალაქეობრივი პრობლემაა. სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის პრობლემაა". - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ბალოიანმა.
მოკლული გოგონას ნათესავებს გამოძიების მიმართ პრეტენზიები არ აქვთ. ოჯახი პირველივე დღიდან თანამშრომლობს სამართალდამცავებთან და მათ კომპეტენციას, საქმის მასალებს და მტკიცებულებებს, აქამდე ჩატარებულ სამუშაოებს ეჭვის ქვეშ არ აყენებენ.
8 წლის გოგონა გორში 25 ოქტომბერს შუადღით დაიკარგა. რამდენიმე საათის შემდეგ ბავშვის ცხედარი მდინარე ლიახვის სანაპიროზე იპოვეს და მალევე დააკავეს ორჯერ ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და წინასწარი შეცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.