ლევან აკინის ფილმის ბილეთებზე აღნიშნულია , რომ სეანსებზე მოქმედებს R Rating შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ 17 წლამდე ბავშვები კინოჩვენებას უნდა დაესწრონ მშობლის ან მეურვის თანხლებით. ფილმი შეიცავს ზრდასრულთათვის განკუთვნილ კონტენტს და რეკომენდირებულია, რომ მშობლებმა სანამ ჩვენებაზე წაიყვანენ ბავშვებს წინასწარ მეტი გაიგონ ფილმის შინაარსის შესახებ.
R შეზღუდვის გარდა ფილმებზე ვრცელდება კიდევ 4 სხვა ნიშნულით აღნიშვნა:
- G - ფილმი განკუთვნილია ყველა ასაკის მაყურებლისთვის.
- PG - ფილმი შესაძლოა შეიცავდეს ბავშვებისთვის შეუფერებელ კონტენტს.
- PG - 13 - ფილმი განკუთვნილია 13 წელს ზემოთ ბავშვებისთვის.
- NC - 17 - ფილმი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრულთათვის.
ფილმის პრემიერის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაინტერესდება ფილმის შიინაარსით. ეს გადაწყვეტილება მოყვა ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ქართული ოფისის დირექტორის და ყოფილი პარლამენტარის, დიმიტრი ლორთქიფანიძის საჯარო განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ფილმზე დასწრება შეუძლიათ "როგორც მცირეწლოვნებს, ისე არასრულწლოვნებს, მშობლის ან მოზრდილი ადამიანის თანდასწრებით", რაც სიმართლეს არ შეესაბამება ფილმის თანხმლები R შეზღუდვის გამო, რაც 16+ ასაკის მაყურებელს გულისხმობს.
დიმიტრი ლორთქიფანიძეს ლევან აკინის ფილმის ნახვა 16+ ასაკის პირებისთვის, თუნდაც მშობლების თანხმობით დაუშვებლად მიაჩნია და შსს სამინისტროსგან ითხოვს “ფილმში პორნოგრაფიული შინაარსის” შესწავლას და ასაკობრივი შეზღუდვის არარსებობის გამოძიებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიმიტრი ლორთქიფანიძის მიმართვის პასუხად იმავე დღეს თქვა, რომ „მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“ თუმცა, რთული სათქმელია რას დაადგენს შესწავლა, მაშინ, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს პორნოგრაფიის ცნებას.
2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მოუწია მსჯელობა იმაზე, როგორ შეიძლება დაისაჯოს ადამიანი პორნოგრაფიის გავრცელებისთვის, მაშინ, როდესაც კანონში პორნოგრაფია განმარტებული არ არის.
ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამ დღეს, 8, 9 და 10 ოქტომბერს გაიმართება. ფილმის ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებს სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.
ლევან აკინის ფილმის “and then we danced” პრემიერა კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი შვედეთის სახელით ნომინირებულია ოსკარზე. გამოსვლიდან რამდენიმე თვეში მან არაერთ კინოფესტივალზე მიიღო მნიშვნელოვანი ჯილდო.
ფილმის ქართულ ეკრანებზე გამოსვლამდე რადიო თავისუფლებამ მთავარი როლის შემსრულებლებს ჰკითხა, თუ რაზეა ფილმი.