Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში 49 ოპოზიციონერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებენ - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 იანვარს


ვინ უჭერს მხარს და ვინ არა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას?

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი დღეს განაგრძობს განხილვას ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. პარლამენტს სულ უფრო ცოტა დრო რჩება ამ საკითხისთვის მხარის დასაჭერად ან არდასაჭერად.

გუშინ საპროცედურო საკითხების კომიტეტმა “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებები განიხილა. ორივე ოპოზიციონერმა პარლამენტს დაუდასტურა თანხმობა უფლებამოსილების გაუქმებაზე. დღეს კი დანარჩენი 49 დეპუტატის საკითხი უნდა განიხილონ.

უკვე ცნობილია, რომ პარლამენტში ყველა არაა თანახმა მანდატები შეუჩერდეს ოპოზიციას. მაგალითად „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასულმა დეპუტატმა ახლა უკვე „ევროპული სოციალისტებიდან“ დავით ზილფიმიანმა თქვა, რომ კოლეგებს მოსაფიქრებლად დამატებითი ვადა უნდა მისცეს პარლამენტმა, რათა დაფიქრდნენ მართლა სურთ თუ არა მანდატების შეწყვეტა.

წაიკითხე მეტი.

COVID ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილება და ვაქცინის პერსპექტივები

27 იანვარს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში რომელიც კორონავირუს SARS-CoV-2-ით გამოწვეული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში სახელმწიფოს პასუხისმგებლობას განსაზღვრავს.

კანონპროექტის თანახმად, „პროფილაქტიკური აცრისათვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანისას, როდესაც ფარმაცევტულ პროდუქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მინიჭებული აქვს გამოყენების ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო“.

კიდევ რას ითვალისწინებს ცვლილებები, ვრცლად წაიკითხე აქ.

ქვეყანა კი ისევ ელის ვაქცინის პირველ პარტიას. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლებელია საქართველომ ვაქცინა ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნისგან მიიღოს. საუბარია მალტაზე, რომელსაც ვაქცინის ზედმეტი, მილიონი დოზა აქვს. ამის თაობაზე განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით მალტა ჭარბი ვაქცინის გადაცემას უფრო ღარიბი ქვეყნებისთვის აპირებს. სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა დაეწყო მოლაპარაკებები მალტის რესპუბლიკასთან.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადების შემდეგ გაავრცელა მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის კოტე სურგულაძის განმარტება.

როგორც დიპლომატი აღნიშნავს, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან და ამ საკითხზე სხვა წყაროებიდან გავრცელებული ცნობები არ არის სანდო.

წაიკითხე მეტი.

დღეს კარტოგრაფების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. ილიჩოვასა და მელაშვილის ადვოკატები აპირებენ, რომ მოითხოვონ დაკავებულების გათავისუფლება, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობა.

დღევანდელი პროცესი აქციის ფონზე ჩაივლის. საქალაქო სასამართლოსთან ბრალდებულების მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

გასულ კვირაში, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავებიდან მეოთხე თვეს პროკურატურამ გაავრცელა ფარული ჩანაწერები. უწყებამ ნაწილი მანამ გაასაჯაროვა მედიასთან, სანამ მათ ბრალდებულების ადვოკატებს გადასცემდა. პროკურატურის მიერ გასაჯაროებული 15 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი ივერი მელაშვილის მონაწილეობით მის სამუშაო ოთახში, საგარეო საქმეთა სამინისტროშია გადაღებული და მასა და კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის, მალხაზ მიქელაძის დანაწევრებულ საუბარს წარმოადგენს. პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა 20 წამიანი ჩანაწერი, სადაც ნატალია ილიჩოვა არაიდენტიფიცირებულ კაცს ელაპარაკება პირად კომპიუტერში დაცულ ინფორმაციაზე.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

პუტინს ბაიდენი უკრაინაზე ესაუბრა - სად არის საქართველო?

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან პირველი სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ილაპარაკა უკრაინაზე. ბაიდენს უფრო ფართოდ არ უხსენებია რუსეთის სამეზობლო, და კერძოდ - საქართველო, რომლის ტერიტორიული მთლიანობაც, უკრაინის მსგავსად, რუსეთის მიერ არის დარღვეული. ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული დიდი იმედების ფონზე, ეს ფაქტი საქართველოში აღიქვეს უსიამოვნო სიგნალად, რომელსაც თბილისის მაქსიმალური გააქტიურება უნდა მოჰყვეს.

თეთრი სახლის თანახმად, ბაიდენმა პუტინს „ნათლად განუმარტა“, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს საკუთარი ინტერესების დასაცავად რუსეთის იმ ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც ზიანს გვაყენებს ჩვენ (აშშ) ან ჩვენს მოკავშირეებს“.

რატომ უკრაინა და არა საქართველო? რამ განაპირობა საქართველოს თანდათანობითი გაქრობა რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული მთავარი პრობლემების ჩამონათვალიდან? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

დღიურები უჰანიდან - ნინისთან ინტერვიუ ერთი წლის შემდეგ

შარშან ამ დროს, იანვრის მიწურულს, 30 წლის ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში, აღმოჩნდა. 2020 წლის 23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია - ქალაქში აღარ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია, ხალხს სახლიდან გასვლა ეკრძალება. საკუთარი მოქალაქეები უჰანიდან სასწრაფოდ გაჰყავთ სხვადასხვა ქვეყნებს. ნინი უარს ამბობს საქართველოში ჩამოსვლაზე და ჩინეთში რჩება.

რადიო თავისუფლების მკითხველისთვის ნინი თითქმის თვე-ნახევარი აღწერდა, როგორ უმკლავდებოდა მარტოობას იზოლაციაში, როგორ იცავდა უსაფრთხოების ზომებს, როდესაც ქუჩაში საყიდლებზე გადიოდა; ჰყვებოდა, როგორია ცხოვრება პანდემიის დროს.

მან ბოლო წერილი უჰანიდან კარანტინის გამოცხადებიდან 49-ე დღეს გამოგზავნა. ეს ის დროა, როდესაც პანდემიის ტალღამ საქართველომდეც ჩამოაღწია და ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა.

ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ, როცა საქართველოში უკვე ყველამ გამოსცადა ის, რასაც ნინი აღწერდა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ანასტასია სლოვინსკაია ნინი დავლიანიძეს მისი გადაწყვეტილების სისწორესა და ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე ესაუბრა.

წაიკითხე მეტი.

27 იანვარს აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. ჰოლოკოსტის დროს დახოცეს 6 მილიონზე მეტი ადამიანი. მათი უდიდესი უმრავლესობა ებრაელები იყვნენ. "ჩვენი ერის ნახევარი ექვს წელიწადში უბრალოდ გაქრა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში.

რადიო თავისუფლების ექსკლუზიური ინტერვიუ ისრაელის ელჩ რან გიდორთან.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG