Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრას ციხეში დაგეგმილი მუსიკალური ფესტივალი ქობულეთის ფიჭვნარში გადაიტანეს


2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 10 აგვისტოს, პეტრას ციხეში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფეტივალი სასულიერო პირებისა და მოსახლეობის მოთხოვნის გამო ადგილს შეიცვლიდა. 160 ადამიანის ხელმოწერის თანხლებით ქობულეთის მერიაში შესულ განცხადებაში წერია, მათი თხოვნაა, "არ დაუშვან "კაზანტიპის მსგავსი" ღონისძიება ისტორიულ ნაგებობაში."

ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი დეკანოიძე ამბობს, რომ ქობულეთის მერიასთან მოლაპარაკებების შედეგად მათ ახალი ადგილი აარჩიეს, რომელიც მეტ-ნაკლებად შეესაბამება ფესტივალის მოთხოვნებს და დიდად არ არის დაშორებული პეტრას ციხესთან - რათა მათ, ვისაც უკვე შეძენილი აქვთ ფესტივალის ბილეთები, რადიკალურად სხვა ადგილას არ მოუწიოთ წასვლა. ფიჭვნარი ქობულეთის სანაპიროზე ფესტივალში მონაწილეობის მსურველთათვის მიუღებელი აღმოჩნდა და ისინი, ვისაც პეტრას ციხეში სურდა გართობა, ბილეთებს უკან აბრუნებენ. ფესტივალის გუნდმა ამ ეტაპზე ზუსტად არ იცის, რა ოდენობის იქნება ზარალი, რაც მათ ადგილის ცვლილების გამო მიადგებათ, თუმცა უკვე იციან, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ფესტივალის სპეციფიკა.

"ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ გასართობი ღონისძიება, მას ქონდა სარეკლამო დატვირთაც, უნდა გადაგვეღო ვიდეო რგოლები, რომელსაც პეტრას ციხის და აჭარის რეკლამისთვის გამოვიყენებდით. ფიჭვნარში ამის გაკეთება აზრს კარგავს. გარდა ამისა, გვქონდა ინსტალაციები და პერფორმანსები, რომელიც საკუთრივ ისტორიული ციხესიმაგრის სპეციფიკას ითვალისწინებდა. უნდა აგვენთო ჩირაღდნები, ჯაჭვის პერანგში გამოწყობილი პერფორმერები მოაწყობდნენ შოუს - ეს ფიჭვნარში აღარ გამოგვივა. დარჩება მხოლოდ გასართობი ღონისძიება" - ამბობს გიორგი დეკანოიძე.

გიორგი დეკანოიძე იმასაც ამბობს, რომ 160 კაციან ხელისმომწერთა სიაში ნაწილი აჭარაში არ ცხოვრობს და საეჭვოა, რომ მათ რეალურად რაიმე საწინააღმდეგო ჰქონოდათ ფესტივალის ჩატარების. მისი აზრით, ეს ადამიანები სასულიერო პირებმა ფარად გამოიყენეს.

"ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩვენ გვქონდა შეხვედრები, უხაროდათ, რომ ბინებს გააქირავებდნენ, ივაჭრებდნენ, ფესტივალზე დასაქმდებოდნენ, ხელოსნები გვჭირდებოდა და მათ გამოყენებას ვაპირებდით."

ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე, რომელიც უკმაყოფილო მოსახლეობის წერილის ადრესატია, ამბობს, რომ ფესტივალის ცვლილება არ არა მხოლოდ ამ მოქალაქეების უკმაყოფილებამ, არამედ უსაფრთხოების ზომების დაცვის სირთულემაც გამოიწვია.

კითხვაზე, თუკი ადგილის ცვლილება უსაფრთხოებას უკავშირდება, რატომ გაიცა ნებართვა ისტორიულ ძეგლში მუსიკალური ღონისძიების ჩატარებაზე და რატომ არ განიხილა სხვა ადგილი თავიდანვე ალტერნატივად, ქობულეთის მერი ამბობს, რომ ნებართვის გამცემი ორგანო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოა და ფესტივალს ადგილის ცვლილებით დიდი ზიანი არ ადგება. გადაწყვეტილება ადგილის ცვლილების შესახებ კი თავად ორგანიზატორებმა მიიღეს.

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში ამბობენ, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვა ფიჭვნარშიც არ არის ადვილი და თუკი პეტრას ციხეში ბუნებრივი ბარიერები იყო, აქ ღობეები გასაკეთებელი იქნება და ამაში მერიის დახმარების იმედი აქვთ.

პეტრას ციხის რეაბილიტაციის პროექტი 2015 წელს დაიწყო და რამდენიმე ასეული ათასი ლარი დაჯდა. ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი 2019 წელს 1 მილიონ 750 ათასიანი ტენდერი მესამედ, წინა ორი ტენდერის ჩაშლის გამო გამოაცხადეს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო პეტრას ციხეზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. მათ შორის: ადმინისტრაციული შენობა, არქეოლოგიური მუზეუმი, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო და ზღვის მხარეს მინის მოაჯირი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში თვლიან, რომ ძეგლების რეაბილიტაცია რეაბილიტაციისთვის არასწორი მიდგომაა და თითოეულ კულტურულ ძეგლს უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი ფუნქციაც იმისათვის, რომ ის ცოცხალი და მიმზიდველი იყოს.

პეტრას ციხეზე დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ერთადერთი ღონისძიება არ არის, რომელსაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფები ან სასულიერო პირები ძირითადად ფასეულობების დაცვის მოტივით ეწინააღმდეგებიან. 2019 წლის ივნისში დაარბიეს ასევე მუსიკალური ფესტივალი ყაზბეგში, 2013 წელს ადგილის შეცვლა დაჭირდა ასურეთში დაგეგმილ ფესტივალს "მისტერიკა."

XS
SM
MD
LG