Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზი, სტამბოლი - შეხვედრები და განცხადებები პომპეოს თბილისში ვიზიტამდე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში დაახლოებით 19:00 საათზე თურქეთიდან ჩამოვა. თურქეთამდე ის საფრანგეთს სტუმრობდა. 7 ქვეყანაში დაგეგმილი 10-დღიანი ტურნეს ფარგლებში საქართველოში ის დაახლოებით 24 საათის განმავლობაში დარჩება. საქართველოს შემდეგ, პომპეო გზას გააგრძელებს ისრაელისკენ, კატარისკენ, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთისკენ.

სახელმწიფო მდივნის ოფიციალური დღის წესრიგის მიხედვით, თბილისში არ არის დაგეგმილი შეხვედრა მედიასთან. პრესკონფერენცია არ გამართულა არც პარიზში, ემანუილ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ; ხოლო თურქეთში პომპეო საერთოდ არ შეხვედრია ადგილობრივ ხელისუფლებას.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სტუმრობა ფორმალურ, ე.წ. „თავაზიან“ ვიზიტად შეაფასეს. 16 ნოემბერს, ემანუელ მაკრონისა და მაიკ პომპეოს დახურულ კარს მიღმა საუბრის შემდეგ, ერთობლივი ოფიციალური განცხადებები პრესისთვის არ გაკეთებულა. თუმცა, როგორც „დოიჩე ველე იტყობინება“, სახელმწიფო მდივანმა ფრანგულ მედიასთან აღნიშნა, რომ აუცილებელია ევროკავშირისა და აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობა თურქეთის „ძალიან აგრესიული“ საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ.

საფრანგეთის დატოვებამდე სახელმწიფო მდივანმა ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადებების მეშვეობით მადლიერება გამოხატა ორ ქვეყანას შორის არსებული „მტკიცე პარტნიორობისთვის“ და აღნიშნა, რომ ემანუელ მაკრონის გარდა, მას „ნაყოფიერი საუბარი“ ჰქონდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან-ივ ლე დრიანთანაც - „გავაძლიერეთ ორმხრივი ურთიერთობა და განვიხილეთ ჩვენი მცდელობები გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად“.

საერთაშორისო პრესამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საფრანგეთსა და აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სულაც არ ჰქონდათ ჰარმონიული ურთიერთობა კლიმატის ცვლილებებთან, ირანთან ვაჭრობასთან თუ ავღანეთთან დაკავშირებული პრობლემების გამო. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჟან-ივ ლე დრიანმა 13 ნოემბერს შეშფოთება გამოხატა დონალდ ტრამპის გეგმებთან დაკავშირებული ცნობების გამო, რომ - დაჩქარებული ტემპით უნდა მოხდეს სამხედროების გამოყვანა ავღანეთიდან, ერაყიდან თუ სირიიდან.

ვიდრე მაიკ პომპეო საფრანგეთში ჩავიდოდა, პარიზს უკვე გაგზავნილი ჰქონდა მილოცვა საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქის, დემოკრატ ჯო ბაიდენისადმი. პომპეოს ბევრი აკრიტიკებს არჩევნების შედეგების არაღიარებისა და ტრამპის პოზიციის გულმოდგინედ და უსაფუძვლოდ დაცვის გამო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს, სახელმწიფო მდივანმა განიხილა „გლობალური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საფრთხეები, ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა, ირანის დესტრუქციული ქმედებები და „ჰეზბოლას“ დამღუპველი ზეგავლენა ლიბანში“. ამავე წყაროს ცნობით, საუბარი შეეხო ასევე: ტრანსატლანტიკური ალიანსისა და ნატოს ერთიანობის მნიშვნელობას და ჩინეთის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას.

საფრანგეთის შემდეგ, მაიკ პომპეო 17 ნოემბერს თურქეთში ჩავიდა და ამ ფაქტს ტვიტერზე საგანგებო პოსტიც მიუძღვნა - „აქ მე განვიხილავ რელიგიის თავისუფლებას რეგიონში და წინ წავწევ ჩვენს მტკიცე პოზიციას რელიგიური თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში".

ვიზიტი შედგა თურქეთის ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მწვავე განცხადებების ფონზე. „პრეზიდენტმა მაკრონმა და მე დიდხანს ვისაუბრეთ თურქეთის ქმედებების შესახებ და შევთანხმდით, რომ ის ძალიან აგრესიულია... ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა დაარწმუნონ (თურქეთის პრეზიდენტი - რეჯებ ტაიპ) ერდოანი, რომ ასეთი ქმედებები არ არის მისი ხალხის ინტერესებში“, - უთხრა პომპეომ ფრანგულ გამოცემა „ლე ფიგაროს“. მან ახლანდელ ქმედებებზე საუბრისას ახსენა თურქეთის აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერა, მათ შორის სირიიდან ძალების გადატყორცნაც კონფლიქტის ზონაში, თურქეთის ქმედებები ლიბიაში, ანკარის მიერ რუსული ანტისარაკეტო სისტემის S-400-ს შეძენასთან დაკავშირებული დისპუტი და სხვ.

თურქეთში პომპეო ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეხვედრია და ეს არც მისი ოფიციალური განრიგით იყო გათვალისწინებული. მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ პომპეომ უარი თქვა თურქი კოლეგის მიწვევაზე ანკარაში, და სანაცვლოდ ჩავუშ ოღლუს სტამბოლში შეხვედრა შესთავაზა. ანკარა გააღიზიანა პომპეოს დემონსტრაციულმა ხაზგასმამ, რომ ვიზიტის ერთადერთი მიზანი რელიგიური თავისუფლების ხელშეწყობა იყო. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჯერ „სარკეში უნდა ჩაიხედოს“ და საკუთარ სახლში გადაჭრას რასიზმთან, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან და ისლამოფობიასთან დაკავშირებული პრობლემები.

ნატოს წევრ ორ ქვეყანას - თურქეთსა და აშშ-ს შორის ბევრი უთანხმოებაა და პრობლემურ თემებს წარმოადგენს, მაგალითად: სირია, ირანი, დაძაბულობა საბერძნეთთან და კვიპროსთან დაკავშირებით, დაძაბულობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა რუსეთთან.

მაიკ პომპეოს ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ნაცვლად, დაიგეგმა შეხვედრები ბართლომეოს I-თან - მსოფლიო პატრიარქთან და საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან.

თბილისის დროით დაახლოებით 3 საათზე მაიკ პომპეოს ტვიტერზე გამოჩნდა კიდევ ერთი პოსტი იმის შესახებ, რომ მან წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოინახულა და მსოფლიო პატრიარქზეც დაწერა, რომ ის, „როგორც მართლმადიდებელი სამყაროს ლიდერი, არის ძირითადი პარტნიორი“ მსოფლიოში აღმსარებლობის თავისუფლების მხარდასაჭერად.

თურქეთიდან ჩამოსულ სახელმწიფო მდივანს საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ხვდება. თუკი მისი თავდაპირველ განრიგი მოიცავდა შეხვედრებს მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კათოლიკოს-პატრიარქთან, რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონიდან დაზუსტდა რომ გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.

ამასთან, ოპოზიცია 18 ნოემბერს გეგმავს აქციას - სტუმრის მისასალმებლად და არჩევნების ოფიციალური შედეგების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების სადემონსტრაციოდ.

განრიგის თანახმად, არ არის გათვალისწინებული ბრიფინგები და პრესკონფერენციები. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მაიკ პომპეომ გარკვეული განცხადებები მაინც გააკეთოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG