”პარაზიტი” (2019. რეჟისორი ბონგ ჯუნ-ჰო, სამხრეთი კორეა)
საქართველოს კინოთეატრებში დიდი კინო მოვიდა - კორეელი რეჟისორის ბონგ ჯუნ-ჰოს ფილმი ”პარაზიტი”, რომელიც კანის წლევანდელი კინოფესტივალის მთავარი პრიზით, ”ოქროს პალმის რტოთი” აღინიშნა. ეს იყო კორეული კინოს პირველი ”პალმა” კანში, იმ კინოსი, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია შეიძლება ითქვას მთელი კინოხელოვნების გადარჩენას ცდილობს და ახერხებს კიდეც. ეგაა, რომ დასავლეთი ფრთხილობს - არა და არ ემეტება ”პალმები” და ”ოსკარები” კორეელებისთვის. შარშან კანის ფესტივალის ჟიურიმ უბრალო დიპლომითაც კი არ აღნიშნა ფილმი, რომელიც ფესტივალის ბოლო დღემდე ლიდერობდა კრიტიკოსთა გამოკითხვებში - ლი ჩან დონის ”ალმოდებული”. თუმცა ”პალმა” მაინც აღმოსავლელ რეჟისორს გადასცა - იაპონელ ჰიროკაძუ კორეედას ფილმისთვის ”მაღაზიის ქურდები”. წელს კორეული კინოს ჯერი დადგა. გაიმარჯვა ფილმმა, რომელიც რაღაცით ჰგავს კიდეც ”მაღაზიის ქურდებს”.
სიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს კინოფესტივალებზე მე პირადად მაგონებს ჯერ კიდევ 1928 წელს დაწერილ ეიზენშტეინის პატარა წერილს ”კადრს მიღმა”, რომელშიც დიდი რეჟისორი აზიელებს ლიდერობას უწინასწარმეტყველებდა კინოში მაშინ, როდესაც დასავლეთი თავის ”კინემატოგრაფიულ რესურსებს” სრულიად ამოწურავდა. მე ვიტყოდი მაშინ როდესაც კინოხელოვნებას მთლიანად დაჩაგრავდა კომპიუტერი და ტელევიზია.
სხვათა შორის, ”პარაზიტის” ავტორი ბონგ ჯუნ-ჰო ერთხელ თავადაც წამოეგო ამ ცდუნებას - ”ნეტფლიქსის” ფულით გადაიღო თავისი წინა ფილმი ”ოკჯა”. მაგრამ მას შემდეგ რაც სწორედ კანში გააკრიტიკეს (”ოკჯას” მთლად დაუსტვინეს ”ნეტფლიქსის” გამო), იგი სამშობლოში დაბრუნდა და ”პარაზიტის” გადაღება ”კორეული ფულით” გადაწყვიტა. უფრო მეტიც, განაცხადა, კომპიუტერის ეკრანზე კინო კანფეტის შეფუთვას ემსგავსებაო.
”პარაზიტი” არის დიდი ეკრანის კინო. თანაც კინო, რომელსაც ადამიანებმა ერთად უნდა უყურონ. რეჟისორი არა მარტო ჟანრებით თამაშობს. მან კარგად იცის როგორ გადაედება განწყობილება მაყურებელს კინოთეატრში - თუკი ერთს გაეცინება, სიცილი გადაეცემა დარბაზს. თუკი ერთს შეეშინდება - ეს შიშიც გადამდები ხდება. ბონგ ჯუნ-ჰოს სტილი კი პირველ რიგში განწყობილებების და ჟანრების თამაშია - თუ არ ვცდები მიუზიკლის გარდა კინხოხელოვნების ყველა ჟანრს იხილავთ ”პარაზიტებში” - კომედია, სოციალური დრამა, ტრილერი, ფანტასტიკა, ჰორორი აქ გადაჯაჭვულია. თანაც ისე, რომ საზღვარს ამ ჟანრებს შორის მაინც ვერ დაადგენთ. ფილმის მსვლელობის პროცესში იმდენჯერ შეგეცვლებათ ხასიათი, იმდენჯერ გამოხატავთ განსხვავებულ ემოციას, რომ ბოლოს შეიძლება ემოციებისგან დაიცალოთ, დაიღალოთ. და სწორედ ესაა ავტორის მიზანი. ემოციები ამოვწუროთ და ერთ, ძალიან მტკივნეულ და სერიოზულ საკითხზე დავფიქრდეთ.
”პარაზიტი” გვიამბობს ოჯახზე, რომელიც სარდაფში ცხოვრობს და არსებობს პიცის გადასატანი ყუთების შეგროვების ხარჯზე. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა უფროსი ვაჟი ინგლისური ენის მასწავლებლად იწყებს მუშაობას ძალიან მდიდარი ბიზნესმენის ოჯახში, მეგობრის რეკომენდაციით და ყალბი დიპლომით. აქ მოაფიქრდება მას გეგმა, რომელმაც მშობლები და თავისი უმცროსი და საშინელი სიღარიბისგან უნდა იხსნას.
ღარიბები გამოირჩევიან გონებამახვილობით, ფანტაზიით, არტისტიზმით... მდიდრები აქ იდიოტები არიან. მაგრამ ერთნიც და მეორენიც პარაზიტებს უნდა მივაკუთვნოთ. კლასიკური წინააღმდეგობა ექსპლუატატორებსა და ექსპლუატირებულებს შორის ფილმში ფაქტობრივად მოხსნილია. ამიტომ ეს უფრო არა ”მარქსიზმია”, არამედ უფროა ”მარქსიზმი-უკუღმა”. მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულია, მაგრამ პრონციპში საბოლოო ჯამში ეს ადამიანები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ერთ ინტერვიუში ბონგ ჯუნ-ჰო საუბრობს არა მარტო ამ უფსკრულზე (”ჩატეხილ ხიდზე”?), რომელიც გაღრმავდა მდიდრებსა და ღარიბებს შორის, არამედ ძალიან ღარიბების რიცხვის კატასტროფულ ზრდაზე ძალიან მდიდარი ადამიანების ხარჯზე. თუმცა ეს ასიმეტრია ”პარაზიტებში” ლამის პრინციპულადაა უარყოფილი. ორი ოჯახი წარმოდგენილია აბსოლუტური, სარკისებრი სიმეტრიით - მამა, დედა, ქალიშვილი და ვაჟი... ფილმის მსვლელობის პროცესში ორივე ეს ჯგუფი სულ უფრო მეტად ემსგავსება პარაზიტებს, ტარაკნებს - ხოხვას იწყებენ! ბოლოს სად ვნახეთ ეს ხოხვა, ხომ გახსოვთ? იორგოს ლანტიმოსის ”წმინდა ირემის მკვლელობაში”.. თუმცა განსხვავებით მოდური ევროპელი რეჟისორებისგან, რომლებიც ”ნეოლიბერალურ ბოროტებას” იკვლევენ, ”პარაზიტებში” ირონია არსად, არასდროს არ გადადის ცინიზმში და სწორხაზოვან დეკლარაციებში, ვერსად, ვერც ერთ ეპიზოდში ვერ იგრძნობთ იმ სიტლანქეს და მიზანტროპიას, რომელიც მეტწილად მიჰაელ ჰანეკეს ახალგაზრდა მიმდევრებმა დაამკვიდრეს ევროპულ კინოში. მდიდრები აქ ღარიბებს პარაზიტებად მიიჩნევენ. ღარიბები - მდიდრებს. ორივეს თავისი სიმართლე აქვს.
დიახ, იუმორი და ყველანაირი მაყურებლის მიმართ პატივისცემა(მდიდარი პარაზიტებისა, მათ შორის) ბონგ ჯუ-ჰოს ყველაზე ძლიერი მხარეა. ერთი თაღლითობის ისტორია, რომელსაც კორეელი რეჟისორი გამოხატავს, არა მარტო ჟანრების, არამედ სტილების ფეირვერკითაა წარმოდგენილი. სტატიკური კადრების გაძლიერებული სურათოვნება და დინამიურ ეპიზოდებში პირიქით, ”გააფთრებული კამერა”, თავბრუდამხვევი მოძრაობებით, ორი განსხვავებული კინო, მშვენივრად თანაარსებობენ ეკრანზე. რეჟისორი თითქოს ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მას ყველანაირი სტილი ხელეწიფება, რომ მისი კინემატოგრაფიული ენა ამოუწურავია და რომ კიდევ არაერთხელ გაგვაკვირვებს მომავალში.
ერთადერთი პრობლემა, რომელიც მე მაქვს ამ ფილმთან, რამდენიმე ფინალია. უფრო სწორად წერტილის დროზე დასმის უუნარობა, რაც, სამწუხაროდ ბონგ ჯუნ-ჰოს წინა ფილმებშიც შეიმჩნეოდა. ფინალისკენ რაღაც მომენტში, როცა ჟანრებით თამაშში ჰორორი ერთვება, ემოციის დონე კლებას იწყებს, მაგრამ ავტორს არა და არ უნდა ფილმის დასრულება. შესაძლებელია იგი ამას განზრახ აკეთებს - აკი ზემოთ ავღნიშნე, ფილმის დასრულებისას ემოციებისგან დაცლილი მაყურებელი ერთ ძალიან მტკივნეულ თემაზე იწყებს ფიქრს
50 წლის ვარ და აღარ მჯერა სოციალური წინააღმდეგობების პრობლემის გადაწყვეტისაო, აღნიშნა ”პარაზიტის” ავტორმა, ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო ”სოციალურმა რეჟისორმა” თანამედროვე კინოში.
მართლაც, ”პარაზიტი”, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წამით არ მოგვაწყენს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან, ძალიან მხიარული ფილმია, ამავე დროს უსაშველოდ პესიმისტურია;
პოლარიზებული საზოგადოება დახვეწილი და სრულიად არაადამიანური სისტემის სახეა. მდიდარი, მაშინაც კი თუკი მხოლოდ და მხოლოდ კეთილი განზრახვებით ცხოვრობს, არავის ატკენს, არავის აწყენინებს, სძულს ძალადობა და ეხმარება ღარიბებს, მაინც ყოველთვის შეწუხდება ღარიბი ადამიანის სუნით (”მეტროს სუნი ასდით იმათ, ვინც მეტროთი მგზავრობს” - ასეთ ფრაზას გაიგებთ ”პარაზიტებში”), რადგან სულ სხვა ”სუნში” უხდება ცხოვრება. ”ჩვენ შუა ხიდია ჩატეხილი: ისინი იქითა ნაპირზე დარჩნენ, ჩვენ აქეთ” - ჯერ კიდევ როდის დაწერა ილია ჭავჭავაძემ. მას მერე დიდი დრო გავიდა და ეს სისტემა კიდევ უფრო რაფინირებული გახდა
”პარაზიტი” - ესაა პოლარიზებული საზოგადოება და სწორედ ეს გამართული სისტემა, რომელიც იმდენადააა გამართული, რამდენადაც ავტომატიზირებულია. ავტომატიზირებული სისტემა კი საშიშია, სულ პატარა ბზარი, მცირე შეცდომა და ყველაფერი შეიძლება წარღვნით დამთავარდეს.
”პარაზიტებშიც” არის აპოკალიფსი. ოღონდ ეს უკვე აღარაა სასაცილო. თუ არ ჩავთვლით ერთ მზაკვრულ აზრს, რომელიც აუცილებლად გაგვიელვებს ფილმის მსვლელობის პროცესში - ქვა იმან მესროლოს, ვინც პარაზიტი არაა.
ამას რომ გაიფიქრებთ, გაგეცინებათ.