Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალია: ხელფასების ორ-სამდღიან დაგვიანებას იმედია, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად არ შეაფასებენ


23 ივლისს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ რა ჩაითვლება სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების ნიშნებად. კადრების გათავისუფლების ან სხვა პოზიციაზე გადაყვანასთან, გადაცემების სტუმრებსა და მასალების თანმიმდევრობაში ცვლილებების შეტანის მცდელობებთან და შრომითი კონტრაქტების დარღვევასთან ერთად ჟურნალისტები დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის საფრთხედ მიიჩნევენ ფინანსური პრობლემების შექმნასაც.

"თუკი არხი ყადაღის უმძიმეს პირობებშიც კი ახერხებდა დაუბრკოლებლად ფუნქციონირებას, არამხოლოდ ხელფასების გასტუმრებას, არამედ ახალი რეიტინგული მედიაპროდუქტების შექმნას, ყადაღის მოხსნამ მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს შემოსავლების ზრდას და არა პირიქით. ამიტომ თანამშრომლების წინაშე, კონტრაქტით ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩაითვლება როგორც ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა და ბერკეტი "რუსთავი 2-ის" სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩასარევად" - წერია განცხადებაში.

ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია არხზე ხელფასების გაცემამდე ერთი კვირით ადრე დაინიშნა. რუსთავი 2-ში არსებულ რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე განცხადება მან დირექტორად დანიშვნიდან მალევე გააკეთა.

რადიო თავისუფლებას ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ეუბნება, რომ მას ესმის, რატომ აკეთებენ ჟურნალისტები აქცენტს ფინანსურ პრობლემებზე, მაგრამ ხელფასები რუსთავი 2-ში მანამდეც დაგვიანებით და არასრულად გაიცემოდა: " საერთოდ ცარიელი დაგვხვდა კომპანია, უდიდესი ვალებით. ახლა ამაზე ვმუშაობთ, რომ პირველი რიგის ამოცანები გადაიჭრას... ხელფასების გაცემაც ამ რიგის ამოცანებში შედის. არ გვაქვს არანაირი ინტერესი, ვინმეს ხელფასი არ მივცეთ, ან პრობლემა შევუქმნათ. თვითონ ძალიან კარგად იციან, რა სიტუაციაა და იმედი მაქვს, ყველაფერი მოგვარდება" - ამბობს პაატა სალია, რომელიც იმედოვნებს, რომ კომპანიის თანამშრომლებთან დიალოგით შეთანხმებას მიაღწევს.

"მოგეხსენებათ, არ არის პატარა ორგანიზაცია და მხოლოდ სახელფასო ბიუჯეტი საკმაოდ დიდია, შესაბამისად, არ არის იოლი [ფინანსების მოზიდვა] და აპელირება იმაზე, რომ ხელფასი დამიგვიანდა და ვიღაც ჩემ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერია, არ იქნება სწორი." - თქვა მან.

ერთ-ერთი საკადრო გადაწყვეტილება, რაც მან ტელეკომპანიაში მისვლის შემდეგ განახორციელა, ფინანსური კონსულტანტის დაქირავება იყო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ტელეკომპანიის წილების გადმოფორმებაზე მიმართა, რაც რეესტრმა მალევე დაუკმაყოფილა. ახლა რუსთავი 2-ის 100%-ს მფლობელი ქიბარ ხალვაშია. ამასთანავე, ქიბარ ხალვაშმა დირექტორის თანამდებობიდან მოხსნა ნიკა გვარამია და თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

XS
SM
MD
LG