Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია შეეცდება, საარჩევნო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა ODIHR-ის დასკვნამდე არ დაიწყოს


5 დეკემბერს, 30-მა ოპოზიციურმა პარტიამ, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა. კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით, შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს და მან უნდა უზრუნველყოს არჩევნებში ხმების სამართლიანი გადანაწილება.

იმისათვის, რომ ოპოზიციური ფლანგის მიერ ინიცირებული კანონპროექტი კანონად იქცეს, მან პარლამენტში რამდენიმე ნაბიჯი უნდა გაიაროს.

თუმცა, კანონპროექტის ინიციატორთა მიზანი ამჯერად ისიც იქნება, რომ მისი განხილვა კომიტეტებმა იმ დრომდე არ დაიწყონ, სანამ არ ჩამოვა ეუთო/ODIHR-ის დასკვნა - შეესაბამება თუ არა კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციას.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“, სწორედ იმიტომ ამბობს უარს ე.წ. გერმანული მოდელის შეთავაზებაზე, რომ მათი განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ამგვარი ცვლილებები არ შეესაბამება კონსტიტუციას.

ოპოზიციამ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რამდენიმე დღის წინ მიმართა და სთხოვა, კანონპროექტი გადაუგზავნოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR).

ნინო ლომჯარია კანონპროექტს ეუთო/ოდირს ყველაზე გვიან ორშაბათს, 9 დეკემბერს გაუგზავნის. მისი თქმით, ოდირის დასკვნას სახალხო დამცველი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში მიიღებს:

„ჩვენ დაწყებული გვაქვს პროცედურები, დეტალებზე ამ ეტაპზე არ ვისაუბრებ. გარკვეული ტექნიკური პროცედურებია გასავლელი, რომელსაც ვიცავთ და ორიენტირებული ვართ, რომ დოკუმენტი ორშაბათს გავაგზავნოთ. ჩვენი თხოვნა იქნება ეუთო/ოდირის მიმართ, რომ დაჩქარებული წესით განიხილონ კანონპროექტი“.

კანონპროექტის რეგისტრაცია ბიუროს სხდომაზე

9 დეკემბერსვე დარეგისტრირდება ბიუროს სხდომაზე კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ. სწორედ ბიუროს სხდომაზე უნდა განისაზღვროს ის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები, რომლებმაც, რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტი სამი კვირის განმავლობაში უნდა განიხილონ. თუმცაღა, რეგლამენტის თანახმად, კომიტეტების მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლოა, ეს ვადა გახანგრძლივდეს.

როგორც წესი, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განსახილველად, წამყვან კომიტეტად განისაზღვრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. სავალდებულო კომიტეტებად კი სახელდება საფინანსო-საბიუჯეტო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტები.

როდის შეიძლება დაიწყოს კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები?

კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები, ყველაზე ადრე, შეიძლება დაიწყოს 16 დეკემბრის კვირაში, რაკიღა, საპარლამენტო რეგლამენტის თანახმად, პლენარული სხდომების დღეებში დაუშვებელია კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა. მომდევნო, 9 დეკემბრის კვირა კი პარლამენტში სასესიო კვირაა.

არც ისაა გამორიცხული, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა მოითხოვონ საკომიტეტო მოსმენების გადადება. რეგლამენტის თანახმად, მათ ამის უფლება აქვთ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოპოზიცია რეგლამენტით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს იმისათვის, რომ იმ დრომდე არ გავიდეს კანონპროექტი საკომიტეტო განხილვაზე, სანამ ოდირის დასკვნა არ ჩამოვა.

თუკი კანონპროექტს კომიტეტები მხარს დაუჭერენ, მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს

გურამ მაჭარაშვილი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, ის შესაძლოა, პლენარულ სხდომაზე მომდევნო სასესიო კვირაში, პირველი მოსმენით მოხვდეს. თუმცა, მისი თქმით, ამ მოცემულობით, გამორიცხულია, რომ კანონპროექტის სასესიო მოსმენა დეკემბერში მოესწროს:

„თუნდაც რომ მოასწრონ კომიტეტებმა კანონპროექტის განხილვა და მხარი დაუჭირონ მას, ამ თვეში მხოლოდ ერთი სასესიო კვირაღაა დარჩენილი. კონსტიტუციის თანახმად, საშემოდგომო სესია იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს. აქედან გამომდინარე, თუკი კანონპროექტი საკომიტეტო მოსმენების ეტაპს გაივლის, მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა უკვე საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება“.

კონსტიტუციის თანახმად, საგაზაფხულო სესია გაიხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციულით ჩანაცვლების საკონსტიტუციო ცვლილება 14 ნოემბერს ჩააგდეს. საქართველოში პირველი პროპორციული არჩევნები - კონსტიტუციის თანახმად - 2024 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა, ოპოზიცია მოითხოვს, რომ საარჩევნო რეფორმა 2020 წლის არჩევნებამდე განხორციელდეს.

სხვათა შორის, ეს პირობა საზოგადოებას, გასულ ზაფხულში, ანტისაოკუპაციო აქციების მსვლელობისას მისცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

საბოლოო ანგარიშით კი, თავად მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობდა, თავად მმართველმა გუნდმა არ დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო 113 ხმა კანონპროექტმა 14 ნოემბერს ვერ მოაგროვა. მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ის მაჟორიტარი დეპუტატები წავიდნენ, რომლებმაც თავის დროზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას უზრუნველყოფდა.

XS
SM
MD
LG