“ოლიგარქი” (2002, “Олигарх”, რუსეთი, რეჟისორი პაველ ლუნგინი)
ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ტრიუკი მისი უკვე აშკარად გამოხატული ვნებაა, ითამაშოს პოლიტიკოსებით, დეპუტატებით, მაჟორიტარებით. რაღაცნაირი ვნებაა ეს, სახიფათო თამაშის ვნება, რაღაცნაირი პირველყოფილი, ხალხური (მართალია ქართველი ფილოსოფოსი შათირიშვილი - ხალხური!) აზარტი, ნადირობის „ადრეისტორიული ინსტინქტის“ გამოღვიძება, როცა იცი, რომ სახიფათო თამაშს თამაშობ, მაგრამ იმდენად ხარ შეჭრილი როლში, რომ მასზე უარს ვეღარ ამბობ. კი, კი, აზარტული თამაშის ვნებაა ეს, როცა ქვეყანა სამორინე გგონია და როცა ყოველთვის მოგებული რჩები. ყოველთვის!
პაველ ლუნგინის ფილმის, „ოლიგარქის“, ერთ-ერთი პერსონაჟი ბადრი პატარკაციშვილია, რუსი-ქართველი (რა კარგად იწერება ეს ორი სიტყვა ერთად!) ბიზნესმენი, რომელსაც ივანიშვილი, როგორც ამბობენ, „დიდად არ ყვარობდა“. მაგრამ ამით არაფერი იცვლება - პოსტსაბჭოთა რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქები გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი იმიტომ სჭირდებოდათ, რომ... კრიმინალური სამყაროსგან დაეცვათ თავი. მათ უპირისპირდებოდა ყველა: ხელისუფლება, ხალხი, კანონიერი ქურდები... და რაც უფრო მეტი მტერი ჰყავდათ, მით უფრო ტკბილი და სასიამოვნო ხდებოდა წინააღმდეგობის გადალახვა, თავის გადარჩენა და, რაც მთავარია, გამდიდრება. ფული საშუალებას მისცემდათ, დაემორჩილებინათ ის ხალხი, ვინც გული ატკინა, აწყენინა, შეაშინა, მასხრად აიგდო და თავის წრეში არ მიუჩინა ადგილი; თან დაემორჩილებინა ვირეშმაკულად, დაახლოებით იმ სიტყვებით, რომლითაც მიმართავს „ოლიგარქის“ გმირი ხალხს: „მე მივაღწიე იმას, რომ გავხდი მდიდარი, ახლა კი გაგამდიდრებთ თქვენ!“ პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ფეოდალიზმი, კაპიტალიზმი, სოციალიზმი და მონათმფლობელობა გადაჯაჭვულია, ეს სიტყვები სრულიად საკმარისი ხდება მასების აღსაგზნებად: თუკი ამან „ფული იშოვა“, მეც გამოვკრავ ხელს რამეს. ეს იდიოტი თუ გამდიდრდა, - წინადადების აწყობა რომ არ იცის, აზრს რომ ვერ გადმოსცემს... აი, ეს იდიოტი... მაშინ მე დიდი ძალისხმევა არ დამჭირდება თავის გადარჩენისთვის ბრძოლაში.
„ოლიგარქი“ შედევრი არაა. უფრო რუსული „ჩერნუხაა“, ნაკლებად წარმატებული ცდაა პოსტსაბჭოთა რუსეთის წარმოდგენისა განგსტერულ საგაში. ესაა „ნუარის“ ჟანრთან შეთამაშება იმ ხერხებით, რომლითაც „საწარმოო ფილმებს“ იღებდნენ საბჭოთა კინორეჟისორები ბრეჟნევის ეპოქაში. დაახლოებით ისეთი ფილმია, ბიძინა ივანიშვილის რომელიმე ფავორიტი კინორეჟისორი რომ გადაიღებდა მისთვის და მისი გუნდის წევრებისთვის გასაგებ ენაზე - „ხალხურ ენაზე“ (როგორც იტყოდა ივანიშვილის კარზე დაწინაურებული ქართველი ფილოსოფოსი). როცა ოლიგარქის დავალებას ასრულებ და მისი ფულით იღებ მასზევე ფილმს, მაინცდამაინც კარგი კინო არ გამოვა. ფილიპე მეოთხისა და ველასკესის ეპოქაში არა ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოსტსაბჭოთა ოლიგარქებს, ცოცხლებს და მკვდრებს, გამდიდრებულებს ველური კაპიტალიზმის პირობებში, ეგონათ, რომ ისევ შუა საუკუნეებში ცხოვრობდნენ.
2002 წლის მიწურულს „ოლიგარქის“ პრემიერა თბილისში გაიმართა. პომპეზურ ჩვენებას კინოთეატრ „ამირანში“ ბადრი პატარკაციშვილიც დაესწრო. როგორც ამბობენ, კმაყოფილი იყო ლევან უჩანეიშვილის მიერ განსახიერებული ბადრი პატარკაციშვილით (სასიამოვნოა დაინახო შენი თავი იმ კლიშეებში, რომლებიც ქართველმა მსახიობებმა რუსულ ფილმებში დაამკვიდრეს - სულერთია, ეს ბუბა კიკაბიძე იქნება „მიმინოში“ თუ არჩილ გომიაშვილი „12 სკამში“). პატარკაციშვილმა ნაცნობ-მეგობრებიც მიიპატიჟა, მათ შორის, პოლიტიკოსები, რომლებსაც მოგვიანებით დააფინანსებს („ვარდების ხელისუფლების“ წინააღმდეგ), და ინტელიგენცია, რომელიც იმღერებს და იცეკვებს პატარკაციშვილის ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. იმხანად მას ღიად არ გამოუხატავს პოლიტიკაში მოსვლის სურვილი. მაგრამ, აკი ვამბობ, პოსტსაბჭოთა ეპოქაში გამდიდრებული ოლიგარქები ჰგვანან ერთმანეთს - ადრე თუ გვიან, ხელისუფლებაში მოსვლის ვნება უჩნდებათ. ამიტომაც პაველ ლუნგინის ფილმი გვიამბობს არა მარტო ბორის ბერეზოვსკიზე (რომელსაც აქ პლატონ მაკოვსკი ჰქვია), არამედ ბადრი პატარკაციშვილზეც... უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილზეც, რომელიც, როგორც აღვნიშნე, თავის „კოლეგას“ მაინცდამაინც „არ ყვარობდა“. ერთი განსხვავებით: ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, გუსინსკი, ხოდორკოვსკი - შეიძლება მართლაც ტყუილით, შანტაჟით, გაიძვერობით, პარტნიორების გადაგდებით გამდიდრდნენ, მაგრამ მათზე მაღლა, ხელისუფლების სათავეში, უფრო გაიძვერა, უფრო მატყუარა, უფრო „გადამგდები“ ხალხი იდგა. შესაბამისად, ეს ოლიგარქები, რომლებიც ხანდახან ტირიან, ფილმის ავტორების აზრით, მაყურებლის სიმპათიას უნდა იმსახურებდნენ. ეს ოლიგარქები, რომლებსაც ებრძვის ხელისუფლება (პუტინი იქნება თუ სააკაშვილი, მნიშვნელობა არა აქვს), აქ გმირები, ლამის წმინდანები ხდებიან. მათ ამიტომაც კლავენ.
ბიძინა ივანიშვილი სულ სხვა მოვლენაა. „ოლიგარქის“ პერსონაჟებისგან განსხვავებით, მან მოახერხა ქვეყნის სათავეში მოსვლა და მერე, როგორც არაფორმალურმა ლიდერმა, გააგრძელა თამაში - სახიფათო თამაში. არის თუ არა მისი საარჩევნო ტრიუკი „გადაგდება“? როგორ ფილმს გადაიღებდა ქართველი რეჟისორი ივანიშვილზე: როგორც ოლიგარქზე? როგორც მეცენატზე? როგორც საქართველოს არაფორმალურ მმართველზე? მაგალითად, გოგა ხაინდრავა როგორ ფილმს გადაიღებდა ბიძინა ივანიშვილზე?