„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნინო ბოლქვაძე იურისტ ტედ ჯონასის მიერ ლევან ვასაძისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნას ეხმაურება. მან რადიო თავისუფლებას უთხრა:
ვინ უნდა გაასამართლოს ლევან ვასაძე?! რომელმა სამართალმდცავმა ორგანოებმა, ვინც ბიძინა ივანიშვილის პირად, დანაშაულებრივ ბანდ-დაჯგუფებად იქცა?!
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მადლიერების განცდა მაქვს ამ ადამიანის მიმართ, ვინც ეს შრომა იტვირთა საკუთარ თავზე. ამ ივნისის თვის შემდეგ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები იმდენად ფრუსტრირებულები დავრჩით პროცესებით, ისეთი სიახლეები გახდა ცხადი ჩვენთვის, რაც აქამდე დაფარული იყო და ეჭვის დონეზე თუ გვქონდა, რომ პრაქტიკულად აზრი დაკარგა ასეთმა მიმართვამ ჩვენთვის.
ცხადია, ვეთანხმებით შეფასებებში. ძალიან კარგად შედგენილი საჩივარია. ყველა დარღვევა სრულად აქვს აღწერილი და მოთხოვნაც, შესაბამისად, სწორია, მაგრამ ვინ უნდა გაასამართლოს ლევან ვასაძე?! რომელმა სამართალმდცავმა ორგანოებმა, ვინც ბიძინა ივანიშვილის პირად, დანაშაულებრივ ბანდ-დაჯგუფებად იქცა?!
ჩვენ მართლმსაჯულების სისტემა დაგვემხო თავზე! აღარ გვყავს უბრალოდ! და არც პოლიციელები გვყავს! ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის 10%-ს (ლგბტ თემი არის 10%) აღარ გვყავს!“.
ერთი ადამიანის ბრძანებას ემორჩილება მთელი სისტემა, მთელი სტრუქტურა თავისი მინისტრებით, თავისი მაღალჩინოსნებით და რიგითი პოლიციელებით
რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ნინო ბოლქვაძე ლგბტქ თემის მიერ საქართველოს მასობრივად დატოვებაზე ლაპარაკობს:
„მასობრივად ტოვებს თემი საქართველოს. პირველად დავფიქრდი მეც წელს. სულ ვამბობდი: არა! არასოდეს! ვიქნები! ბოლომდე ვიბრძოლებ! და პირველად დავფიქრდი, რადგან ბრძოლა აზრს კარგავს, როცა ასეთი სისტემური დაბრკოლება გხვდება. ერთი ადამიანის ბრძანებას ემორჩილება მთელი სისტემა, მთელი სტრუქტურა თავისი მინისტრებით, თავისი მაღალჩინოსნებით და რიგითი პოლიციელებით“.
ბრძანება ჰქონდათ თავისი მაღალჩინოსნისგან - იმ შემთხვევაში, თუ თავდასხმა მოხდებოდა, თითი არ გაენძრიათ.
ნინო ბოლქვაძის ინფორმაციით, პოლიციელებს ბრძანება ჰქონდათ, რომ ლგბტქ თემის წევრთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში არ ემოქმედათ და აგრეთვე შენიშნავს, რომ თემის მიმართ სამართალდამცავთა დამოკიდებულებები შეცვლილია - ნაკლებად ჰომოფობიურია, ვიდრე 2013 წელს იყო:
„თემის ერთ-ერთი წევრი ასეთ საუბარს შეესწრო რიგითი პოლიციელების, რომ ბრძანება ჰქონდათ თავისი მაღალჩინოსნისგან - იმ შემთხვევაში, თუ თავდასხმა მოხდებოდა, თითი არ გაენძრიათ. ანუ, რანაირად უნდა გავაკეთოთ ესო?.. თვითონ პოლიციელები იყვნენ დაღონებულები. მათ ემუქრებათ სამსახურის დაკარგვა იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილის ახირებულ ბრძანებას არ შეასრულებენ.
ეს ბრძანებაც ასეთია, რომ ბოლოს გადაწყვიტა საქმით დაუმტკიცოს ჰომოფობ რუსეთის მთავრობას, რომელსაც აქვს ეს გეზი აღებული და წლების განმავლობაში „წარმატებით“ იყენებს თავის მოსახლეობასთან.
რუსეთიდან თემის წევრები ასევე მასობრივად არიან გაქცეულები და დღესაც გადიან იმიტომ, რომ იქ არ იცხოვრება“.
ნინო ბოლქვაძე თვლის, რომ ეს დევნის დასაწყისია და მისი მასშტაბი გაიზრდება:
„უკვე დაიწყეს გეიპროპაგანდის აკრძალვის კანონპროექტისთვის ხელმოწერების შეგროვება, ჰომოფობიურ-ტრანსფობიური წინასწარი განწყობების გაღვივება, რაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და ადვილი გასაკეთებელია“.
„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უნდობლობის გამო მათთვის არ მიუმართავს, როცა მას სიცოცხლისა და შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ ერთ-ერთი ღონისძიების გამართვის წინ, რომლის შესახებაც სამართალდამცავებს პრაიდის ორგანიზატორებმა შეთანხმებისამებრ თავად შეატყობინეს.
ოთხნი ვისხედით მანქანაში და ის ადამიანი მზად იყო, რომ დაგვჯახებოდა. ასეთი ინტენსივობის ზიზღი ახასიათებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს. ანუ მზად არის თვითონაც დაიმტვრეს
ნინო ბოლქვაძე სახალხო დამცველსაც იმოწმებს და აცხადებს, რომ სამართალდამცავები ლგბტქ თემის შიდა ჯგუფებს ადევნებენ თვალს სოციალურ ქსელებში და მათ შორის, იცოდნენ 8 ივლისს შსს-სთან დაგეგმილი მსვლელობის შესახებაც, რაც აცნობეს კიდეც ლევან ვასაძის მომხრეებს.
„თბილისი პრაიდის“ თანაორგანიზატორი 8 ივლისის ძალადობრივ ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ არც ამაზე მიუმართავთ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რადგან ფაქტი პოლიციელების თვალწინ მოხდა:
„8 ივლისს პრაქტიკულად მანქანას მაჯახებდა ვასაძის დაჯგუფების წევრი. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი იღებდა ჩემგან ინტერვიუს და პირდაპირ მაჯახებდა მანქანას. მოვასწარი, ჩავჯექი თაბაგარის მანქანაში და მთელი გზა, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ცდილობდა დაჯახებას. იქვე იდგნენ პოლიციელები, მანქანის ნომერი ხომ იცოდნენ? მათ თვალწინ მოხდა, მაგრამ ხელები ჰქონდათ ზურგზე დაწყობილი იმის დემონსტრაციისთვის, რომ თითსაც არ გაანძრევდნენ.
ოთხნი ვისხედით მანქანაში და ის ადამიანი მზად იყო, რომ დაგვჯახებოდა. ასეთი ინტენსივობის ზიზღი ახასიათებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს. ანუ მზად არის თვითონაც დაიმტვრეს, დაზიანდეს, მაგრამ გაგანადგუროს ფიზიკურად, რასაც ლევან ვასაძე გვპირდებოდა“.
ლევან ვასაძეს აქვს იმუნიტეტი ბიძინა ივანიშვილისგან, რომ თითსაც არ დააკარებენ. უფრო მეტიც, ხელს შეუწყობენ. რატომ არ დააკავეს? უამრავი ინციდენტი იყო.
ნინო ბოლქვაძე კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას ტედ ჯონასის მიმართ, მაგრამ შედეგიანობის იმედი არ აქვს:
“ლევან ვასაძეს აქვს იმუნიტეტი ბიძინა ივანიშვილისგან, რომ თითსაც არ დააკარებენ. უფრო მეტიც, ხელს შეუწყობენ.
რატომ არ დააკავეს? უამრავი ინციდენტი იყო. დადიოდნენ ქუჩაში, დასრულებული ხასიათი ჰქონდა ქმედებას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი“.
მიუხედავად აღწერილი ფაქტების და მათ შორის მისი და მისი შვილების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა, ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ არც ერთი სტატუსით არ დაკითხულა.