Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნატყვიარები თავის ქალებზე“ - რა წერია ჟურნალში „კინ-O“,  რომელიც თაროზეა შემოდებული  


ჟურნალის შიდა ყდა
ჟურნალის შიდა ყდა

ჟურნალი „კინ-O“ ცენზურის გამო აღარ გამოდის, - აცხადებს ჟურნალის რედაქტორი თეო ხატიაშვილი. კინოცენტრში ამბობენ, რომ კრიტიკული სტატიები არაფერ შუაშია და ჟურნალის საბოლოო ბედი ჯერ არ გარკვეულა. რის დაბეჭდვას აპირებდნენ ჟურნალში, რომელიც დეკემბრის შემდეგ თაროზეა შემოდებული?

„როდესაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მის ადგილზე დანიშნა საკუთარი მოადგილე, დიპლომატი, კახა სიხარულიძე, მოულოდნელად ჩაანაცვლეს საკონკურსო კომისიის შემადგენლობაც. სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი უთხრა ისეთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას, როგორიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალია. გაბრაზებული და დაბნეული ქართველი არტისტები, რომლებიც „მალფუჭებად“ პოლიტიკურ მოვლენებს იმდენად ზერელედ იცნობდნენ, რომ კონტექსტის აღქმა დაკარგული ჰქონდათ, კოლექტიური წერილებითა და პეტიციებით, რატომღაც, ვერაფერს გახდნენ. რეპრესიულმა და გაუმჭვირვალე პოლიტიკამ თავისი ადრეული მოსავალიც მიიღო: კინოაკადემიის დირექტორმა გააუქმა სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერების“ ჩვენება, რადგან ის „პოლიტიკურად მოტივირებულად“ მიიჩნია. ტოტალიტარიზმისა თუ ავტოკრატიის ისტორიული მაგალითები ცხადყოფს, რომ რეჟიმის დასაყრდენი აპოლიტიკური საზოგადოებაა, რომელიც ისტორიას ივიწყებს, რომლისთვისაც ისტორია მხოლოდ გამარჯვებები და გმირული თავგადასავლებია“.

სამწუხაროდ, ბევრი არტისტი დღემდე ფიქრობს, რომ პოლიტიკისგან შორს უნდა იდგეს. ვფიქრობ, აპოლიტიკურობა სინამდვილეში სახელისუფლებო ძალისადმი სიმპათიების დამალვაა
თეო ხატიაშვილი

ეს არის ციტატა ბასტი მგალობლიშვილის სტატიიდან „ნატყვიარები თავის ქალებზე“. სტატია დაიწერა ჟურნალისთვის „კინ-O“. ის ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა გამოსულიყო, ჰონორარებიც კი დარიგდა, მაგრამ კინოცენტრს ბეჭდვის ფული დღემდე არ გამოუყვია. ჟურნალს კინოცენტრი აფინანსებს, რომელიც კულტურის სამინისტროს ექვემდებარება. კინოცენტრის ხელმძღვანელი ამ სტატიაში ნახსენები კახა სიხარულიძეა.

ჟურნალის რედაქტორი თეო ხატიაშვილი ამბობს, რომ ჟურნალი სწორედ კრიტიკული წერილების გამო „დაბლოკეს“.

„დეკემბერში გამზადებული ჟურნალის ბეჭდვა რატომღაც გადადეს და დღემდე ბუნდოვან პასუხს გვაძლევენ. ორი კვირა იქნება, რაც ბიუჯეტი დამტკიცდა. მივწერე და ისევ იგივე პასუხი მომცეს, ჯერ არაფერია გარკვეულიო. ეს უკვე ბავშვური თამაშია. ამდენი ხანია მატყუებენ“, - ამბობს თეო ხატიაშვილი და იხსენებს, რა ხდებოდა ბეჭდვის გადადებამდე, - როცა კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი ინიშნებოდა, ვაპროტესტებდით. ზუსტად ვიცი, ჩანიშნული ჰყავს ყველა, ვინც ამ საპროტესტო წერილებს მოაწერა ხელი, ერთ-ერთი მეც ვიყავი. წინასწარვე ცუდი განწყობა ჰქონდათ, მაგრამ რადგან ჟურნალი უშუალოდ კინომცოდნეობაზეა, აქამდე საბაბი ვერ იპოვეს „დასაკეტად“. ბოლო ნომრის თემა არის ხელოვნებისა და პოლიტიკის ურთიერთობა, ის, თუ რამდენად შესაძლებელია, თანამედროვე ეპოქაში ხელოვნება და პოლიტიკა გაიმიჯნოს. სამწუხაროდ, ბევრი არტისტი დღემდე ფიქრობს, რომ პოლიტიკისგან შორს უნდა იდგეს. ვფიქრობ, აპოლიტიკურობა სინამდვილეში სახელისუფლებო ძალისადმი სიმპათიების დამალვაა“.

„კინ-O“ წელიწადში ორჯერ გამოდიოდა. ჟურნალი კინოხელოვნებაზეა, წერენ ქართველი და უცხოელი ავტორები. ტირაჟი 500 ეგზემპლარია. ჟურნალი არ იყიდება, უფასოდ არიგებენ.

„ჩემი აზრით, მათთვის უსიამოვნო იყო ის, რომ ჩემს სტატიაში ვწერ, როგორ იყენებენ ტოტალიტარულ რეჟიმებში ისტორიული ჟანრის კინოს პროპაგანდისთვის. რომ დღესაც „დავით აღმაშენებლის“ გადაღებაზე კონკურსია გამოცხადებული, ანუ ფილმს ავტორის ინიციატივითა და ხედვით კი არ იღებენ, არამედ სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი და ისიც გაწერა, თუ სცენარი როგორ უნდა განვითარდეს“, - ამბობს ბასტი მგალობლიშვილი.

ლიტერატურული ჟურნალის „საუნჯეს“ რედაქტორი შოთა იათაშვილი იგონებს, რომ 2021 წელს „საუნჯესაც“ მსგავსი ისტორია გადახდა თავს. ჟურნალი 2012 წლიდან გამოდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტროში ხელმძღვანელობა შეიცვალა, მისი ბეჭდვა შეწყვიტეს.

„იწელებოდა, იწელებოდა მისი გამოცემა. ამაზე ტოქშოუშიც ვისაუბრეთ. შემდეგ თეა წულუკიანმა დაგვიძახა მე და „არილის“ რედაქტორს და საკმაოდ მძიმე საუბარი გვქონდა. მერე წლის ბოლოს „საუნჯეს“ ორი ნომერი დააფინანსა და შემდეგ აღარ. სხვა ჟურნალები დააფინანსა, ალბათ რაც მეტად მოეწონა, ან რაც „თავისად“ ჩათვალა“, - ამბობს შოთა იათაშვილი.

კინოცენტრის დირექტორის მოადგილე მაკო ჭილაშვილი უარყოფს, რომ ჟურნალი „კინ-O“ კრიტიკული წერილების გამო არ იბეჭდება. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ გამოცემის საბოლოო ბედი ჯერაც არ არის გადაწყვეტილი.

„ეს კრიტიკულ წერილებს არ უკავშირდება. ჯერ ბიუჯეტი არ იყო დამტკიცებული, შემდეგ რაღაცები შეიცვალა და ამიტომ შეფერხდა. დაიბეჭდება თუ არა, ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ გვაქვს“, - აცხადებს მაკო ჭილაშვილი.

კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ შესაძლოა, დაბეჭდვის ნაცვლად, მომავალში კინოცენტრის საიტზე ჟურნალის ციფრული ვერსია დაიდოს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG