Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მცირე მთავრობა" თუ "დიდი ტყუილი"?


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

10 მინისტრითა და 1 სახელმწიფო მინისტრით დაკომპლექტებული „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ასამოქმედებლად საქართველოს კანონმდებლობაში 120-მდე ცვლილება შედის. საქართველოს მთავრობა პირველი ეტაპის მთავარ მიზნებად ასახელებს ისევ მეტი მოქნილობის უზრუნველყოფას, მეტ ოპერატიულობასა და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვას, თუმცა ბევრისთვის ჯერ ისევ გაუგებარია, როგორ უნდა შესრულდეს ეს მიზნები, როცა, „ქართული ოცნების“ მტკიცებით, სამინისტროების შემცირება-შერწყმა ადამიანური რესურსების ხარჯზე არ მოხდება. არის მოსაზრება იმასთან დაკავშირებითაც, რომ სამინისტროების გამსხვილებამ შესაძლოა, პირიქით, შეამციროს მათი მუშაობის ტემპი და დააზარალოს საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ინტერესები. რამდენად სწორად ესმის მთავრობას „მცირე მთავრობის“ არსი და რა უხერხულობას ქმნის სამინისტროთა ძალიან გრძელი სახელწოდებები?

„მცირე მთავრობის“ კონცეფციის პირველი რიგის ამოცანებად მეტი ოპერატიულობა და მეტი მოქნილობა დაასახელა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ 4 ივლისს, როცა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენისთვის წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. შეკითხვის პასუხად ითქვა, რომ დაიზოგება ადმინისტრაციული ხარჯიც და დანაზოგი, 2017 წლის დეკემბრის რეორგანიზაციის მაგალითზე დაყრდნობით, წელიწადში 4 მილიონ ლარამდე იქნება. მიქელაძე ხაზს უსვამს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და „უახლოესი 2 წლის განმავლობაში მოხდება მთლიანად სამთავრობო უწყებებისა და მმართველობითი ხარჯების ოპტიმიზაცია“. ამ პროცესის გაგრძელებაზე ლაპარაკია კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც და იქვე მითითებულია, რომ თანდათან „მათ შორის - შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,9 %-მდე შემცირდება“. აქ არაფერი წერია 100-120 მილიონი ლარის ოდენობით საბიუჯეტო ხარჯის დაზოგვაზე, რაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ იყო გახმოვანებული. ოპონენტები ამ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ და მათ შორის არის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ოპონენტებზე ბრაზობს „ქართული ოცნება“ - ჩვენს კარგ საქმეს ცუდად თარგმნიანო. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ სამინისტროების შემცირება-გამსხვილების პროცესი მსხვერპლს არ მოითხოვს და ადამიანები სამუშაო ადგილებს არ დაკარგავენ.

სოფიო კილაძე მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:02 0:00

უწყებების შერწყმა და, შესაბამისად, გამსხვილება არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაჩქარდება და სისტემა უფრო მოქნილი გახდება, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძე. მისი აზრით, ორი უწყების ნაცვლად ერთ უწყებაში დაგროვილი პრობლემები, შესაბამისად, უფრო ძნელად გადასაჭრელი იქნება.

ბესიკ ნამჩავაძე ამბობს იმასაც, რომ მთავრობას არასწორად ესმის, რას ნიშნავს „მცირე მთავრობის“ არსი და, მით უმეტეს, თუ სტრუქტურული ცვლილებების პირობებში შენარჩუნდება ძველ თუ ახალ სამინისტროში არსებული ყველა სამუშაო ადგილი, ყველა დეპარტამენტი თუ სამმართველო, რეფორმას ეფექტი არ ექნება.

ცალკე საკითხია ახალ უწყებათა გრძელი სახელწოდებების თემა. სამინისტროთა სახელწოდებებთან დაკავშირებით პრეტენზიები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც აქვთ და ეს 4 ივლისს პარლამენტის სხდომაზეც გამოჩნდა. მაგალითად, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, დიმიტრი ხუნდაძეს, არ აკმაყოფილებს ახალი, გაერთიანებული სამინისტროს სამომავლო სახელწოდება - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“. ხუნდაძე ფიქრობს, რომ ეს სახელწოდება „ჯანმრთელობის დაცვით“ უნდა იწყებოდეს. უმრავლესობის დეპუტატს რევაზ არველაძეს კი სახელწოდებაში „საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“ მეცნიერების ჩამატებაც სურს. თუმცა ნათია მიქელაძის პასუხებიდან გავიგეთ, რომ სახელწოდებები პარლამენტში მის მოსვლამდე უკვე შეთანხმებული იყო გარკვეულ ჯგუფთან.

რომან გოცირიძე "მცირე მთავრობის" შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:20 0:00

ახალ, გაერთიანებულ სამინისტროთა გრძელი სახელწოდებების საკითხი 4 ივლისის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ გააქილიკა. მან თქვა, რომ ამ სიგრძე სახელწოდებები სამინისტროებს აბრებზე არ დაეტევათ. ზოგადად კი, გოცირიძე ფიქრობს, რომ „მცირე მთავრობის“ კონცეფცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დამახინჯებული ფორმით წარმოადგინა, „ეს არის დიდი ტყუილი“ და არ არის გამორიცხული, რომ მთელი ეს სპექტაკლი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თანამდებობიდან უმტკივნეულოდ გაშვებისთვის დაიდგა.

84 ხმით 3-ის წინააღმდეგ - 4 ივლისს კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ასამოქმედებლად საქართველოს კანონმდებლობაში 120-მდე ცვლილება შევა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG