Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ექნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა მთავრობის ახალი სტრუქტურის პროექტი. ბახტაძის განცხადებით, „მცირე მთავრობის კონცეფციის“ საფუძველზე შემუშავებული ახალი სტრუქტურა იქნება მაქსიმალურად მოქნილი და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებისას. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ახალი სტრუქტურით იქნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კულტურის და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო კი იუსტიციის სამინისტროს. უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო. დევნილთა განსახლების ფუნქცია გადაეცემა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მიგრაციის კომპონენტი შსს-ს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადაეცემა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

„სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3,9%-ზე“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები სხვადასხვა საბიუჯეტო ინიციატივის სახით ისევ, საზოგადოებას მოხმარდება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად მთავრობა პარლამენტს დღესვე მიმართავს შესაბამისი კანონპროექტით.

XS
SM
MD
LG