Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნდობა - ოჯახს და პატრიარქს, ვინ ამაყობს სტალინით, ვის უნდა ევროკავშირში? - მნიშვნელოვანი აქცენტი ახალი კვლევიდან


საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზარდია, თუმცა ამ განწყობის წინააღმდეგ მუშაობს და თავისი შედეგები მოაქვს პროპაგანდას და კონსპირაციულ გზავნილებს, - ამბობს Zinc Network-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც მათი დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

არჩევანი - ევროკავშირი: რა შეიცვალა?

2023 წლის იანვარში ევროკავშირის წევრობას გამოკითხულთა 72% ემხრობოდა, ხოლო მარტის თვეში, საპროტესტო აქციების დროს, ევროკავშირში გაწევრების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა და 81%-ს მიაღწია.

საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში მხარს უჭერს:

  • 18-34 წლამდე გამოკითხული ადამიანების 80%;
  • 35-54 წლამდე გამოკითხულების 73%.
  • 55+ ადამიანების 64%.

კვლევაში მონაწილეებს ჰკითხეს, რა არის ის მთავარი მიზეზები, რის გამოც ისინი ემხრობიან საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.

  • 55% მოელის, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება;
  • 33%-ს იმედი აქვს, რომ საქართველოში ცხოვრების ხარისხი მოიმატებს;
  • 30% ფიქრობს, რომ დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები იქნება;
  • 27%-ის აზრით, საქართველო ეკონომიკურად ნაკლებად დამოკიდებული იქნება რუსეთზე.

მოლოდინებს შორის არის ასევე ის, რომ საქართველო საგარეო საფრთხეებისგან უფრო უკეთ იქნება დაცული, ტერიტირიული მთლიანობის აღდგენის შანსი გაჩნდება, ქართული კულტურა და ტრადიციები მეტად გადარჩება.

რის გამო ეწინააღმდეგებიან საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში?

  • 37% პასუხობს, რომ საქართველო დაკარგავს ტრადიციებს;
  • 27% ფიქრობს, რომ საქართველო ვერ შეძლებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას;
  • 26% შიშობს, რომ ეს ხელს შეუშლის რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

საქართველო - NATO-ში

ევროკავშირისგან განსხვავებით, 2023 წლის იანვარში, NATO-ში წევრობის მომხრეთა რიცხვი (53%) 2021 წლის ნოემბერში იმავე კვლევის მონაცემთან (59%) შედარებით შემცირებული იყო.

ინფორმაციის სანდოობის პროგრამის ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის შეფასებით, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად გააქტიურებულ მიზანმიმართულ ანტიდასავლურ პროპაგანდას.

NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერებიდან:

  • 78% ფიქრობს, რომ ეს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს;
  • 30% მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს რუსეთისგან დაიცავს;
  • 23%-ის აზრით კი, ეს გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებს.

სამხედრო ნეიტრალიტეტის მომხრეებს ეშინიათ, რომ NATO-ს წევრობა რუსეთთან ურთიერთობას გააუარესებს და ასე ფიქრობს გამოკითხულთა 41%.

კანდიდატის სტატუსი

მოსახლეობის აზრით, რუსეთის წინააღმდეგობა (20%), სუსტი ეკონომიკა (17%), შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია (15%) და დემოკრატიის უკუსვლა (13%) ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორებია.

საქართველოს მოსახლეობის აზრით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ყველაზე პრიორიტეტული არის

  • პოლარიზაციის დასრულება - 26%;
  • სამართლიანი არჩევნების ჩატარება - 14%;
  • მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა - 8%.

მოქალაქეთა 43% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად. მხოლოდ 23%-ს სჯერა, რომ ხელისუფლება 12 პუნქტის შესასრულებლად საჭირო რეფორმებს გაატარებს.

მოსახლეობის დიდი ნაწილი (45%) ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში ევროკომისიამ ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა. 9%-ს მიაჩნია, რომ - დავით კეზერაშვილი, ხოლო 8% ამბობს, რომ ეს მიხეილ სააკაშვილია.

თქვენი აზრით, როდის იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება უკეთ უზრუნველყოფილი - დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის შემთხვევაში, თუ რუსეთთან? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 59% ასახელებს დასავლეთს;
  • 13% ასახელებს რუსეთს;
  • 16% - არცერთს.

რუსეთ-უკრაინის ომი

იანვარში, მოსახლეობის 31% მიიჩნევდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის მიერ პროვოცირებული დაპირისპირება იყო.

მოქალაქეთა 38% არ ეთანხმებოდა კონსპირაციულ გზავნილს დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით, 29% კი პირიქით, ამ კონსპირაციას სარწმუნოდ მიიჩნევდა.

უკრაინაში რუსეთის ომის საქართველოზე გავლენის მხრივ, იანვარში მოსახლეობის 39%-ს რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხე აწუხებდა. თუმცა, მოქალაქეთა 31%-ის აზრით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრება უფრო რეალისტური გახადა.

უკრაინაში ომზე თუ იფიქრებთ, რა გაწუხებთ ყველაზე მეტად საქართველოსთან მიმართებით? პასუხები ასე განაწილდა:

  • 22% შიშობს, არ გაიხსნას მეორე ფრონტი საქართველოში;
  • 17% - რუსეთი თავს დაესხმება საქართველოს;
  • 10% ინფლაციაზე წუხს;
  • 8% - რუსების მასიურ იმიგრაციაზე.

კვლევის მონაწილეებს ასევე ჰკითხეს, გააკეთა თუ არა საქართველოს მთავრობამ საკმარისი უკრაინის მხარდასაჭერად?

58% ფიქრობს, რომ კი. ხოლო 30% ამბობს, რომ არა.

თქვენი აზრით, გააკეთა თუ არა ნატომ საკმარისი უკრაინის დასახმარებლად? 37% ამ კითხვას დადებითად, ხოლო 40% უარყოფითად პასუხობს.

რაც შეეხება ევროკავშირის დახმარებას, 39% მიიჩნევს, რომ ის საკმარისად არ დაეხმარა უკრაინას და ამდენივე თვლის, რომ ევროკავშირის დახმარება საკმარისი იყო.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთთან ომში უკრაინა გაიმარჯვებს - 39% პასუხობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. ხოლო 14%-ის აზრით, რუსეთის.

რას ფიქრობენ ქართველები საბჭოთა კავშირზე?

კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს აზრი საბჭოთა კავშირის შესახებაც.

43% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ქართული კულტურა და ფასეულობები უკეთ იყო დაცული (2021 წელს ასე ფიქრობდა (31%).

34%-ს მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის დროს ქართული კულტურა და ფასეულობები დათრგუნული იყო (2021 წელს ასე სჯეროდა 54%-ს).

რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას, რომ პატრიოტი ქართველი უნდა ამაყობდეს, რომ სტალინი ქართველი იყო?

  • 31% ამას არ ეთანხმება;
  • 17% ამ ამბის მიმართ ნეიტრალურია;
  • 37% კი ეთანხმება.

საით მიდის ქვეყანა?

2023 წლის იანვრის მონაცემებით:

  • 29% ფიქრობდა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა.
  • 31% ფიქრობს, რომ აქ არაფერი იცვლება.
  • 31%-ს კი სჯერა, რომ საქართველო სწორად მიდის.

რა აწუხებთ ყველაზე მეტად ქართველებს?

  • ეს არის რუსეთის შეჭრა უკრაინაში - 20%.
  • უმუშევრობა - 19%.
  • ინფლაცია - 17%.

მოსახლეობის მესამედი პოლიტიკურ პოლარიზაციაში ოპოზიციაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ (34%) ადანაშაულებს, 28% მიიჩნევს, რომ ორივე მხარე თანაბრად არის პასუხისმგებელი.

საიდან იღებს ხალხი ინფორმაციას?

სოციალური მედიის და ტელევიზიის მაჩვენებელი თითქმის გათანაბრებულია.

მოქალაქეთა 77% კვირაში ერთხელ მაინც უყურებს ტელევიზორს. ხოლო 75% კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს სოციალურ მედიას.

ტელევიზორს უყურებენ, მაგრამ ნდობა ტელეარხებისადმი შედარებით დაბალია.

სოციალური მედიის პლატფორმებს შორის, Tik-Tok-ის მომხმარებელთა რაოდენობა მოსახლეობაში 25%-მდეა გაზრდილი.

დეზინფორმაციას გამოიცნობდით თუ არა? - 10-დან 4 ადამიანი ფიქრობს, რომ შეუძლია დეზინფორმაციის იდენტიფიცირება.

კითხვაზე, ვის ენდობით? პასუხებიდან ირკვევა, რომ მოსახლეობა ყველაზე მეტად ენდობა ოჯახს/მეგობრებს (49%) და პატრიარქს (29%).

მოკლედ კვლევაზე:
კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network-ი, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა.
ჩატარდა 2757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს 1048 რესპონდენტი გამოკითხა ტელეფონით. სატელეფონო გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე ჩატარდა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG