Netflix-მა მოიპოვა უფლება გადაიღოს სერიალი გაბრიელ გარსია მარკესის რომანის მიხედვით - „მარტოობის ასი წელი“.
ამერიკულმა მედია კომპანიამ განცხადება ეკრანიზაციის უფლების შეძენის შესახებ 6 მარტს გაავრცელა.
რომანი, რომელიც 50 წლის წინ, 1967 წელს გამოიცა, პირველად ინაცვლებს ეკრანზე.
ნობელიანტი მწერლის ვაჟი, როდრიგო გარსია, რომელიც ფილმის პროდიუსერი იქნება, ამბობს, რომ წლების განმავლობაში, მწერალს არაერთხელ მიუღია შეთავაზება რომანის ეკრანიზაციის შესახებ, თუმცა, ის ეკრანიზაციას არასდროს თანხმდებოდა:
„იქიდან გამომდინარე, რომ მისი მოკლე რომანების ეკრანიზაციები უკვე არსებობდა, მამა ფიქრობდა, რომ „მარტოობის ასი წელი“ არ იყო ერთ ფილმში (და არც ორ ფილმში) მოსაქცევი ამბავი და რთული იქნებოდა მისი სცენარად გადაკეთება და თარგმნა“.
როდრიგო გარსიას თქმით, მწერალს სურდა, რომ ფილმი ესპანურ ენაზე გამოსულიყო, რაც ასევე ქმნიდა ერთგვარ ბარიერს:
„Netflix იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც დაამტკიცა, რომ დღეს ხალხს სურს ნახოს უცხოური ფილმები სუბტიტრებით. ის, რაც აქამდე პრობლემა იყო, ახლა პრობლემა აღარ არის“.
ფრანცისკო რამოსი, Netflix-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მათ არაერთხელ სცადეს ეკრანიზაციის უფლების მოპოვება, თუმცა, უშედეგოდ:
„თუმცა, მას შემდეგ, რაც Netflix-ის უცხოენოვანმა ფილმებმა „ნარკოსმა“ და „რომამ“ ოსკარი მოიპოვეს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში, ამ ფაქტმა აჩვენა, რომ ჩვენ ვქმნით ესპანურენოვან ფილმებს მთელი მსოფლიოსთვის“.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაწერს სცენარს სერიალისთვის. ცნობილია ის, რომ სერიალს კოლუმბიაში გადაიღებენ.
გაბრიელ გარსია მარკესი 87 წლის ასაკში, 2014 წლის 17 აპრილს, მეხიკოში გარდაიცვალა. მარკესმა, რომელიც ესპანურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად არის აღიარებული, კარიერა გაზეთის რეპორტიორად დაიწყო. მისი შემოქმედების მწვერვალად კი ითვლება მაგიური რეალიზმის ჟანრში დაწერილი ეპიკური რომანი, „მარტოობის ასი წელი“, რომელიც 46 ენაზეა თარგმნილი. დღემდე გაყიდულია რომანის 50 მილიონი ეგზემპლარი.