Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 მაისს რეცხავ მანქანას, 25 მაისს ყრი დახეულ ფლოსტებს, 8 ივნისს იჭრი თმას


თუკი ყველაფერი ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით წარიმართა და თუკი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, მაშინ შეგვიძლია მთავრობის მიერ წარმოდგენილი ექვსეტაპიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად, ორ-ორკვირიანი ინტერვალებით მოხსნას, დაახლოებით სამთვიან კალენდრად ვაქციოთ და ის საქმიანობები დავგეგმოთ, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, უკვე თვეზე მეტია შეზღუდული გვაქვს. იქნება ეს დაზიანებული ტექნიკის შეკეთება, სილამაზის სალონში სტუმრობა, ტანსაცმლის შეძენა, ავტომობილის გარეცხვა თუ ა.შ.

27 აპრილი - 11 მაისი

შეგიძლია ივაჭრო ონლაინ. ანუ, სახლიდან გაუსვლელად შეიძინო ნებისმიერი ნივთი, რომლის შეძენაც პირველი აპრილიდან მოყოლებული ძალიან გსურდა (მაგალითად, „პლეერი“, როგორც პრემიერ-მინისტრი იტყოდა), მაგრამ რაკი მთავრობამ სწორედ პირველი აპრილიდან მიიღო გადაწყვეტილება ონლაინ ვაჭრობის შეჩერებისა, ამას ვერ ახერხებდი.

გარდა ამისა, დროის ამავე მონაკვეთში, ღია ტიპის აგრარულ ბაზარში შეგიძლია იყიდო ვაშლი და სტაფილო და რაც მთავარია, ეს ყველაფერი საკუთარი მანქანით წამოიღო სახლში.

11 – 25 მაისი

დადგა 11 მაისი. თუკი ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილურია, მაშინ 11 მაისიდან შეგიძლია წაიყვანო მანქანა ავტოსამრეცხაოში და თამამად გარეცხო. კომპიუტერი გაგიფუჭდა? ან იქნებ ღუმელი, რომელშიც აგერ უკვე ერთი თვეა რუდუნებით აცხობ პურს? არ არის პრობლემა, 11 მაისიდან შენ შეგიძლია საყოფაცხოვრებო ტექნიკა უდრტვინველად შეაკეთო.

ამავე პერიოდში, დასაშვები ხდება მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

25 მაისი - 8 ივნისი

ესეც ასე. 25 მაისი. ახლა შენ თამამად შეგიძლია გადაყარო ძირგახვრეტილი სახლის ფლოსტები და ეწვიო საცალო ან საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან და იყიდო ახლები, მაგრამ მე გირჩევდი, ის ძველი არ გადაგეგდო - როგორც სახსოვარი ცხოვრებაში პირველი კარანტინისა.

და თუკი ცხოვრებაში პირველი კარანტინის პირობებში, სახლში ყოფნისას, სრულიად შემთხვევით ან გამიზნულად, წიგნი შემოგეწერათ, შეგიძლიათ თამამად მიმართოთ გამომცემლობას. 25 მაისიდან ნებადართულია საგამომცემლო საქმიანობაც.

8 ივნისი - 22 ივნისი

როგორმე 8 ივნისამდე მივაღწიოთ და 8 ივნისს, დილიდანვე შეგვიძლია მივაკითხოთ სილამაზის სალონებს და შევიღებოთ ორი თვის შესაღები ჭაღარა, შევისწოროთ საკუთარი ხელით შეჭრილი წინამო, ქალი მინისტრების დავარცხნილი თმა რომ გვიკვირდა და გვშურდა, ჩვენც დავივარცხნოთ და ა.შ.

აჰ, ამასობაში ნიკაპზე ე.წ. ხიჭვები წამოგეზარდა? არ არის პრობლება, ესთეტიკური ცენტრები, თავისი ლაზერული ეპილაციით, ლიფტინგ-პილინკით, შენს ხელთაა.

მერე შეგიძლიათ დავარცხნილ-დალაგებულები გამოხვიდეთ სალონიდან და გაემართოთ რომელიმე ღია კაფეში ან რესტორანში, მოსვათ ყავა და ცერად გახედოთ რამდენიმე საათის წინ გახსნილ სავაჭრო მოლს.

22 ივნისი - 6 ივლისი

თქვენს წინაშე აღებს კარს ყველა დახურული რესტორანი, კვების ობიექტი.

6 ივლისი - 20 ივლისი

და თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, 6 ივლისიდან დასაშვები ხდება გასართობი, სპორტული ღონისძიებები, აზარტული თამაშები. სასტუმროები კი სტუმრებს იღებენ.

XS
SM
MD
LG