21 წლის მათე დევიძე პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე იმ დროს დააკავა, როცა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილი და ღამენათევი დემონსტრანტებისგან გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას ცდილობდა. მას პოლიციელზე ხელკეტით თავდასხმა ედება ბრალად, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
20 წლის ლუკა ჯაბუას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ის 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული უწყვეტი, პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეა.
მათე დევიძის წერილი
პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძე ორგვერდიან წერილში მხარს უჭერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს და გულშემატკივრებს „გისოსებიდან“ მადლობას უხდის:
„თქვენი თავისუფლების წყურვილი გვკვებავს სასოწარკვეთის წინააღმდეგ, რომელიც ასე ძლიერ ცდილობს ჩვენს გატეხვას, მაგრამ არა, არ დავნებდებით, ვერ დავნებდებით, სანამ თქვენ ხართ, სანამ თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის. თქვენ გვინარჩუნებთ იმ სულისკვეთებას, რომლის გამოც უსამართლობამ კლანჭებში მოგვიქცია და გამოგვამწყვდია ოთხ კედელს შორის. დაიმახსოვრეთ, მათ მხოლოდ მატერიალური თავისუფლება შეგვიზღუდეს, რითაც ხელს უწყობენ ჩვენი სულიერი თავისუფლების განვითარებას. ამით ისინი აძლიერებენ ჩვენი სამშობლოსადმი სიყვარულისკენ ლტოლვას“.
პატიმარი იმედიანადაა განწყობილი, მიაჩნია, რომ მალე გაათავისუფლებენ, რადგან „რთულ, მაგრამ სწორ გზაზე დგას“.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სწორ გზაზე ვართ, რთულ, მაგრამ სწორ გზაზე. ეს კი სხვა ყველაფერს წერტილს უსვამს, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, გულია მთავარი. ჩვენი მიზანია თავისუფლება, რომელსაც უძლეველი გულით ვატარებთ. ადამიანებს, ვისაც ერთმანეთის სიყვარული შეგვიძლია, ყველა ჯერაც დაუსრულებელი ხელოვნების ნიმუშები ვართ. თითოეული წერტილი, თითოეული ჩვენგანი განსხვავებულია და თანაბრად მნიშვნელოვანი თავისუფლებისთვის. ევროპული მომავლისთვის, სიცოცხლისთვის, რომელიც არსებობის ერთადერთი სწორი ფორმაა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს მის წვლილს, გაითავისოს რომ ყველაფერს ფასი აქვს. რადგან გავჩნდით, რადგან აქ ვართ, რაღაცისთვის ვართ“.
მათე დევიძის წერილი 2024 წლის 30 იანვრით თარიღდება. ამ ტექსტთან ერთად მან მხარდამჭერებს ლექსიც გამოუგზავნა სახელწოდებით - „წყვდიადის მზე“. წერილს ამთავრებს სიტყვებით - „სრული სვლით თავისუფლებისკენ“.
„ზუსტად არ ვიცი, რამდენი ვართ გისოსებს მიღმა. მაგრამ ვგრძნობ, რომ პატარა ვარსკვლავების შეერთებით ძალიან დიდ სხივს ვაშუქებთ, სამყაროს ვანათებთ, თქვენს გულებს ვანათებთ. ჩვენ მე და ლუკა ჯაბუა, ერთ-ერთი რეჟიმის ტყვე, ერთად ვართ, კარგად ვართ, ციხეში ვართ, მაგრამ მაინც სიმართლის მხარეს, როგორც ყველა ჩვენგანი. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს, ჩვენი სამშობლოს მხარდამჭერი ისტორიის ნაწილი ვართ. ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ“.
მათე დევიძე 21 წლის გლდანის ციხეში გახდა. ის 20 წლის დააკავეს 19 ნოემბერს არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე. ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“ და მათ მიაყენა დაზიანებები, რომლებსაც „არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა“. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.
მათე დევიძემ წინასასამართლო სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა:
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს მის წვლილს, გაითავისოს, რომ ყველაფერს ფასი აქვს, რადგან გავჩნდით, რადგან აქ ვართ, რაღაცისთვის ვართ. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ვართ გისოსებს მიღმა, მაგრამ ვგრძნობ, პატარა ვარსკვლავების შეერთებით ძალიან დიდ სხივს ვაშუქებთ, სამყაროს ვანათებთ, თქვენს გულებს ვანათებთ.
ჩვენ, მე და ლუკა ჯაბუა, რეჟიმის ერთ-ერთი ტყვე, ერთად ვართ, კარგად ვართ. ციხეში ვართ, მაგრამ მაინც სიმართლის მხარეს, როგორც ყველა ჩვენგანი. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს, ჩვენი სამშობლოს მარადმწერი ისტორიის ნაწილი ვართ“.
მათე დევიძე მუსიკოსია, ის დაკავებამდე ბენდში უკრავდა. ოჯახის წევრები მედიასთან ცოტას საუბრობენ, თუმცა ღიად აფიქსირებენ მოსაზრებას, რომ მათე დევიძე „რეჟიმის პატიმარია და უსამართლოდ ისჯება“. წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა, თუმცა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მათე ისევ პატიმრობაში დატოვა.
მათე დევიძე საკანში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაკავებულ სტუდენტ ლუკა ჯაბუასთან ერთად ზის.
ლუკა ჯაბუას წერილი
„წამით არ ვკარგავ შემართებას, თავი მაღლა მიჭირავს და იმაზე ძლიერი ვარ, როგორც არასდროს“, - წერს ლუკა ჯაბუა ციხიდან გამოგზავნილ 30 დეკემბრით დათარიღებულ წერილში.
„წამით არ ვნანობ არაფერს და ყოველდღიურად მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი ღირს, თავისუფლებისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის. სულ ვამბობდი, რომ თუ სამშობლოს სიყვარულისთვის გარკვეული გადასახადი უნდა დამიწესონ, მზად ვარ, გადავიხადო...“
ის მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციების დროს სხვა დაკავებულებს და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ პროევროპულ პროტესტს.
„როდესაც ქართველი ხალხი ერთიანდება, მათ წინააღმდეგ ვერასოდეს იზეიმებს უსამართლობა. ნაცრისფერი ხელისუფლება ცდილობს, ფერადი ბავშვები ნაცრისფრად შეღებოს, მაგრამ ჩვენ, ყოველდღიურად, ამ უსამართლობის ფერს, ფერადად ვანგრევთ.
დედაჩემს სასამართლოზე ვუთხარი, რომ მის შვილს სიმართლისთვის სჯიდნენ და მადლობა დედას, რომ ის ამაყია და მადლობა, რომ სამშობლოს სიყვარული მასწავლა, რაც ყველაფრად ღირს.
ყოველდღიურად თვალს გადევნებთ და ვიგებ ამბებს, როგორც შესაძლებელია და ვრწმუნდები, რომ ყოველდღიურად მეტად ვიზრდებით სახელმწიფოებრივად, კულტურულად და ვერთიანდებით, რაც ყველა ქართველის უდიდესი ოცნება და მიზანია.
ვერას დაგვაკლებს ოთხი კედელი, ჩვენ ის ბავშვები ვართ, რომლებიც თავისუფლებაში დაიბადნენ, იციან მისი ფასი და ამას არაფრის დიდებით არ დათმობენ. ვამაყობ, რომ ვარ ამ ყველაფრის ნაწილი...
თეატრალურშიც იმიტომ ჩავაბარე, რომ ვიცი, უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე დიდი იარაღი ხელოვნებით ნათქვამი "სიტყვაა". და მინდა საკუთარი თავი მივუძღვნა ქვეყნისთვის, თუნდაც ერთი აგურის დადებას. ამ შემართებით და ამ მუხტით ვარ თქვენთან და თქვენს გვერდით. ეს ყველაფერი მხოლოდ მაძლიერებს და პირადად განცდილი უსამართლობის შემდეგ მეტად დავრწმუნდი, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ დუმილი და თვალის დახუჭვა სამშობლოს ღალატის ტოლფასია.
მე პირადად შევიგრძენი და დავინახე, თუ როგორ ყარს და როგორ გამოიყურება უსამართლობა...“, - წერს ლუკა ჯაბუა.
„მუხლებზე მდგომ სიცოცხლეს, ფეხზე დამდგარი სიკვდილი მირჩევნია“, - ამ სიტყვებით ამთავრებს ის წერილს და მის ადრესატებს ახალ წელს ულოცავს.
20 წლის სტუდენტი ლუკა ჯაბუა 5 დეკემბერს დააკავეს. ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ლუკა ჯაბუას ადვოკატმა რუსუდან აგურაშვილმა პროცესზე თქვა: „სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს და მუშაობს. გარდა ამისა, ზრუნავს დედასა და ძმაზე, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას არ აქვს პასპორტი და არც ახლო ნათესავები ან მეგობრები ჰყავს საზღვარგარეთ, ვისი დახმარებითაც შესაძლოა ქვეყანა დატოვოს“.
ლუკა ჯაბუას ადვოკატმა რუსუდან აგურაშვილმა, აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე თქვა, რომ ჯაბუაზე ჯერ კიდევ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, რის გამოც პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რაც აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის, პატიმრობის შეფარდებას არ ითვალისწინებს.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას მაინც პატიმრობა შეუფარდა. ორ თვეში, პროკურატურამ გამოძიების გახანგრძლივება მოითხოვა, რის შემდეგაც ისევ გადახედეს აღკვეთის ღონისძიებას, თუმცა ლუკა ჯაბუა და კიდევ 18 ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა.
ფორუმი