Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქუჩაზე, გზას, სავარაუდოდ, თვე-ნახევარში დააგებენ


დაზიანებული გზა
დაზიანებული გზა

რადიო თავისუფლების ეთერში გასულ რეპორტაჟს გამოხმაურება მოჰყვა. ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქუჩაზე, სანიაღვრე არხების მოწესრიგება იწყება. შემდეგი პროცესი უკვე გზის დაგებაა. ვაშლოვანის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ილია ღუდუშაური შეხვდა. ღუდუშაური ამბობს, რომ ვაშლოვანის ქუჩაზე ახლა ერთმანეთის პარალელურად ორი პროექტი მიმდინარეობს. ერთი სასმელი წყლის პრობლემის, მეორე კი საგზაო ინფრასტრუქტრის მოგვარებას ითვალისწინებს. ორივეს დამფინანსებელი მგფ-ია. ილია ღუდუშაურის თქმით, ტურისტული სეზონის მოახლოების გათვალისწინებით, აქტიური მუშაობა განახლდა:

„ასფალტის საფარის დაგება შეჩერებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტი ვერ დასრულდა ვადებში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქსელის გადართვა ძველიდან ახალზე. როგორც კი ქსელის ტესტირების პროცედურა დამთავრდება, ასფალტის დაგების სამუშაოები განახლდება . ყურადღებას ვაქცევთ ამ ქალაქში მიმდინარე პროექტებს და ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ლაგოდეხისთვის ამ ორივე პროექტის დროულად დასრულებას“.

დაზიანებული გზის შეკეთების პროცესი
დაზიანებული გზის შეკეთების პროცესი

მართალია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ილია ღუდუშაურს სამუშაოების დასრულების კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია, მაგრამ ასეთ ვადებზე ჩვენთან ადგილობრივები ლაპარაკობენ. მათი თქმით, სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, დაპირება მიიღეს, რომ ვაშლოვანის ქუჩაზე წყლისა და გზის პრობლემა თვე-ნახევარში მოგვარდება:

„მტვრის გამო ფანჯარა ვერ გამიხსნია. ახლა ნაწვიმია, თორემ სხვა დროს, მანქანა რომ ჩაივლის, ქუჩა მტვერშია გახვეული. შეხვედრაზე თქვეს: ფიცს ვდებთ, თვე-ნახევარში ყველაფერი დასრულდებაო“.

შეგვპირდნენ, რომ 40 დღეში ამ ყველაფერს ჩაგვაბარებენ მოასფალტებულს და გაკეთებულს. ვნახოთ, დაპირება დამაიმედებლად ჩანს იმდენად, რომ მათი ვიზიტიდან მეორე დღესვე გამოჩნდნენ მუშები და დაიწყეს სამუშაოები....
ვიქტორ კერვალიშვილი

„დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად გააკეთებენ გზას“.

„დაპირება მივიღეთ ძალიან დიდი და იმედი გვაქვს, რომ ამ დაპირებას შეასრულებენ“.

მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა ბლუზფესტივალის დამფუძნებელი ვიქტორ კერვალიშვილიც. ის ამბობს, რომ დაპირება მიღებულია, თავად კი მონიტორინგს აწარმოებს. წელს მეორედ, ზაფხულში ლაგოდეხში ბლუზფესტივალი უნდა ჩატარდეს. ის სივრცე, სადაც ფესტივალი უნდა მოეწყოს, სწორედ ვაშლოვანის ქუჩაზეა:

„შეგვპირდნენ, რომ 40 დღეში ამ ყველაფერს ჩაგვაბარებენ მოასფალტებულს და გაკეთებულს. ვნახოთ, დაპირება დამაიმედებლად ჩანს იმდენად, რომ მათი ვიზიტიდან მეორე დღესვე გამოჩნდნენ მუშები და დაიწყეს სამუშაოები. ზოგმა მრიცხველების დაყენება დაიწყო, ზოგმა ბოგირების გაკეთება, ზოგიც დენის ავარიულ ბოძებს ცვლის. იმედი გვაქვს, რომ ვადებში ჩაეტევიან“.

დაზიანებული გზის შეკეთების პროცესი
დაზიანებული გზის შეკეთების პროცესი

ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქუჩაზე, გზა შპს “ლაგოდეხავტოგზამ” უნდა დააგოს. ამ შეპესეს ხელმძღვანელის, გია წიქარიშვილის, თქმით, სანიაღვრე არხების მოსაწესრიგებლად სამუშაოებს ხვალიდან განაახლებენ, გზას კი მას შემდეგ დააგებენ, რაც სასმელი წყლის პროექტი დასრულდება.

„სამუშაოებს ჩვენ ხვალიდან დავიწყებთ. გავაკეთებთ ეზოში შესასვლელებს და მოვაწესრიგებთ ჭებს, თუმცა არ შევეხებით გზას მანამ, სანამ არ დასრულდება წყლის პროექტი. წყლის პროექტი, წესით, მაისის თვეში უნდა დასრულდეს“.

„ლაგოდეხი ტურისტულ სეზონს მოშლილი საგზაო ინფრასტრუქტურით ხვდება“ – ამ სათაურით რეპორტაჟი რადიო თავისუფლების ეთერში მიმდინარე წლის 12 აპრილს გავიდა. მასალაში ნათქვამი იყო, რომ ასფალტის საფარი ამ ქუჩაზე მთლიანად არის აყრილი და პროექტით გათვალისწინებული გზის დაგების სამუშაოები შეჩერდა. ბოლო ინფორმაციით, პრობლემა ვაშლოვანის ქუჩაზე თვე-ნახევარში უნდა მოგვარდეს. გზის პროექტის ღირებულება მილიონ 200 ათას ლარზე მეტია, ხოლო წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე 11 მილიონამდე იხარჯება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG