რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დროებითი შეზღუდვები დაუწესა 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 მარტიდან ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები „რესპუბლიკაში“ შესვლას ვერ შეძლებენ. შეზღუდვები არ ეხებათ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს.
თუმცა საქართველოს, ავსტრიის, ავსტრალიის, ბელგიის, ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთის, იაპონის, კანადის, ლიეტუვის, რუმინეთის, საფრანგეთის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები ვერ მიიღებენ ე.წ. საზღვრის კვეთის ნებართვას.
27 თებერვალს კორონავირუსის აფეთქების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ოკუპირებული სამხერთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭომ, საქართველოსთან „საზღვარი“ განსაკუთრებული განკარგულების გამოცემამდე ჩაკეტა.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამშვებ პუნქტ „რაზდახანის“ გავლით შეუშვას ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, რომლებიც ე.წ. საზღვრის დაკეტვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩნენ.
მათივე ცნობით, საქართველოში არსებული კორონავირუსის ფაქტების გამო, ამ ადამიანების შეშვება ახალგორში დადგენილი წესით, სიების მეშვეობით მოხდება.
ამასთან, დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ასეთ პირებს 14-დღიან საკარანტინო ზონაში მოათავსებენ. კარანტინის ზონაში იმ პირებსაც მოათავსებენ, რომლებიც დაკავებული არიან ე.წ. საზღვარზე.
ცხინვალის სანიტარული ზედამხედველობის კომიტეტის ხელმძღვანელმა მარინა კოჩიევამ სპეციალური მიმართვა გაავრცელა და დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, კარანტინში ყოფნას დაექვემდებარებიან ის პაციენტებიც, რომლებსაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ცხინვალში შეიყვანს. როგორც ცნობილია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ცხინვალიდან სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები საქართველოს კლინიკებში გადაჰყავს, სადაც მათ უფასოდ მკურნალობენ, გამოჯანმრთელების შემდეგ კი მათ ცხინვალში აბრუნებენ. მარინა კოჩიევა ცხინვალში ამ გზით დაბრუნებულ ადამიანებსაც აფრთხილებს, რომ კარანტინში 14 დღის გატარება მოუწევთ. ეს განცხადება მარინა კოჩიევამ დე ფაქტო სახელმწიფო ტელევიზიით გაავრცელა.
27 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესასვლელი ყველა პუნქტი დაიხურა. მათ შორისაა სინაგური - პერევის გადასასვლელი, რომლითაც ბოლო პერიოდში ახალგორში მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობდნენ. ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დაბაში სიმშვიდეა და ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად არც პრევენციული ღონისძიებების გატარება მიმდინარეობს.
გასული წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაიკეტა ახალგორთან არსებული გამშვები პუნქტი და ახალგორელებმა თბილისში მოსახვედრად სინაგურის მიმართულებით გრძელ და რთულ გზაზე დაიწყეს სიარული, თუმცა ახლა ეს გამშვები პუნქტიც ჩაკეტილია. რაც შეეხება ე.წ რაზდახანის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, ის 24 იანვარს, ათი დღით პენსიონერებისთვის გაიხსნა. მანამდე ისინი ჩაკეტილი დაბიდან 5 თვის განმავლობაში გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ პენსიონერთა ნაწილი დაბაში აღარ დაბრუნდა და ზამთრის გატარება წეროვნის დევნილთა დასახლებაში ნათესავებთან ისურვა. მარტის ბოლოს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დადებული პირობის დრო მოდის. როგორც ცნობილია, ბიბილოვის ხელისუფლება ორ თვეში ერთხელ პენსიონერებს გზას გაუხსნის, იმისთვის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლა და კუთვნილი პენსიის მიღება მოახერხონ. დაბა ახალგორში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩაკეტილ გზას მარტის ბოლოს გახსნიან თუ არა, ჯერ არავინ იცის.