Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა, ჰარისი კამპანიას იწყებს - რა მოხდება ახლა?


მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი
მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი

ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი აღარ იქნება. ეს ცნობილი გახდა 21 ივლისს, X-ზე გამოქვეყნებული განცხადებიდან, რომელიც 81 წლის პრეზიდენტზე თანაპარტიელების რამდენიმეკვირიან წნეხს მოჰყვა. ვინ გახდება დემოკრატების ახალი კანდიდატი და მოახერხებს თუ არა ის დონალდ ტრამპის მეტოქეობას?

რატომ თქვა უარი ბაიდენმა კანდიდატურაზე?

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

ბოლო კვირებში პრეზიდენტ ბაიდენს, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ აპირებდა მონაწილეობას, კანდიდატობაზე ნებაყოფლობით უარის თქმისკენ უფრო და უფრო მეტი დემოკრატი პოლიტიკოსი მოუწოდებდა საჯაროდ.

მთავარი მიზეზი ბაიდენის ასაკია. 2021 წელს, როცა საპრეზიდენტო არჩევნების მოგების შემდეგ ფიცი დადო, ჯო ბაიდენი ავტომატურად გახდა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხნიერი პრეზიდენტი.

სოციოლოგიური გამოკითხვები ჯერ კიდევ შარშან აჩვენებდა, რომ ამერიკელები სკეპტიკურად უყურებდნენ ასაკოვანი ბაიდენის უნარს, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში თანამდებობისთვის სათანადოდ გაერთმია თავი.

თანაც, 2019 წელს პრეზიდენტად არჩევამდე, ბაიდენმა თავად დადო პირობა, რომ მეორე ვადით პრეზიდენტობას არ შეეცდებოდა.

ბაიდენმა, პარტიის მხარდაჭერით, მოგვიანებით გადაიფიქრა - 2024 წლის არჩევნებზე ნომინაციის მოსაპოვებელ დემოკრატიულ პრაიმერებში მოქმედ პრეზიდენტს ანგარიშგასაწევი მეტოქე არ ჰყოლია.

ჯო ბაიდენის მთავარმა მოწინააღმდეგემ, რესპუბლიური პარტიიდან, მისმა წინამორბედმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ბოლო სოციოლოგიული გამოკითხვებით, უკეთესი შედეგები აჩვენა და არჩევნებში დემოკრატების მიერ თეთრი სახლის შენარჩუნება ეჭვქვეშ დააყენა.

გადამწყვეტი მომენტი 27 ივნისს ბაიდენსა და ტრამპს შორის გამართული დებატი გამოდგა - დაახლოებით 50 მილიონმა ამერიკელმა პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ გაუჭირდა ბაიდენს რამდენჯერმე აზრის დასრულება.

ბუნებრივია, დაბნეული პრეზიდენტის ვიდეოები სოციალურ ქსელებშიც ვირუსულად გავრცელდა.

დებატებისას კამერებმა არაერთხელ დააფიქსირეს ბაიდენის დაბნეული სახე
დებატებისას კამერებმა არაერთხელ დააფიქსირეს ბაიდენის დაბნეული სახე

ამან გაამძაფრა ეჭვი ბაიდენის უუნარობის შესახებ - შეძლებდა კი, ნოემბრის არჩევნებში თუნდაც მოგების შემთხვევაში კიდევ ოთხი წლით ქვეყნის მართვას?

გამოკითხვებში დონალდ ტრამპის უპირატესობა გაიზარდა - ამერიკელების 67%-ის აზრით, დებატები სწორედ მან მოიგო. შედეგად, ტრამპმა ბაიდენს ყველა მერყევ შტატში გაუსწრო.

დებატების შემდეგ, დემოკრატიული პარტიის არაერთმა წარმომადგენელმა თუ ცნობილმა მხარდამჭერმა ბაიდენს მოუწოდა, განზე გამდგარიყო და ასპარეზი უფრო ახალგაზრდა, ენერგიული კანდიდატისთვის დაეთმო.

როგორც აღმოჩნდა, ზეწოლამ საბოლოოდ 21 ივლისს გამოიღო შედეგი.

„ბაიდენს სინამდვილეში ორ ფრონტზე უწევდა ბრძოლა - ერთი დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ და მეორე - საკუთარი, დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ბოლოს ეს ზედმეტი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ საარჩევნო კამპანია გაეგრძელებინა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორმა, თომას გიფტმა.

ჩაანაცვლებს ბაიდენს კამალა ჰარისი?

კანდიდატურის მოხსნისთანავე ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ცოტა ხანში იგივე გააკეთეს ბილ და ჰილარი კლინტონებმაც.

თავად ჰარისი ამბობს, რომ მზადაა, ბაიდენისგან ესტაფეტა გადაიბაროს და დონალდ ტრამპს დაუპირისპირდეს.

თუ აირჩევენ, 59 წლის კალიფორნიელი კამალა ჰარისი, რომელიც წარსულში პროკურორი და სენატორი იყო, აშშ-ის ისტორიაში ძირითადი პარტიის პირველი შავკანიანი ქალი კანდიდატი გახდება.

თუმცა, როგორც ჩანს, დემოკრატიულ პარტიაში მის კანდიდატურაზე ჯერ არ შეჯერებულან.

ბაიდენის განცხადებას მალევე მოჰყვა ბარაკ ობამას წერილი, სადაც მან, ბაიდენისა და კლინტონებისგან განსხვავებით, თავი შეიკავა კამალა ჰარისის მხარდაჭერისაგან.

იგივე გააკეთეს სხვა გავლენიანმა დემოკრატებმა – კონგრესის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შამერმა და წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა.

„მომავალ დღეებში გაუკვალავ გზაზე მოგვიწევს გავლა. მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტიის ლიდერები შეძლებენ, შექმნან პროცესი, საიდანაც გამორჩეული კანდიდატი გამოვლინდება“, - წერია ობამას განცხადებაში.

კამალა ჰარისის კანდიდატურის მთავარი პრობლემაც, ჯო ბაიდენის მსგავსად, ციფრებია - უკანასკნელ გამოკითხვაში, რომელიც CBS News-მა ჩაატარა, ტრამპი რომ ბაიდენს დაპირისპირებოდა, 52%-ს მიიღებდა, ბაიდენი კი - 47%-ს; თუ დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი იქნება, კვლევის თანახმად, ტრამპი 51%-ს მიიღებს, ჰარისი კი - 48%-ს.

დონალდ ტრამპი ლიდერობს ე.წ. მერყევ შტატებშიც - იქ, სადაც ფაქტობრივად არჩევნების ბედი წყდება.

დემოკრატების წარმომადგენელმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა, პრეზიდენტობისას ბარაკ ობამას უფროსმა მრჩეველმა, დევიდ აქსელროდმა CNN-თან თქვა, რომ გავლენიანი დემოკრატების ნაწილი ჰარისის მხარდაჭერისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ სვამენ კითხვას - „ვინ და როგორ შეძლებს დონალდ ტრამპის დამარცხებას ნოემბერში?“

ვინ შეიძლება შეეწინააღმდეგოს კამალა ჰარისს? ჯერჯერობით სახელდება ორი მთავარი პრეტენდენტი:

  • მიჩიგანის გუბერნატორი გრეჩენ უიტმერი - მერყევი შტატის პოპულარული გუბერნატორი შედარებით ახალგაზრდა პოლიტიკოსია და მას დანარჩენ ქვეყანაშიც კარგად იცნობენ. გამოკითხვების თანახმად, ტრამპი ამჟამად ლიდერობს მიჩიგანში, რაც შესაძლოა, შეიცვალოს უიტმერის კანდიდატად დაყენებით.
  • დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორი ჯო მანჩინი - მას თანაპარტიელები არაერთხელ გაუნაწყენებია, როცა სენატში თავისი პარტიის წინააღმდეგ მიუცია ხმა. წლის დასაწყისში, ის უპარტიო პოლიტიკოსადაც დარეგისტრირდა. დღეს კი მიანიშნა, რომ შეიძლება, თავად სცადოს კანდიდატურის მოპოვება.

ჰარისი ფიცს დებს, როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის ქმარს, დაგ ემჰოფს, ბიბლია უჭირავს ბაიდენის აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ინაუგურაციის დროს აშშ-ის კაპიტოლიუმის წინ, ვაშინგტონში, 2021 წლის 20 იანვარს.
ჰარისი ფიცს დებს, როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის ქმარს, დაგ ემჰოფს, ბიბლია უჭირავს ბაიდენის აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ინაუგურაციის დროს აშშ-ის კაპიტოლიუმის წინ, ვაშინგტონში, 2021 წლის 20 იანვარს.

თუმცა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკის ისტორიის პროფესორი მეთიუ დალეკი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ კამალა ჰარისს დიდი სასტარტო უპირატესობა გააჩნია და ახლა მისი დამარცხება ნებისმიერ ოპონენტს გაუჭირდება:

„ბევრი მიზეზის გამო, კამალა ჰარისის წამყვანი პოზიციიდან მოცილება ძალიან ძნელი იქნება. მას აქვს ბაიდენის მხარდაჭერა. მას შეუძლია ჰქონდეს წვდომა კამპანიის ინფრასტრუქტურასა და ფინანსებზე. ის უკვე ოთხი წელია, ვიცე-პრეზიდენტია, [ახალი კანდიდატის ასარჩევად] დროც ბევრი არაა დარჩენილი“, - თქვა მეთიუ დალეკმა.

კამალა ჰარისს სავარაუდოდ არ შეეწინააღმდეგება კიდევ ორი გუბერნატორი, რომელთა გვარებიც ბაიდენის სავარაუდო შემცვლელებში სახელდებოდა - კალიფორნიელი გევინ ნიუსამი და პენსილვანიელი ჯოშ შაპირო. ორივე მათგანმა უკვე გამოხატა საჯარო მხარდაჭერა კამალა ჰარისის მიმართ.

არაა გამორიცხული, რომ თუ კამალა ჰარისი ნომინაციას მიიღებს, ჯოშ შაპირო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ვიხილოთ. თუმცა ნიუსამის შემთხვევაში ეს გამორიცხულია, რადგან კამალა ჰარისი, მის მსგავსად, კალიფორნიას წარმოადგენს - აშშ-ის კანონმდებლობა კი კრძალავს, რომ ერთი და იმავე პარტიის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები იმავე შტატიდან იყვნენ.

კამალა ჰარისის სავარაუდო მეწყვილეებად სახელდებიან აგრეთვე არიზონელი სენატორი და ყოფილი ასტრონავტი მარკ კელი, კენტუკის გუბერნატორი ენდი ბეშირი და ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორი როი კუპერი.

როგორ აირჩევენ დემოკრატები ახალ კანდიდატს?

ბარაკ ობამას „გაუკვალავი გზა“ ტყუილად არ უხსენებია - უკვე 55 წელიწადზე მეტია, მოქმედ პრეზიდენტს პირველი ვადის შემდეგ კენჭისყრაზე აღარ უთქვამს უარი.

ბოლოს ასე ლინდონ ჯონსონი მოიქცა 1968 წელს - არაპოპულარულმა პრეზიდენტმა მარტის ბოლოს გამოაცხადა, რომ განზე გადგებოდა. მაშინ პრაიმერიზი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და დემოკრატები ფიქრობდნენ, რომ ამგვარად აარჩევდნენ კანდიდატს ნიუ-იორკის სენატორ რობერტ კენედისა და მინესოტის სენატორ იუჯინ მაკარტის შორის.

წინა არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებულმა ლინდონ ჯონსონმა (შუაში), რომელიც ვიეტნამის ომის გამო არაპოპულარული გახდა, 1968 წელს უარი თქვა ხელახლა კენჭისყრაზე
წინა არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებულმა ლინდონ ჯონსონმა (შუაში), რომელიც ვიეტნამის ომის გამო არაპოპულარული გახდა, 1968 წელს უარი თქვა ხელახლა კენჭისყრაზე

საბოლოოდ, საქმე სხვანაირად წავიდა - ორ თვეში, უფროსი ძმის მსგავსად, ტრაგიკულად მოკლეს რობერტ კენედი, დემოკრატების კანდიდატად კი პარტიის ქაოტურ ყრილობაზე აირჩიეს ჯონსონის პროტეჟე, ვიცე-პრეზიდენტი ჰაბერტ ჰემფრი, რომელიც დიდი სხვაობით დამარცხდა „რესპუბლიკელ“ რიჩარდ ნიქსონთან.

1968 წლის მსგავსად, დემოკრატების ყრილობა ახლაც ჩიკაგოში ჩატარდება. თუმცა გამორიცხული არც ისაა, კამალა ჰარისს ანგარიშგასაწევი კონკურენტი არ გამოუჩნდეს და შედეგად, კანდიდატის ვინაობა ყრილობის დაწყებამდე გაირკვეს.

საქმე ისაა, რომ ფორსმაჟორული ვითარების გამო, ჯერაც უცნობია, როგორ აირჩევს დემოკრატიული პარტია ახალ კანდიდატს. ამჟამად, მედიაში ორი ვარიანტი განიხილება:

  • კანდიდატს პარტიის დელეგატები აირჩევენ ღია ყრილობაზე, სადაც სხვადასხვა პოლიტიკოსი დაუპირისპირდება ერთმანეთს
  • თუ ჰარისს მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, ყრილობამდე ჩატარდება „მინიპრაიმერი“, რომელიც იქამდე გადაწყვეტს ნომინაციის ბედს.

დემოკრატების შინაგანაწესის თანახმად, პარტიის ეროვნული კომიტეტი პრაიმერიზში გამარჯვებული კანდიდატის მიერ კანდიდატურის მოხსნიდან ორ დღეში უნდა შეიკრიბოს და ახალი კანდიდატის შერჩევის წესზე შეჯერდეს.

დემოკრატები ჩიკაგოში 19-22 აგვისტოს შეიკრიბებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG