25 წლის ჰამიდ სადიკოვი გარდაბნის რაიონში, სოფელ კალინინოში ორენოვან დამხმარე მასწავლებლად მუშაობს. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ბუკინისტური წიგნების მაღაზია აქვს. ძველი წიგნების მოყვარულები მას ჰამიდ ბუკოვსკის სახელით იცნობენ - ამ ფსევდონიმით არის იგი რეგისტრირებული facebook-ზე.
ბუკინისტი მასწავლებელი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი ყოფილი მოსწავლე, 19 წლის გოგო თანასოფლელებმა მოიტაცეს. 12 ოქტომბერს მან ფეისბუქის პირად გვერდზე მოტაცებულ გოგოს მხარდაჭერა გამოუცხადა და მოტაცების მანკიერი პრაქტიკა დაგმო. ჰამიდ სადიკოვი წერდა, რომ თემში ამ მავნე ჩვეულებას უხუცესები იწონებენ. სტატუსი გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გაქრა. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივებმა ჰამიდი სოფლის მოედანზე იძულებით გაიყვანეს და უხუცესებისთვის ბოდიში მოახდევინეს. მასწავლებელს ბოდიშის მოხდისას ვიდეო გადაუღეს და ინტერნეტში გაავრცელეს.
სავარაუდო იძულების ფაქტს საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით იძიებს. იმ შემთხვევაში, თუკი შსს დამნაშავეებს დაადგენს,ისინი ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით დაისჯებიან.
შემთხვევიდან 10 დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება,დაკითხული არიან როგორც ჰამიდი, ასევე საქმის სხვა ფიგურანტები და მოწმეები. ამ დრომდე განათლების სამინისტროს არ გაუკეთებია ოფიციალური განაცხადი, რომლის მიზანიც მასწავლებლის გამხნევება ან გოგონების მოტაცების და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მასწავლებლების როლზე ხაზგასმა იქნებოდა.
დღეს ჰამიდი ამბობს, რომ მას საზოგადოების დამატებითი ყურადღების მიქცევა არ სურს, კამერებთან ლაპარაკი არ შეუძლია და აღარც იმ ამბის გახსენება სურს. ის, რის დავიწყებასაც ჰამიდი ცდილობს, კარგად ახსოვთ მის თემში. ჰამიდის სახლის ძებნისას ყველა შემხვედრმა, ვისაც მასზე ვკითხეთ, დაწვრილებით მოგვიყვა, რაც მოხდა და იქვე აღნიშნა, რომ ასეთი სისასტიკე - შეურაცხყოფა მიეყენებინათ ვინმესთვის და ამის ამსახველი ვიდეო მასალა ინტერნეტში გაევრცელებინათ, არ ახსოვთ.
ჰამიდ სადიკოვი რადიო თავისუფლებას წერილობით ინტერვიუზე დათანხმდა.
შენ აიმაღლე ხმა ქალთა უფლებებისთვის. როგორ ფიქრობ, რა არის მასწავლებლის ვალდებულება, გარდა იმისა, რომ კარგი გაკვეთილი ჩაატაროს, ბავშვებს საგნობრივი ცოდნა გადასცეს?
მასწავლებლის ვალდებულება ალბათ იმაზე მეტია, რაც ეროვნულ სასწავლო გეგმაშია მითითებული. მასწავლებლის როლი და მოვალეობა უსასრულოა. მე ჯერ ძალიან ცოტა ხანია რაც მასწავლებლად ვმუშაობ, ასე რომ, რჩევების გაცემისგან თავს შევიკავებ.
უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდი. როგორ გახდი კალინინოს სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელი?
სკოლაში, სადაც დღემდე ვასწავლი, შარშანწინ 1 თვით დასჭირდათ ისტორიის მასწავლებელი. გამოვთქვი სურვილი და დროებით მასწავლებლად ამიყვანეს. პირველი გაკვეთილი დღემდე მახსოვს, მეთორმეტე კლასში ჩავატარე. ჩემზე სულ რაღაც 5 წლით უმცროსებთან. თავიდან ერიდებოდათ დიალოგის, მერე დავმეგობრდით. იმ ერთმა თვემ გადაწყვიტა, რომ სკოლაში უნდა მემუშავა.
ახლა მასწავლებლის სახლის პროგრამის - “ორენოვანი დამხმარე მასწავლებლის” მონაწილე ვარ. მის შესახებ მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე სწავლისას გავიგე, დავრეგისტრირდი და ასე გავხდი ახლა უკვე გეოგრაფიის დამხმარე მასწავლებელი. მიჭირს იმის ახსნა, რასაც ვგრძნობ, როცა ბავშვები პატივისცემით და იმედით გიყურებენ. ეს დამოკიდებულება გავალდებულებს დაიცვა ისინი ყველანაირი საფრთხისა და სიბოროტისგან, სულ გინდა რომ გაახარო, გააღიმო და ეს მეგობრობა, რაც თქვენს შორის არის, ზრდადი იყოს, არ დაიკარგოს, არ დაივიწყონ.
იმ უსიამოვნო ინცინდენტის შემდეგ მიიღე შემოთავაზება სხვა სკოლებიდანაც. რაც დადასტურებულად ვიცით, მარნეულის მეორე სკოლის დირექტორი გთავაზობდა მის სკოლაში გადასვლას და უსაფრთხოების და თავისუფლების სრულად დაცვას? რას ფიქრობ ამ წინადადებაზე?
ქალბატონ შორენას სოციალური ქსელიდან ვიცნობ და მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და გულწრფელი და სასიამოვნო შემოთავაზებისთვის. მაგრამ ამ ეტაპზე ჩემ სკოლაში დავრჩები.
ჩემი უფლებების დარღვევის ფაქტი სკოლაში არ მომხდარა. მხარდაჭერა ამ სკოლაშიც მაქვს, თან ეს პირველი სკოლაა, რომლის კარიც ჩემთვის გაიხსნა. ისე კი, უფლებების დაცვას რაც შეხება, ყველა სკოლაში უნდა იყოს დაცული არამარტო მასწავლებლის უფლებები.
როგორ ისწავლე ქართული ასე კარგად?
სკოლის პერიოდში იმაზე ბევრად ცუდად ვიცოდი ქართული, ვიდრე ახლა ჩემმა მოსწავლეებმა იციან. უნივერსიტეტში იმ სიტყვების პრაქტიკაში გამოყენება მომიწია, რაც ვიცოდი და ნელ-ნელა გავაუმჯობესე ჩემი ქართული.
ენის შესწავლა უფრო პრაქტიკული ამბავია, ვიდრე თეორიული. შეიძლება ბევრი სიტყვა იცოდე, მაგრამ ვერ ლაპარაკობდე. თბილისში და გარდაბანში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა მოქართულეობის დონეს თუ შევადარებთ, უფრო ნათელი იქნება, რაზეც ვლაპარაკობ. ჩემი სამაგისტრო ნაშრომიც ფაქტობრივად ამ თემაზე დავწერე: ქვემო ქართლში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს შეეხებოდა და სამართლებრივ და ტერიტორიულ თავისებურებებს ხსნიდა.
მასწავლებლის გარდა, ბუკინისტიც ხარ. რა გიზიდავს ძველ წიგნებში?
ბუკინისტობა ჩემთვის უფრო მეტია ვიდრე ბიზნესი. ბუკინისტობამდე ჩემი ბიბლიოთეკისთვის წიგნების მოგროვებით მივედი. იყო პერიოდი, როცა წიგნების მხრივ ძალიან ღარიბი ვიყავი, ახლა პირიქითაა. ერთხელაც ბუკინისტებზე მოთხრობის დაწერა გადავწყვიტე, სადაც მინდოდა რომ ყველაფერი ნამდვილი ყოფილიყო და არაფერი მოგონილი. ამიტომ გავხდი ბუკინისტი, მინდოდა თავად მეგრძნო, როგორია ძველი წიგნებით ცხოვრება.
მოუპოვარი წიგნის პოვნა აუხსნელი სიხარულია. ეს არის ალბათ ერთადერთი რიტუალი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არასოდეს მბეზრდება. იმ ფულს, რასაც წიგნების გაყიდვით ვშოულობ, სხვა წიგნებში ვხარჯავ. ბუკინისტებმა არაერთი საჭირო წიგნი გადაარჩინეს ქაღალდის ქარხნების “გილიოტინას”.
რა არის შენთვის ყველაზე საინტერესო მასწავლებლის საქმიანობაში? რა შედეგის მისაღწევად შედიხარ გაკვეთილზე?
თუ ამ კითხვას ჩემს მოსწავლეებს დაუსვამთ, გეტყვიან, რომ შედარება და ანალიზი მიყვარს. ჩემმა ლექტორებმა მასწავლეს თავის დროზე ანალიზი, შედარება, დასკვნების გამოტანა და დასკვნიდან გამომდინარე ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა. მოსწავლეებსაც ეს მინდა ვასწავლო.