როგორც ახალმა დირექტორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, პირველადი პროფესიით იურისტია, დღეს კი - მხატვარი, მუსიკის მკვლევარი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად არჩევამდე ვლადიმერ ტატიშვილი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა და რადიოპროგრამა „ჯაზოფრენიის“ ავტორი და წამყვანი იყო. იგი თავის გეგმებზე რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ეკა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: რა პრობლემებს და გამოწვევებს ხედავთ აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, რაზეც აპირებთ მუშაობას პირველ რიგში?
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს აჭარის, ზოგადად, რეგიონის პიარის ინსტრუმენტად...
ვლადიმერ ტატიშვილი: ერთი შეხედვით რასაც ვხედავ, ტექნიკურად არის გასამართი ტელევიზია. რაც შეეხება შინაარსს, გადაცემებს, აქაც პირველ რიგში, ყველას ექნება იმის საშუალება, რომ რაც იქნება შესაცვლელი, გასაახლებელი, გამოსასწორებელი, ერთად ვიმუშაოთ. ყველას ექნება თავის გამოჩენის საშუალება. რა თქმა უნდა, რეფორმები აუცილებელია. სამწუხაროდ, ყველა რეფორმა მტკივნეულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ვინმეს ინტერესი გათვალისწინებული არ იქნას. თუკი ეს სწრაფად გამოსწორდება, რომ ეს ყველაფერი დაეტყოს იმ პროდუქტს, რასაც ჩვენ იქ შევქმნით, რა თქმა უნდა, ამის საჭიროება არ გახდება. მაგრამ, თუკი გუნდი ვერ აჰყვება სათანადოდ ინოვაციებს, თვითგანვითარებას, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დადგება რეორგანიზაციის საკითხი.
რადიო თავისუფლება: თქვენ გაქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის გამოცდილება. თქვენი აზრით, რა დანიშნულება და ფუნქცია უნდა ჰქონდეს რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებელს?
ვლადიმერ ტატიშვილი: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს აჭარის, ზოგადად, რეგიონის პიარის ინსტრუმენტად. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ეხმარებოდეს რეგიონს იმისთვის, რომ უფრო განვითარდეს ტურიზმი და აბსოლუტურად ყველა სხვა მიმართულება. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს ხიდად საზოგადოებასა და მაგალითად, ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. იმიტომ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის აქვს ეს შეგრძნება და პრობლემა იმისა, რომ ვიღაცას ჩვენი არ ესმის... როლი რეგიონულ მაუწყებელს ისეთივე აქვს, რაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ჩემი სურვილია, რომ იგი არა მხოლოდ რეგიონულ მასშტაბზე იყოს გათვლილი, იმიტომ, რომ მას საქართველოს სხვა ქალაქებშიც უყურებენ. ჯერ ერთი, ნდობა უნდა მოიპოვოს, ყურებადი უნდა გახდეს, უნდა გამოჩნდეს რეიტინგების რადარებზე და რა თქმა უნდა, საერთაშორისო პლატფორმაზეც.
რადიო თავისუფლება: თქვენ თქვით, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო უნდა იყოს ხიდი საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. როგორ უნდა შეინარჩუნოს მაუწყებელმა სარედაქციო დამოუკიდებლობა? როგორი უნდა იყოს საინფორმაციო პოლიტიკა? როგორ უნდა დაიცვათ ჩარევისგან მაუწყებელი?
ვლადიმერ ტატიშვილი: ეს პირდაპირ გვიწერია მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომ მაუწყებელი უნდა იყოს არატენდენციური, ნეიტრალური და საზოგადოებამდე უნდა მიიტანოს ინფორმაცია ისე, როგორც არის. ანუ, თუ სადმე რამე გაფუჭდა, ის ისე უნდა ვანახოთ. თუ სადმე რამე გაკეთდა, ის ისე უნდა ვანახოთ. ყველანაირი ქვეტექსტების გარეშე… ჩვენ ანგარიშვალდებულება გვაქვს მხოლოდ საზოგადოებასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ჩვენ იგივე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან არ ვითანამშრომლოთ. ეს აუცილებელია. თუნდაც, რაღაც იდეები მაქვს პროგრამებზე, გადაცემებზე და ა.შ. და არა მარტო მათთან. წინასწარ რთულია რამის თქმა, მაგრამ ვეცდები, რომ გავატარო დამოუკიდებელი პოლიტიკა.
მაგრამ უკვე რომ შევალ შენობაში და გავეცნობი მუშაობის სპეციფიკას, ვინ, როგორ და რანაირად დგება ნიუსი და ა.შ. მერე უფრო გამიადვილდება გადაწყვეტილებების მიღება...
რადიო თავისუფლება: აჭარის მაუწყებლის პოლიტიკაში ჩარევა იყო მთავარი ბრალდება, რომელიც გიორგი კოხრეიძეს მაუწყებლის დირექტორად არჩევის შემდეგ მალევე წაუყენა ჟურნალისტების ნაწილმა. მოგვიანებით, ზოგიერთი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ნაწილი სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს. დირექტორს სასამართლოში ათზე მეტმა ჟურნალისტმა უჩივლა შრომითი უფლებების დარღვევისთვის.
ვლადიმერ ტატიშვილი: მე მზად ვარ, რომ მოვუსმინო ამ თანამშრომლებსაც. კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდე, რა მოხდა, რატომ მოხდა. ბევრ თემატიკაზე ეხლა შეიძლება ვრცელი პასუხი ვერ მოგცეთ, იმიტომ, რომ კიდევ უფრო უნდა გავერკვიო. შიგნიდან დავინახო ეს ყველაფერი. გავარკვიო, რატომ იყვნენ გაშვებული, რა მოხდა, ვისი ბრალეულობა იყო. იმიტომ, რომ არ არსებობს არასდროს ცალსახად ერთი მხარე იყოს მხოლოდ დამნაშავე.
რადიო თავისუფლება: აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები, რომლებიც დევნასა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობებზე 2019 წლის შემდეგ საჯაროდ საუბრობდნენ, დღეს უკვე ამბობენ, რომ გიორგი კოხრეიძემ შეძლო და რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებელი კრიტიკული აღარ არის. თქვენ როგორ ხედავთ?
ვლადიმერ ტატიშვილი: რასაც მე ვუყურებ, ერთი შეხედვით, ერთგვარი ბალანსი არის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში. მე იქ წავაწყდი ცოტა კრიტიკულ გადაცემასაც, საერთოდ, პრობლემა არა აქვთ და საუბრობენ ყველაფერზე და წამყვანიც ძალიან თავისუფლად თავის აზრებს ამბობს. რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვებას, იქაც ოდნავ დაბალანსებულია ეს ყველაფერი. მაგრამ უკვე რომ შევალ შენობაში და გავეცნობი მუშაობის სპეციფიკას, ვინ, როგორ და რანაირად დგება ნიუსი და ა.შ. მერე უფრო გამიადვილდება გადაწყვეტილებების მიღება და თუნდაც, მსგავს კითხვაზე პასუხის გაცემა.
რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რა არის მთავარი სტანდარტი, რომელიც რეგიონულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა დაიცვას?
ვლადიმერ ტატიშვილი: შეიქმნას საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, ისეთი პლატფორმა, სადაც ადამიანებს მშვიდად შეეძლებათ ერთმანეთთან საუბარი, რომ საზოგადოებას ყველამ ყველაფერი გააგებინოს. ეს ეხება პოლიტიკოსებსაც, კულტურის სფეროს წარმომადგენლებსაც. შეურაცხყოფების, ლანძღვა-გინების გარეშე უნდა ვისწავლოთ საუბარი და უნდა ვისწავლოთ მოსმენა... აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იქცეს მაგალითად სხვა ტელევიზიებისთვის, თუ როგორ შეიძლება მსგავსი პროდუქციის კეთება.