ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი გენერალური დირექტორის, ნათია კაპანაძის საჩივარი. ამით სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მოსაზრება გაიზიარა - არ გააუქმა კაპანაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დღეს, 2 ნოემბერს გამოაცხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ დირექტორს, ნათია კაპანაძეს უნდობლობა 2019 წლის 19 აპრილს გამოუცხადა. კაპანაძის გადაყენებას საბჭოს ხუთი წევრიდან მხარი ოთხმა დაუჭირა, ერთი - წინააღმდეგი იყო. კაპანაძემ მრჩევლების გადაწყვეტილება 2019 წლის აპრილშივე გაასაჩივრა.
2019 წლის ნოემბერში, აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ, ხმათა უმრავლესობით, დირექტორად აირჩია გიორგი კოხრეიძე. საქმიანობის დაწყებიდან მალევე არაერთმა ჟურნალისტმა კოხრეიძე დაადანაშაულა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევასა და მიუკერძოებელი ჟურნალისტების დევნასა და შრომითი უფლებების დარღვევაში. დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოში არაერთი სარჩელია შეტანილი. მათი ნაწილი ყოფილმა თანამშრომლებმა მოიგეს.