საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, მეორე ცდით, ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს. მის არჩევამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა 5-დან ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ირინე ფუტკარაძემ.
თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ვლადიმერ ტატიშვილს ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა მაუწყებლის მოქმედი დირექტორი გიორგი კოხრეიძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სამი წლის ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების შესრულებას ის 22 ნოემბრიდან შეუდგება.
ვლადიმერ ტატიშვილი მხატვარი, მუსიკის მკვლევარი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორია, კითხულობს ლექციებს მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის შესახებ. 2016 წელს გამოსცა ლექსების კრებული „Raond Midnaight”, 2020 წელს - სახელმძღვანელო „სიტყვა, მუსიკა და ფერი სატელევიზიო რეკლამაში".