Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ქადაგიძე დღეს ილიაუნის სტუდენტებს ხვდება


დღეს, 4 თებერვალს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე სტუდენტებს შეხვდება. ღონისძიება ფეისბუკით დაიგეგმა, მასზე დასწრების სურვილს, ამ დროისათვის, უკვე გამოხატავს 2000-მდე სტუდენტი.

შეხვედრას, სავარაუდოდ, დაესწრება ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი გიორგი პაპავა, რომელიც ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანის, გიორგი ქადაგიძის შემდეგ ასევე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მან ამის მიზეზად გიორგი ქადაგიძის მხარდაჭერა დაასახელა:

"ბევრი ტექნიკური საკითხი შეიძლება მოიყვანოს მიზეზად ცენტრალურმა ადმინისტრაციამ, რომლის არცერთ წარმომადგენელს ჩემთან არც ბიზნესის სკოლაში უკვე განხორციელებულ ცვლილებებზე უკითხავს აზრი, არც იმის პატივი დაუდია კანცელარიის მეილით არ გამეგო გათავისუფლების შესახებ, მაგრამ რეალურად ჩემი შეფასებით, ჩემი გათავისუფლება მხოლოდ ერთადერთი მიზეზით აიხსნება: გიორგი ქადაგიძის და მასთან ერთად ბიზნესის სკოლაში განხორციელებული ცვლილებების მხარდაჭერა.“- გიორგი პაპავა ამბობს, რომ იგი დანებებას არ აპირებს.

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და ახლა უკვე ილიაუნის ბიზნეს სკოლის ყოფილმა დეკანმა გიორგი ქადაგიძემ 31 ფესიბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ იგი დეკანის პოსტიდან გაათავისუფლეს. ამ დროს იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. ყოფილი დეკანი ვარაუდობდა, რომ ე.წ. რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც იგი ბიზნეს სკოლის დეკანი აღარ არის, ადმინისტრაციამ სწორედ ამ პერიოდს დაამთხვია .

მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის. ცხადია ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ ახლა იწყება. მეტის დაწერა სამწუხაროდ პირადი მიზეზების გამო არ შემიძლია, მაგრამ ორშაბათიდან ყველაფერი იქნება საჯარო“, - წერდა გიორგი ქადაგიძე.

გიორგი ქადაგიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას სხვაგვარად ახსნა ილიას უნივერსიტეტის დეკანმა გიგა ზედანიამ:

„გავაკეთეთ რეფორმა, შევქმენით ახალი ფაკულტეტი, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი დეკანის თანამდებობაზე, რომელში მონაწილეობაც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც“, - წერდა გიგა ზედანია და შენიშნავდა რომ ილიაუნს სიახლეების კი არ ეშინია, სიახლე სჭირდება.

მისი თქმით, ამის დასტურია ბოლო სტრუქტურული რეფორმაც, რომელიც მისი სიტყვებით, ყველა წესის დაცვით, ყველა კოლეგიური საბჭოს ჩართვით მიმდინარეობდა და რომელში მონაწილეობაზე, მისი სიტყვებით, უარს ამბობდა გიორგი ქადაგიძე.

ილიას უნივერსიტეტის რექტორს მხარდაჭერა უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გამოუხატა. 4 თებერვალს საბჭომ მორიგი განცხადება გამოაქვეყნა.

"რეფორმების განხორციელების შემდეგ, გიორგი ქადაგიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა საბჭოსათვის სრულიად გაურკვეველი და, ამავე დროს, მოულოდნელი სტატუსი, რომელშიც მან სტრუქტურული ცვლილებები მის წინააღმდეგ დაგეგმილ ქმედებად შეაფასა და, ამდენად სცადა მოეხდინა მიმდინარე რეფორმების და უნივერსიტეტის დისკრედიტაცია;" - ნათქვამია აკადემიური საბჭოს მიერ გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში, სადაც დეტალურად არის ახსნილი, ბიზნესის ფაკულტეტის გაუქმების და რეორგანიზაციის პროცესი.

XS
SM
MD
LG