Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია ორბელიანი, ვისზეც „მერანი“ დაიწერა


ილია ორბელიანი, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი
ილია ორბელიანი, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

ილია ორბელიანი თავადი და რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი იყო. მთელი ცხოვრება კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლას შეალია და, საბოლოოდ, ამას შეეწირა კიდეც, მაგრამ ისტორიამ მისი სახელი უფრო სხვა ფაქტის გამო დაიმახსოვრა. ეს არის ადამიანი, რომელზეც ბარათაშვილმა „მერანი“ დაწერა.

მართალია, „მერანი“ის ლექსი არ არის, რომელიც ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრებას ეხება, მაგრამ ამაზე ცოტა მერე.

ტატოს პატარა ბიძა

ილია ორბელიანი ერთდროულად ორ პოეტს ენათესავებოდა. ის გრიგოლ ორბელიანის უმცროსი ძმა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძა იყო, თუმცა, რადგან ტატოზე მხოლოდ ორი წლით ადრე დაიბადა, ფაქტობრივად, ერთად იზრდებოდნენ.

1842 წელს ილია შამილს ჩაუვარდა ტყვედ. მისი ჯარისკაცები დახოცეს, თავად კი, რადგან ადიუტანტი იყო, შამილმა ცოცხალი დატოვა. მასთან შეხვედრა და, ზოგადად, მთელი ტყვეობა ილია ორბელიანმა შემდეგ საკუთარ თხზულებაში აღწერა:

„გაქონილი პერანგი ეცვა. უეჭველია, ისიც, როგორც ყველა მთიელი, საცვალს არ იცვლის, ვიდრე პერანგის ერთი ძაფი მაინც მთელია, ანდა სანამ ზედ არ შემოალპება და მხრებიდან არ დასცვივა. ირგვლივ მცველები ეხვია, გამზადებული იარაღი ხელთ ეჭირა, მრისხანედ მოგვმართა:

- თუ რუსები ჩემს შვილს დამიბრუნებენ, თბილისში გაგიშვებთ, არადა აქვე აგჩეხავთ ყველას და ჯოჯოხეთში გიკრავთ თავს.

- შამილ, - მივუგე მე, - აქ ორჯერ და სამჯერ მეტი ტყვეებიც რომ გყოლოდით, ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები მაინც არ დასთანხმდებოდნენ შენს წინადადებას“.

(„რვა თვე შამილის ტყვეობაში“, რუსულიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო ელიზბარ უბილავამ).

შამილი ლოცვის დროს, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან
შამილი ლოცვის დროს, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

ორმო

ამის შემდეგ ტყვეები წინ გაიგდეს და რამდენიმე დღე მთებში ატარეს, სანამ მათთვის განკუთვნილ ორმოს არ მიაღწევდნენ. გზად მოტაცებული ქართველები ხვდებოდნენ. სოფელ ახვახში თავადთან ქალმა მოირბინა, კახეთიდან 15 წლის წინ ტყვედ წამომიყვანეს და აქ ერთი გამოქცეული რუსის ცოლი ვარო.

15 კაცი მოვემწყვდიეთ, რომელთაც არსად არ გვიშვებდნენ, თვით ფეხის ადგილისთვისაც კი.
ილია ორბელიანი

სოფელ კარატაში კახეთიდან მოტაცებულ ბავშვებს გადაეყარა. შემოეხვივნენ და მწარედ ატირდნენ.

ბოლოს დანიშნულების ადგილამდეც მივიდნენ.

ხარო, რომელიც ბნელ დილეგად გადაგვეშალა, სიღრმით ერთი საჟენი (152 - 176 სმ) იქნებოდა და ნახევარი საჟენი სიგანე, ასე რომ, დასაძინებლად რომ ვწვებოდით, იძულებული ვიყავით ერთმანეთზე ფეხები დაგვეწყო. ჰაერი მხოლოდ მაღლიდან ჩამოდიოდა, საიდანაც ჩვენ ჩამოგვიშვეს. საღამოობით ჩვენს დილეგს სახურავით ჰკეტავდნენ. თვითონ ხაროს თავი გადახურული იყო საყარაულო ფარდულით, რის გამოც ჰაერი უფრო გვეხუთებოდა. მალე შემოგვიმატეს ერთი ჭაბუკი ჩეჩენი, რომელსაც მკვლელობას აბრალებდნენ. ბოლოს სულ 15 კაცი მოვემწყვდიეთ, რომელთაც არსად არ გვიშვებდნენ, თვით ფეხის ადგილისთვისაც კი“.

საჭმელი დღეში სამი ხინკალი ჰქონდათ. ერთხელ ყადმა ამოიყვანა, ტანსაცმელი და წმინდა გიორგის ხატი წაართვა.

„დამიწყო გინება, პირში მაფურთხებდა, ასევე დააფურთხა ხატსაც. შემდეგ შემოაცალა ძვირფასი სამკაული, ხოლო თვითონ ხატი ცეცხლში ჩააგდო. ასე გამოვეთხოვე ჩემს იმედს, ხატს, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასი იყო ჩემთვის, რადგან დედამ იმით დამლოცა და სამახსოვროდ გამომატანა“.

ხაროში ბორკილებით ისხდნენ. დღის სინათლე იქ არ აღწევდა და გათენებას მოლას ძახილით გებულობდნენ. ასე გამოთვალეს აღდგომაც, იმ წელს ის 19 აპრილს დაემთხვა. ერთმანეთი გააღვიძეს და „ქრისტე აღსდგა“ იგალობეს.

მეორე თუ მესამე დღეს ქარბუქმა დილეგის თავზე მოწყობილი ფარდული წააქცია და ქვეშ ორი ყარაული მოიყოლა.

„ჩვენ კი საშინელ მდგომარეობაში ჩავცვივდით. ჰაერი სრულიად დაიხუთა, წუთი წუთზე სუნთქვა გვიძნელდებოდა, ბოლოს მთლად შეუძლებელი შეიქნა, გულზე რაღაც მძიმედ მომაწვა, თითქოს მაჯლაჯუნა მახრჩობსო. ზოგიერთს გული წაუვიდა. კიდევ რამდენიმე წუთი და არც ერთი ჩვენგანი ცოცხალი აღარ დარჩებოდა. საბედნიეროდ, მშველელი ხალხი მოვიდა...“

„მერანის“ ხელნაწერი, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი
„მერანის“ ხელნაწერი, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

ჯოხით გათხრილი გვირაბი

ახვერდ-მაჰმადი - შუატანის ვაჟკაცი, სახეზე სიკეთის იერით. ჩეჩნეთში მისი ვაჟკაცობის ხმა გრგვინავდა - ასე ახასიათებს ილია ორბელიანი შამილის ერთ-ერთ თანამებრძოლს, რომელიც იმით დაამახსოვრდა, რომ ტყვეებთან ჩამოჯდა და მათი გამხნევება სცადა.

„ნუ გატყდებით სულიერად, ვაჟკაცურად გეჭიროთ თავი. აბა, შემომხედეთ მე და შამილს, რამდენი ჭრილობით დაიკემსა ჩვენი სხეული... ღმერთი დიდია, არავინ იცის, ვის რა ელის! იყავ ნება მისი, ურომლისოდაც არაფერი კეთდება. თქვენც ასევე უნდა მოითმინოთ თქვენი უბედურება, ღმერთი მოწყალეა, ალბათ ესეც გაივლის და თქვენ დასტკბებით ახალი ბედნიერებით“, - და აქ ახვერდ-მაჰმადმა ტყვეებს იმ ბრძოლის შესახებ უამბო, რომლის დროსაც შამილს ცოლი და 85 მებრძოლი მოუკლეს. მერე დაჰპირდა, გიშუამდგომლებთ, რომ ხინკალი მოგიმატონო.

მაგრამ შამილი ტყვეებს იმიტომ კი არ აშიმშილებდა, რომ ხინკალი ენანებოდა, ამით მათი დაუძლურება სურდა. „რომ არ გამექცეთ და ამით არ წამერთვას შვილის ნახვის შესაძლებლობა. მინდა გაწვალო თუნდაც იმის გამო, რომ ერეკლე მეორის შვილიშვილი ხარ“, - უთხრა მან ილიას.

ტყვეები გაქცევაზე ფიქრობდნენ, მაგრამ მხოლოდ გულში, რადგან დილეგში ჩაყრილებიდან ერთ-ერთი ჩეჩენი იყო და ის შეთქმულებაში მონაწილეობას არ მიიღებდა. ერთხელაც ჩეჩენი გაათავისუფლეს და ორმოში დარჩენილებმაც გეგმის შედგენა დაიწყეს. გვირაბს ჯოხით თხრიდნენ, მის შესასვლელს იმ თივით ფარავდნენ, რომელზეც მანამდე ჩეჩენს ეძინა, ერთ წვიმიან ღამეს კი მართლაც გაიპარნენ.

ილიამ ცალი ფეხიდან ბორკილის მოხსნა ვერ შეძლო, ამის გამო სიარულში ხელი ეშლებოდა. რამდენიმე დღე ტღე-ღრეში იარეს, უფსკრულებზე დახოხავდნენ. არც ტანსაცმელი ჰქონდათ, არც საჭმელი. დროდადრო სეტყვა დაუშენდა ხოლმე. ბალახისა და ნახევრად დამპალი ღანძილის ჭამისგან ყელის ანთება დაემართათ. საბოლოოდ კი ჩეჩნებმა მაინც შეამჩნიეს და ხაროში დააბრუნეს.

არაერთხელ ვუხმობდი სიკვდილს, როგორც ხსნის უკანასკნელ საყუდელს, კეთილისმყოფელს.
ილია ორბელიანი

შამილის პირველი რეაქცია მძიმე იყო, უნდოდა ტყვეებისთვის თავები დაეყრევინებინა, მაგრამ გადააფიქრებინეს, „იქნებ მათში რამდენიმე კეთილი მუსულმანი გამოიმეტონო“.

„შამილმა კი შეცვალა ბრძანება, მაგრამ ისეთი მძიმე პირობები შეგვიქმნა, რომ სიკვდილი გაცილებით გვიჯობდა. რამდენჯერ მინატრია ჯალათის ნაჯახი. მე სხვებთან ერთად დამბორკეს უზარმაზარი წისქვილის ჯაჭვებით. ეს ჯაჭვები ისე მძიმე იყო, რომ უძრავად უნდა ვწოლილიყავი ცარიელ მიწაზე. როდესაც საჭმელს გვაძლევდნენ, ჯაჭვებს ქვემოთ ხის ბოძებს შეუდგამდნენ ხოლმე, რადგანაც ყოვლად შეუძლებელი იყო წამოდგომა. არაერთხელ ვუხმობდი სიკვდილს, როგორც ხსნის უკანასკნელ საყუდელს, კეთილისმყოფელს. ის განცდა, მაშინ რომ გადავიტანე, ხორციელ და სულიერ ყველა ტანჯვას აღემატება, რაც კი მანამდე თავს გადამხდომოდა“, - წერს ილია ორბელიანი.

როგორ გაცვალეს ერთი ოცდაორში

ილია ორბელიანში შამილს თბილისიდან ორ ჰაჯსა და კიდევ თერთმეტ მიურიდს (მორჩილი) სთავაზობდნენ, მაგრამ ის მაინც უარზე იყო. ამის გამო თავისი მასწავლებლის, ჯემალ-ედინ- ყაზიყუმუხელის, საყვედურიც კი დაიმსახურა.

„შარიათში წერია, - სწერდა ის, - რომ თითოეულ ტყვე მოლაზე შეიძლება ასი ურწმუნოს განთავისუფლება და რომ, მაშასადამე, ორ მოლაზე, რომლებიც თბილისში იმყოფებიან ტყვეობაში, შენ უყოყმანოდ უნდა მისცე ეს ტყვეები. მოვალე ხარ ასე მოიქცე“.

შამილმა მაინც კარგა ხანს იყოყმანა, შემდეგ კი დათანხმდა. ამ ვაჭრობაში ილია ხან ხაროდან ამოჰყავდათ გასათავისუფლებლად, ხან ისევ უკან აბრუნებდნენ. საბოლოოდ, ის 13 მიურიდსა და 9 ტყვე ქალში გადაცვალეს.

„ახლა ჩვენ მეგობრები ვართ, ნათესავები... როდესაც გინდოდეს, მოდი ყონაღად. შენ აქ არავითარი საფრთხე არ გელის და ისე მიგიღებ, როგორც საკუთარ შვილს“, - უთხრა შამილმა გამომშვიდობებისას.

ერთი საჟენის სიღრმის ორმო, სადაც 26 წლის ილიამ რვა თვე დაყო, უკან რჩებოდა.

მერანი

ნიკოლოზ ბარათაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან
ნიკოლოზ ბარათაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

„ილიას დაჭერა რომ შევიტყვე, სწორე გითხრა, ძალიან შევწუხდი, ისე, რომ სამი დღე გაბრუებული ვიყავ ათასის სხვადასხვა უცნაურის ფიქრებით და სურვილით და რომ ეკითხათ კი ჩემთვის, მეც არ ვიცოდი, რა მინდოდა. ბოლოს, მესამე დღეს, ეს ლექსები დავწერე და თითქოს ამან რაღაც შვება მომცა. ვცდილობ, რომ ილიკოს როგორმე მივაწვდინო; ვიცი, გულში ჩაიცინებს და არ იქნება, მით არა ენუგეშოს რა“, - სწერს ნიკოლოზ ბარათაშვილი გრიგოლ ორბელიანს.

ეს ლექსი „მერანი“ იყო, ცხრა სტროფი ადამიანსა და ქვეყანაზე, რომელთა ბედი, საბოლოოდ, ერთმანეთს დაემსგავსა, მაგრამ მასთან შეგუებას მაინც არც ერთი არ აპირებს. თუ რატომ, ეს სკოლის სახელმძღვანელოში ზეპირ დავალებადაა შეტანილი:

„ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის

ეს განწირულის სულის კვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი,

მერანო ჩემო, მაინც დარჩება;

რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა

სიძნელე გზისა გაუადვილდეს“...

თითქოს მარტივი და უკვე ბევრჯერ გაგონილი სიტყვებია, მაგრამ ბევრჯერ მხოლოდ იმიტომ გავიგონეთ, რომ ის ოდესღაც ერთხელ დაიწერა, მას შემდეგ, რაც განჯაში ჩარჩენილმა ბარათაშვილმა სამი დღე ათასი უცნაური რამ იფიქრა და გააანალიზა.

ქაშუეთში დამარხული ბავშვი

ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ილია ორბელიანი ისევ სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა. 1845 წელს ის განჯის მაზრის უფროსად დანიშნეს. ამ დროისთვის ბარათაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო. ილიამ დისშვილის საფლავს ქვა დაადო და ბრძოლა გააგრძელა.

1853 წელს, როდესაც სულ რაღაც 35 წლის იყო, რუსეთ-ოსმალეთის ომში დაიჭრა და ალექსანდრეპოლის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გრიგოლ ორბელიანი მასთან გაეშურა, გზად დედოფლისწყაროში ბარბარე ბატონიშვილს გაუარა, ილიას მეუღლეს, რომელსაც ტყუპი ბავშვი შესძენოდა. ძმას ცოცხალს ჩაუსწრო, მაგრამ დაჭრილი რამდენიმე დღეში გარდაიცალა. დაიღუპა ერთ-ერთი ტყუპისცალიც.

ილია ორბელიანი და მისი ახლად გარდაცვლილი ვაჟი ქაშუეთში ერთ საფლავში დაკრძალეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG