Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თქვა თუ არა რაიმე ახალი ბიძინა ივანიშვილმა?


ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი
ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი

დღეიდან, 5 ნოემბრიდან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ერთვებიან „ქართული ოცნების“ წევრები არჩევითი ორგანოებიდან.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოდან და უშუალოდ პარტიის თავმჯდომარისგან, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს დავალება, რომ შეხვდნენ ამომრჩევლებს, მოისმინონ მათი გულისტკივილი და დაარწმუნონ, რომ პრობლემები მოგვარდება. პროცესში არაპირდაპირ, ვიდეომიმართვით ჩაერთო თავად ბიძინა ივანიშვილიც. იგი ამბობს, რომ ესმის ადამიანების იმედგაცრუების და უკმაყოფილების, თუმცა ამის მიუხედავად, ამომრჩეველმა არ უნდა მისცეს საშუალება „ქართული ოცნების“ ოპონენტს, არჩევნებში გაიმარჯვოს.

რისკები და შეცდომები, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობს:

  • არჩევნების მეორე ტურში მაღალია იმის რისკი, რომ ამომრჩეველმა მცდარი გადაწყვეტილება მიიღოს;
  • ქვეყანა დგას „მოძალადე რეჟიმის“ დაბრუნების საფრთხის წინაშე და ეს განსაცდელი „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა;
  • ოპონენტების განზრახვა, გაათავისუფლონ ცალკეული ბრალდებული პირები, დესტაბილიზაციის საფრთხის შემცველია;
  • ხელისუფლება დაშორდა ხალხს და დაკარგა ნდობა;
  • ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება სიდუხჭირე;
  • არ აღდგა სამართლიანობა;
  • ზოგიერთი მოხელე ხალხის ნაცვლად პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს.
ბიძინა ივანიშვილი არჩევნების პირველ ტურზე
ბიძინა ივანიშვილი არჩევნების პირველ ტურზე

როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილი სიტუაციის გადარჩენას:

  • რადიკალურად უნდა გადაიხედოს პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები;
  • სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში უნდა ჩაერთონ ახალგაზრდები;
  • მართვის ყველა ხარვეზის გამოსწორებაზე პასუხისმგებლობას თავად ბიძინა ივანიშვილი იღებს და ამისთვის იგი ერთ წელს ითხოვს.

რა როლს ითამაშებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა:

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვა განსხვავდება მის მიერ აქამდე გაკეთებული ყველა საჯარო განცხადებისგან, ინტერვიუების ჩათვლით. თუმცა პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ სანახევრო დაპირებებით არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლის დარწმუნება და სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდა გაუჭირდება.

თორნიკე შარაშენიძე
თორნიკე შარაშენიძე

"თუ ჭკუა აქვთ, უნდა მოემზადონ ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული, ნორმალური ცვლილებისთვის. ამაში ტრაგედია ნამდვილად არ არის. იმ რეაქციიდან გამომდინარე, რომელიც მათ გამოავლინეს არჩევნების ვერმოგების შემდეგ, მე უფრო იმან შემაშფოთა, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ხელისუფლებაში აღარ იყვნენ“, - განმარტავს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე და ამბობს, რომ სიტუაციის გადასარჩენად ბიძინა ივანიშვილს არჩევნებამდე უნდა ეფიქრა. უნდა მოეხსნა რამდენიმე მინისტრი, პასუხისგებაში უნდა მიეცა რამდენიმე კანონდამრღვევი, მაგალითად, ოთარ ფარცხალაძე და თავად უნდა გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი.

ბიძინა ივანიშვილის 5 ნოემბრის მიმართვას დაგვიანებულად მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც. იგი ფიქრობს, რომ ეს მიმართვა ამომრჩევლის გულს ვერ მოიგებს. გია ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილი შეეცადა ამომრჩევლისთვის დაენახვებინა, რომ მან რეალობას თვალი გაუსწორა. „არ ვიცი, რას ემსახურება მისი გზავნილი. ერთი სცენარით, შეიძლება ეს იყოს ერთჯერადი კონტრაქტის საფუძველზე ადამიანების გამოყენებით ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი; ხოლო მეორე სცენარით, ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი მონანიება, სისტემური ცვლილებების პერსპექტივით“, - ამბობს გია ხუხაშვილი, რომელიც ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ასეთი მიმართვის ეფექტი განუზომლად დიდი იქნებოდა 28 ოქტომბრამდე, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე.

„ძველი გვარდია“ - მინიშნება „ახალ კოალიციაზე“?

„საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ... არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ“, - ბიძინა ივანიშვილის მიმართვის ადრესატებს შორის მოხვდა „ქართული ოცნების“ ძველი გვარდიაც, ანუ ის, ვინც, მისი სიტყვებით, შეუძლებელი შეძლო 2012 წელს.

მიმართვის ამ ნაწილის კომენტირებისას, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამ მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკელებს“ ვერ იგულისხმებდა. მის გამოსვლაში, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, მთავარი ქვეყანაში ორი ალტერნატიული პოლიტიკური პოლუსის გაფორმება იყო.ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ყოფილი სუბიექტის, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერისთვის, ნინო გოგუაძისთვის კი მიუღებელია აბსოლუტური ძალაუფლება. იგი განგვიმარტავს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ დღეს მხარს არც ერთ მხარეს არ უჭერს:

ნინო გოგუაძე
ნინო გოგუაძე

„მეორე მხარეს, ვაშაძის სახით არის მიშა სააკაშვილი, რომელიც არის ასევე აბსოლუტური ძალაუფლება. და მე არ მჯერა, როგორი სახეცვლილიც არ უნდა იყოს მიშა სააკაშვილი, რომ მისი ძალაუფლება შეიცვლება, ისევე,როგორც არ შეიცვლება ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება“, - გვითხრა ნინო გოგუაძემ, რომელიც არ არის დარწმუნებული, რომ „ძველ გვარდიაში“ ბიძინა ივანიშვილი ძველ პოლიტიკურ პარტნიორებს გულისხმობდა და არა თავისივე პარტიის განაწყენებულ აქტივისტებს. ერთ-ერთი მათ შორის კი ვინც „ძველი გვარდიიდან“ გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიმართვას, არის "თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი, ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ჩადგეს ქვეყნის სამსახურში.

პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი კი რადიკალურად დაპირისპირებული რჩება ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვის შეფასებისას; გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხს ისევ ატყუებს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ცვლილებები დაიგეგმა, მათი განხორციელება დაიწყო და ერთ წელში შედეგებიც გამოჩნდება. მათივე განმარტებით, შეხვედრებს ამომრჩევლებთან მინისტრები, დეპუტატები თუ საკრებულოების წევრები არჩევნების მეორე ტურის შემდეგაც განაგრძობენ.

XS
SM
MD
LG