ავტორი: თორნიკე მეტრეველი
25 ნოემბერს რუსეთმა სამ უკრაინულ გემს შავ ზღვაში ცეცხლი გაუხსნა, უკრაინელი მეზღვაურები დაჭრა, ხომალდები კი დააკავა. რუსეთმა, ტრადიციისამებრ, დაარღვია საერთაშორისო სამართალი ორი მარტივი კანონის გამო: შავი ზღვა არის ტრანზიტისთვის თავისუფალი (იხ. გაეროს საზღვაო სამართლის კონვენცია) და ყირიმი ეკუთვნის უკრაინას, 2003 წლის რუსეთ-უკრაინის შეთანხმების თანახმად კი, ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში უკრაინის სახელმწიფოს აქვს შეუფერხებლად გადაადგილების უფლება.
ამ ინციდენტის პასუხად უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივას და ქვეყნის 10 რეგიონში 30 დღით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა (იხ. რუკა).
რატომ გაუხსნა ცეცხლი რუსეთმა უკრაინის სახელმწიფო ხომალდებს ახლა, როცა, მაგალითად, უკრაინული გემების პირველი პარტია, კერძოდ კი, გემი „დონბასი“ და ბუქსირი „კორეცი“ უპრობლემოდ გაატარა ამა წლის 23 სექტემბერს?
ინციდენტი ემთხვევა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელმაც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას პოჩაევის ლავრის ნაგებობებით სარგებლობის უფლება გაუუქმა. პოჩაევის ლავრა მიიჩნევა „რუსული სამყაროს“ იდეის ფუნდამენტად და განთქმულია კონსერვატიული და ღიად პრორუსული სასულიერო დასით. ამას ადასტურებს კონფესიათაშორისი გადასვლების რუკაც დასავლეთ უკრაინაში - ტერნოპოლისა და როვნოს ოლქებში. რუკაზე აღნიშნულია ის სამრევლოები, რომლებიც ევრომაიდნის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოდან კიევის საპატრიარქოს შემადგენლობაში გადავიდნენ. წითელი და ყვითელი წერტილების უმრავლესობა სწორედ პოჩაევის ლავრის ტერიტორიის ირგვლივაა.
სწორედ „რუსული სამყაროს“ იდეის დასასრულის დასაწყისია უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, რაშიც რუსეთი დღითი დღე მარცხდება, ერთი მხრივ, უკრაინის სახელმწიფოსთან და, მეორე მხრივ, მსოფლიოს პატრიარქ ბართლომესთან. თუ უკრაინის მოკავშირეებმა ეფექტურად არ უპასუხეს რუსეთის აგრესიულ გამოხტომას, რისი ნიშნებიც უკვე არის, უკრაინის დესტაბილიზაციის შემდეგი სამიზნე, შესაძლოა, რელიგიური ფრონტი აღმოჩნდეს. თუ რატომ არის რელიგიური ფრონტი რუსეთის გეოპოლიტიკურ თამაშში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ამას ქვემოთ მოგახსენებთ.
რუსული სამყარო - იდეა, იდეოლოგია და პროექტი
უკრაინისთვის ნატოში შესვლის დაპირებისა არ იყოს, უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას შეჰპირდნენ. ნატოს ისტებლიშმენტისგან განსხვავებით, განსაკუთრებული გაბედულება მსოფლიოს პატრიარქმა ბართლომემ გამოიჩინა, რომელმაც კრემლს გეოპოლიტიკურ ბლიცკრიგში დებიუტი მოუგო, თუმცა მთელი პარტია ჯერ კიდევ წინ არის. საკითხავია, ვისთვის რა არის ამ პარტიაში შამათის ფასი. კრემლისთვის უკრაინის ავტოკეფალია (ერთი ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობა მეორისაგან) „რუსული სამყაროს“ იდეის ჩამონგრევას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, პუტინის რუსეთის ცარისტული იმპერიალიზმისა და საბჭოთა რევანშიზმის ერთგვარი ჰიბრიდის იდეოლოგიური დასაყრდენია. რუსეთის სახელმწიფოსთვის რომ მართლმადიდებლური ძმობის მითი გეოპოლიტიკური იარაღია და ამ მითის შექმნაში კრემლი რომ სერიოზულ კაპიტალს დებს, ჩანს„Associated Press“ (AP)-ის ჟურნალისტური გამოძიებიდანაც. AP-მ გამოააშკარავა, თუ როგორ ცდილობდნენ რუსი ჰაკერები შეეღწიათ და ეთვალთვალათ ამერიკელი დემოკრატების, სამხედრო კონტრაქტორებისა და სამხედრო მოსამსახურეების ცოლების, ამერიკული დაზვერვის თანამშრომლებისა და ჟურნალისტების იმეილებისთვის. ამავე გამოძებით დადგინდა, თუ როგორ იყვნენ რუსი ჰაკერები ჩართულნი მართლმადიდებელი სამყაროს უმაღლეს მღვდელმთავართა პირადი მიმოწერების ფარულად მოპოვებასა თუ ამა თუ იმ სასულიერო პირზე სხვადასხვა სახის მაკომპრომეტირებელი მასალების შეგროვებაში, რათა გავლენა მოეხდინათ მათ პოზიციაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში.
რელიგიური დღის წესრიგი ჰქონდა ამა წლის ოქტომბერში გამართულ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრას. კერძოდ, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად განიხილა უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი. საბჭოს შემადგენლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ რუსეთის სახელმწიფოსთვის საკითხის მნიშვნელობაზე. უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის განხილვას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, შსს-ს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, აგრეთვე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი. ფედერალური უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრას წინ უძღოდა უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე პატრიარქ კირილეს ვიზიტი სტამბოლში, სადაც ამ პროცესის შესაჩერებლად ჩასულ რუსეთის პატრიარქს მსოფლიო პატრიარქის ხისტი პასუხი დახვდა. როგორც ირკვევა პატრიარქებს შორის საუბრის გასაჯაროებული ჩანაწერებიდან, რუსული ეკლესიისთვის რუსეთი და უკრაინა ერთი ქვეყანაა და ეკლესიაა ამ ცნობიერების გამტარი: „ჩვენ არასდროს მიგვიტოვებია აზრი, რომ ჩვენ [უკრაინა და რუსეთი] ერთი ქვეყანა და ერთი ხალხი ვართ“, განაცხადა პატრიარქმა კირილემ. „შეუძლებელია კიევი გამოჰყო ჩვენს ქვეყანას, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ისტორია დაიწყო. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებს როგორც რუსულ, ასევე უკრაინულ ეროვნულ ცნობიერებას“. ამავე საუბრის ჩანაწერში ჩანს, რომ რუსეთის პატრიარქმა კირილემ ბართლომესგან ხისტი უარი მიიღო, რის პასუხადაც რუსეთის ეკლესიამ მსოფლიოს საპატრიარქოსთან კავშირები გაწყვიტა.
უკრაინისთვის ავტოკეფალია რუსული გავლენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შტოსგან გათავისუფლებას ნიშნავს.პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელიც გაპრეზიდენტებამდე მოსკოვის საპატრიარქოს მრევლი იყო, უკრაინის ავტოკეფალია და, ზოგადად, რელიგიისა და ეროვნული ინტერესების სიმბიოზი პოლიტიკური დღის წესრიგის ეპიცენტრში მოახვედრა.
დღემდე უკრაინაში ერთადერთი კანონიკური ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაა, კიევის საპატრიარქო კი, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს 1990-იან წლებში გამოეყო მიტროპოლიტ ფილარეტ დენისენკოს აქტიურობით, უკრაინის მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიასთან ერთად მოიაზრება ახალი უკრაინული ეკლესიის გამაერთიანებელ ძალად, რაც რუსული სამყაროს დასასრულის დასაწყისია. და მაინც, რას ეფუძნება „რუსული სამყარო“, როგორც პროექტი, იდეა და იდეოლოგია, და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უკრაინის ავტოკეფალიას გეოპოლიტიკურ რუკაზე?
„რუსული სამყარო“, როგორც პროექტი, გაპატრიარქების შემდგომ განსაკუთრებით აიტაცა პატრიარქმა კირილემ. „რუსული სამყარო“ სოციოკულტურული ზენაციონალური სივრცის შექმნას ისახავს მიზნად. როგორც აღმოსავლეთ უკრაინაში ჩემი კვლევის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა რესპონდენტმა პირად საუბარში მითხრა, „რუსული სამყაროს“ იდეა მას, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს მრევლს უკრაინაში, ასწავლის და ანარჩუნებინებს რუსულად ფიქრის უნარს. რას ნიშნავს ამ კონკრეტულ კონტექსტში რუსულად ფიქრი? რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერპრეტაციით, „რუსული სამყაროს“ იდეა სცდება რუსული იდენტობის ვიწრო ეთნოლინგვისტურ კატეგორიას და ყოველდღიურ პრაქტიკაში ის ეროვნულ სახელმწიფოზე ზემოთ დგას (ან უნდა იდგეს). თავად პატრიარქ კირილეს სიტყვებით, „რუსული სამყაროსთვის“, როგორც იდეისთვის, სახელმწიფოს საზღვრები პირობითია და მუდმივად ცვლადი, მისი ფუნდამენტი რელიგიურ-ცივილიზაციური ვექტორია. ამ სივრცის წევრი შეიძლება იყოს როგორც რუსი ადამიანი, ასევე უკრაინელი და ქართველიც, რადგან ამ ერების გამაერთმნიშვნელიანებელი არის რელიგიური მრწამსი.
განყენებული რელიგიურ-იმპერიალისტური მითოლოგიიდან თუ ყოველდღიური პოლიტიკის ენაზე გადმოვთარგმნით პატრიარქ კირილეს ამ ნააზრევს, „რუსული სამყარო“, როგორც იდეოლოგია, ნიშნავს ეროვნული საზღვრების, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური ინსტიტუტების პირობითობას, მათ ერთგვარ რელატივიზაციას. სწორედ „რუსული სამყარო“ ხდება იდეოლოგიური ჩარჩო, რომელიც ახდენს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების უხეში დარღვევის მისტიკური ნარატივებით ლეგიტიმაციას (როგორც ეს ყირიმში მოხდა). ამერიკელი ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი პუტინის გეოპოლიტიკური სტრატეგიის საფუძველს მე-19 საუკუნის რუსი ფილოსოფოსის, ივან ილინის ქრისტიანულ-ფაშისტურ თეორიაში ხედავს. მათთვის, ვისაც მართლმადიდებელ სამყაროში სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობები უსწავლია, ივან ილინი თითქოს განსაკუთრებულს არც არაფერს ამბობს. ერთი მხრივ, ის ამტკიცებს, რომ აუცილებელია ეკლესიისა და სახელმწიფოს სიმბიოზი. მეორე მხრივ, ამ სიმბიოზში განმსაზღვრელი არის არა კანონის უზენაესობა, არამედ ნაციონალიზმი, რომელიც უპირისპირდება სულიერ საფრთხეებს, რაც რუსეთს გარედან ემუქრება.ამგვარად, ნაციონალიზმი ხდება საშუალება პოლიტიკური ტოტალიტარიზმის დასამყარებლად, ტოტალიტარული მმართველობა კი მეტაფიზიკური და მორალური არგუმენტებით არის გამართლებული.
ყირიმის ოკუპაციამდე ერთი წლით ადრე ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრი გენერალი ვალერი გერასიმოვი აყალიბებს სახელმწიფოთა შორის არსებული კონფლიქტების არასამხედრო მეთოდებით გადაჭრის რვა ფაზას. ამავე კონცეფციაში გერასიმოვი რუსეთის სამხედრო დოქტრინის შესახებ წერს. ამ დოქტრინაში დიდი წვლილი აქვს არაპირდაპირი და ასიმეტრიული ომის ტაქტიკას, რომლის შემადგენელი ნაწილი სწორედაც რომ„რუსული სამყაროს“ იდეაა. როგორც ჰიბრიდული ომის სტრატეგიის ატრიბუტი, პოლიტიკურ დონეზე, რუსული სამყაროს იდეა არ თავდება სახელმწიფოს სუვერენიტეტის საზღვრებში. პირიქით, გერასიმოვის თეორიით, „რუსული სამყარო“, როგორც ჰიბრიდული ომის წარმოების სტრატეგია, ეფუძნება დაშვებას, რომ რუსეთის ეროვნული ინტერესები სცდება მის ტერიტორიას, ხოლო მისი ტერიტორიის მიღმა გავლენის შენარჩუნებისთვის საჭიროა საინფორმაციო ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ტრადიციული კულტურული ფასეულობების პროპაგანდას. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სწორედაც რომ ჰიბრიდული ომის წარმოების ინსტრუმენტია, რომლის ჩავარდნაც უკრაინაში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს საგრძნობლად აზიანებს. დააზიანებს თუ არა „რუსული სამყაროს“ ფიასკო უკრაინის სტაბილურობას და დაიწყება თუ არა უკრაინაში რელიგიურ ნიადაგზე განვითარებული სამოქალაქო ომი, ამას დრო გვანახვებს. ამ გეოპოლიტიკური პარტიის ენდშპილის ბოლო სვლა კი უკრაინელ ხალხს ეკუთვნის.
ავტორის შესახებ: თორნიკე მეტრეველი შვეიცარიის სტ. გალენის უნივერსიტეტის ლექტორი და იქ პოსტდოქტორანტურაში სამწლიანი პროექტით იკვლევს უკრაინაში ინტერკონფესიური ურთიერთობების გეოპოლიტიკურ ასპექტებს. სტ. გალენამდე თორნიკე სხვადასხვა კვლევით პოზიციაზე მუშაობდა და სწავლობდა ჰარვარდში, ბერნში, ლონდონსა და ედინბურგში.