Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემურ ცხურბათი: „ადამიანების სამკურნალოდ არგაშვება ველურობაა“


რამდენიმე დღის განმავლობაში დედას შვილის დატირების საშუალებას არ აძლევდნენ - დედა ახალგორში იყო გამოკეტილი, შვილი კი წეროვანში გარდაიცვალა. არაერთი თხოვნის მიუხედავად, დედას ჩაკეტილი ახალგორიდან წეროვნისკენ არ უშვებდნენ. ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი ხმაური მოჰყვა.

დე ფაქტო ხელისუფლებას უკვე ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტებიც აკრიტიკებდნენ. შვილმკვდარი დედისთვის კი ეგრეთ წოდებული ჩაკეტილი გამშვები პუნქტი წუხელ გაიხსნა. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დაბაში რთული ვითარებაა. ავადმყოფებს მედიკამენტები სჭირდებათ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება კი ახალგორელთა თხოვნას, გზის გახსნის თაობაზე რეაგირების გარეშე ტოვებს.

2 კვირის წინ ახალგორის მცხოვრებლებმა ხელმოწერები შეაგროვეს და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს გამშვები პუნქტის გახსნის თაობაზე თხოვნით მიმართეს, თუმცა 242 ხელმომწერს ცხინვალიდან პასუხი არ მიუღია. დაბაში მყოფი ადამიანების ყოფა კი ყოველდღიურად მძიმდება. დე ფაქტო ხელისუფლება კი მათ არ ეუბნება გზა როდის გაიხსნება. გზის ჩაკეტვამ ავადმყოფები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ახალგორიდან გავრცელებული ცნობების მიხედვით, 9 სექტემბერს ახალგორის საავადმყოფოში 52 წლის მარიამ ქენქაძე, ინსულტის დიაგნოზით მიიყვანეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს ვერც ახალგორში და ვერც ცხინვალში კვალიფიციური დახმარება ვერ გაუწიეს. ერთი კვირის განმავლობაში იგი, ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში იწვა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს უფლება მის ნათესავებს, რომ თბილისში გადმოეყვანათ. თბილისში კი პაციენტი იმდენად რთულ და დასუსტებულ მდგომარეობაში მიიყვანეს, რომ ექიმების თქმით, ძვირფასი დრო იყო დაკარგული.

ადგილობრივი მასწავლებელი, ონკოლოგიური ავადმყოფი სპეციალურ მედიკამენტებს საჭიროებს, რომელთა დასახელებაც კი ახალგორის და ცხინვალის აფთიაქებში არც გაუგიათ. ქალი ითხოვს, რომ თბილისში გაუშვან ან მედიკამენტები შვილების ხელით მოაწოდონ, მაგრამ პრობლემის გადაჭრას ვერ მიაღწია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაბაში ჩარჩნენ თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც სასწავლებლად ორშაბათს დედაქალაქში უნდა წასულიყვნენ. გაუჭირდათ ახალგორის სკოლების პედაგოგებსაც, რომლებიც წეროვნიდან დადიოდნენ, დაბაში დარჩენილები თბილი ტანსაცმლის გარეშე არიან და წეროვანში მათი დაბრუნება შეუძლებელია.

ახალგორში შექმნილი ვითარება ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტის თემურ ცხურბათის პროტესტის მიზეზი გახდა. მისი აზრით, ადამიანების მძევლად აყვანა, პოლიტიკური მიზნებისთვის, ადამიანების სიცოცხლით სპეკულაცია და ავადმყოფებისთვის გზის ჩაკეტვა არის ველურობა.

ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დაბაში მცხოვრებლები მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან. პროდუქტები ყოველდღიურად ძვირდება და ადამიანებმა არც ის იციან, ტყვეობას როდის დააღწევენ თავს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის გამშვები პუნქტი 4 სექტემბერს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მოტივით ჩაკეტა. დაბაში მცხოვრებლებს მაშინ უთხრეს, რომ 6 სექტემბერს გზა უნდა გახსნილიყო, თუმცა მას შემდეგ სამი კვირა გავიდა. მოგვიანებით დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახალგორის გამშვები პუნქტი წნელისი-ჩორჩანის ტყეში განვითარებული მოვლენების გამო ჩაიკეტა. წნელისსა და ჩორჩანაში საგუშაგოების მოწყობას როგორც ერთი, ისე მეორე მხარე აპროტესტებს. ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს წინააღმდეგ დე ფაქტო ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა წნელისში ერთი და ჩორჩანაში დამატებით ორი ეგრეთ წოდებული სასაზღვრო საგუშაგო შექმნეს. ვითარება დაძაბულია და 4 ტექნიკური შეხვედრის ჩატარების მიუხედავად, მხარეები შეთანხმებამდე ვერ მიდიან. ოსური საგუშაგოები თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 1,3 კილომეტრით არის შემოწეული. ამასობაში დაბა ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისის ნიშნებია.

XS
SM
MD
LG