თბილისის დროშა და გერბი იცვლება, მაგრამ ცვლილება არ იქნება ძირეული. გადაწყვეტილება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში მიიღეს, სადაც ამბობენ, რომ დღეს არსებული დროშა და გერბი ჰერალდიკურ კანონიკაში არ ჯდება.
„70 მუნიციპალიტეტის გერბი შესრულებულია სრული ჰერალდიკური პრინციპების დაცვით, მაგრამ თბილისის გერბი არ ჯდება ჰერალდიკურ კანონიკაში. შესაბამისად, ახლა მერია და საკრებულო მუშაობს ახალი გერბის და დროშის შექმნაზე. კომისია უკვე შემდგარია და პროცესიც დაწყებულია. ემირ ბურჯანაძის შესრულებული ემბლემა დარჩება, მაგრამ გაიმართება გერბი და დროშა. ერთ-ერთი მთავარი ჰერალდიკური წესია, როდესაც თეთრ ველზე, ვერცხლის ველზე გამოსახულია ოქროს სიმბოლო, ეს კანონიკის სრული დარღვევაა. “ - ამბობს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინის და ანალიტიკის სამსახურის უფროსი, დავით ჩხეიძე.
- ჰერალდიკის საბჭო 2008 წელს შეიქმნა ჰერალდიკის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვისთვის.
- კანონი “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ”, რომელიც შესაძლებლობას იძლევა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ყველა სიმბოლო მოექცეს საერთო სახელმწიფო ჰერალდიკური პოლიტიკის ჩარჩოში პარლამენტმა 2019 წელს მიიღო.
- საბჭოს შენახვა ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი უჯდება. მათთვის გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად იზრდება. არსებობიდან დღემდე საბჭოს ფუნქციონირებაში 5 მილიონამდე თანხაა დახარჯული.
- საბჭოში ამბობენ, რომ სახელმწიფოს ძვირი არა მათი შენახვა, არამედ ის "რებრენდირებები" უჯდებოდა, რომელსაც სახელმწიფო უწყებები ნებისმიერ მათთვის სასურველ დროს ატარებდნენ და სიმბოლოების ცვლილებებს თან მოჰყვებოდა ტექნიკის, ფორმების და სხვა უამრავი რამის ვიზუალის ცვლილება, რაც რიგ შემთხვევებში მილიონები ჯდება და ნეპოტიზმისა და კორუპციის რისკებს შეიცავს. მანამ, სანამ საბჭოს მხოლოდ სარეკომენდაციო ფუნქცია ჰქონდა, ეფექტურად ვერ ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს.
რისთვის გვჭირდება საბჭო - რამდენად ხშირად სჭირდება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს განახლება?
დავით ჩხეიძე, საბჭოს ანალიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ "სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ცვლილება დაკავშირებულია მუნიციპალიტეტების გაყოფასთან და გაერთიანებასთან, სახელმწიფო დაწესებულებების სტრუქტურულ და ფუნქციონალურ ცვლილებებთან, ძალოვანი და სამართალდამცავი სახეობების წარმოქმნა გაუქმებასთან... დღეს საჭიროა 1990-იანებიდან დღემდე სხვადასხვა დროსა და პირობებში სხვადასხვა სტილით შექმნილი უამრავი სიმბოლოს შემცირება და გაერთგვაროვნება და არა პირიქით. როდესაც ეს პროცესი დასრულდება შემდეგ უკვე მივიღებთ შეცვლა-განახლების კლასიკურ პროცესს."
რა შექმნა საბჭომ არსებობის 10 წლის განმავლობაში?
ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა გონგაძის თქმით, ყველა ის სიმბოლო, რომლითად სახელმწიფო თავის მოქალაქეებს თუ სტუმრებს ესაუბრება, მათი მეთვალყურეობის ქვეშ არის.
გასული 10 წლის განმავლობაში მათი მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნა 70-მდე მუნიციპალიტეტის დროშა და გერბი, შეიქმნას საბრძოლო დროშების პაკეტი, დაწესებულებების სიმბოლოები, ძალოვანი უწყებების განმასხვავებელი ნიშნები და უწყებრივი ჯილდოების სისტემები.
რა ევალება საბჭოს?
საბჭოს დებულების თანახმად, მისი ერთ-ერთი მოვალეობაა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდის სრულყოფა და მხარდაჭერა; ამ დროისათვის საიტზე არ იძებნება ინფორმაცია საბჭოს თანამშრომლების და კომისიის წევრების შესახებ.
ამავე დებულების მიხედვით, საბჭო უფლებამოსილია გამოფენები, სემინარები და კონფერენციები;
საბჭო გამოფენებს მართლაც აწყობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. მასპინძლობს მოსწავლეებს და მასწავლებლებს, გაფორმებული აქვთ მემორანდუმი ფლანდრიის ჰერალდიკის საბჭოსთან, დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას სპეციალისტებს გააცნეს ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოები, პორტუგალიაში ვიზიტისას კი შეხვდნენ ქალაქ ბელემის ახალი გერბისა და დროშის ავტორს, რომელმაც სტუმრებს გააცნო, თუ როგორ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა სიმბოლიკის განახლებაში.საბჭო გამოსცემს არაკომერციულ ჟურნალ “ჰეროლდსაც”, რომელიც წელიწადში ერთხელ გამოდის.
წესდებაში არაფერია ნათქვამი, ჰერალდიკის სფეროში შეტანილი წვლილისთვის პოლიტიკოსების დაჯილდოების ვალდებულების შესახებ. მეტიც, თბილისის დროშისა და გერბის ცვლილებასთან ერთად საბჭოს ერთ-ერთი ინიციატივა სახელმწიფო ჯილდოების შემცირებაცაა. 2019 წლის მარტში საბჭომ მედლებით დააჯილდოვა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრები, ვანო ზარდიაშვილი და დავით მათიკაშვილი. როგორც მამუკა გონგაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯილდოებს საბჭო წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გადასცემდნენ და ეს არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ სიმპატიებთან. ქართული ოცნების წევრი დეპუტატების დაჯილდოება კი გამოიწვია იმან, რომ მათ დიდი წვლილი შეიტანეს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ კანონის მიღებაში, რომელიც 4 წლის წინ იყო ინიცირებული და გაურკვეველი მიზეზების გამო, არ მიიღებოდა პარლამენტში.