ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ გამგეობის წევრი, თამარ ჩხეიძე, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ 80-იანი წლების მიწურულს, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში განვითარებული მოვლენების შესახებ ეროვნული მოძრაობის წევრებისთვის ცნობილი იყო, თუმცა, მისი თქმით, იმ პერიოდში, ეს ფაქტი მათთვის არ იყო უჩვეულო მოვლენა, რადგან საბჭოთა ხელისუფლება ეკლესიის დისკრედიტაციისათვის მსგავს ხერხებს აქტიურად მიმართავდა:
„არ მახსოვს ის ფაქტი, მაშინ, ვინ და როგორ ჩააყენა ეროვნული მოძრაობა საქმის კურსში, რომ სემინარიაში რექტორის მხრიდან სტუდენტზე გარყვნილ ქმედებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ერთი რამ, რომ ამ ფაქტზე მაშინ იყო საუბარი და რომ სემინარისტები უჩიოდნენ რექტორს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ცუდი ფაქტი იყო, მაშინ ეს ინფორმაცია არ მიგვიჩნევია ისეთ სიტუაციად, რომელიც გასაკვირი იქნებოდა რეალობიდან გამომდინარე. იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც საბჭოთა ხელისუფლება საქართველოს ეკლესიას აყენებდა. ამგვარი ფაქტების შესახებ ჩვენთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, რომ ეკლესიასთან ბრძოლის მეთოდად მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლება იყენებდა ეკლესიაში მამათმავლების შეგზავნას. მე მახსოვს როგორც სემინარიის თემა, ისე უფრო ადრეული შემთხვევებიც, 70-იანი წლებიდან, მაგრამ მაშინ ეს აღიქმებოდა, როგორც საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ ბუნებრივი ქმედება და არც გვიკვირდა, რომ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, ეკლესიაში შეგზავნილი ხალხის დიდი ნაწილი, არ იქნებოდა კეთილსინდისიერი და ამიტომ ეს ფაქტიც არ აღგვიქვია მეორედ მოსვლად. აღვიქვით, როგორც არსებული სიტუაციის ერთ-ერთი ძალიან სამწუხარო, მაგრამ რიგითი გამოხატულება“.
თამარ ჩხეიძის სიტყვებით, დღეს, „ნაფტალინიდან ამოღებული“ ფაქტების გარშემო ხმაურის შექმნა, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთისა და „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს:
„აშკარად გამოჩნდა, რომ ეს არის კამპანიის ნაწილი, ორკესტრირებული ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთი მიერ, პირდაპირ ვამბობ ამას. და ამ კამპანიაში ჩართეს ეს 80-იანი წლებიც და მისცეს სრულიად არაადეკვატური დატვირთვა. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღეს ეკლესია დაკომპლექტებულია ანგელოზებისაგან. არ არის გამორიცხული, რომ ეკლესიაში მოქმედი სასულიერო პირების საკმაოდ დიდი ნაწილი. შესაძლოა იყოს რუსოფილი, მაგრამ ახლა ვინც ხელისუფლებას ეხმარება და ამ ფაქტებს წარმოსახავს როგორც მეორედ მოსვლას, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მიუხედავად იმისა, ეს ფაქტები მართალია თუ არა“.
4 ნოემბერს, გიორგი სხილაძემ, საფრანგეთში მოღვაწე “ემიგრაციული ეკლესიის” მოძღვარმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზოსიმე შიოშვილის მიერ თბილისის სემინარია-აკადემიის სტუდენტზე სექსუალური ძალადობის მცდელობების შესახებ მან და მისმა თანამოაზრეებმა 1988 წელს, ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შეატყობინეს:
„ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ეს ინფორმაცია რაც შეიძლება მეტი გავლენიანი ადამიანებისათვის გვეცნობებინა, რათა არ მომხდარიყო ჩვენი ლიკვიდაცია. შევატყობინეთ ამის შესახებ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძეს, თამრიკო ჩხეიძე და ა.შ. ეს ამბავი, იმ დღეებში, ზვიად გამსახურდიამ მიტინგზეც კი გამოიტანა, გამოაცხადა ჩვენი გვარები, ამ წერილის შინაარსი. თქვა, რომ ეკლესიაში იყო ასეთი და ასეთი ვითარება“.
წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს და ჟურნალისტებთან დეტალებზე ლაპარაკს 6 ნოემბერს, საღამოს, დუშეთის საკათედრო ტაძარში გეგმავს.