Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე ზოსიმე სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს


წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი, ცილისწამებას უწოდებს ბრალდებას, რომელიც მის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ფეისბუკის პოსტში, რომელსაც სასულიერო პირი, გიორგი სხილაძე აქვეყნებს, წერია, რომ 1988 წელს, ზოსიმე შიოშვილმა, რომელიც მაშინ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა სემინარიის ერთ-ერთ სტუდენტზე:

„1988წ-ის ოცდასამ დეკემბერს, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი, ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი, სტუდენტებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტს სოდომურად ,,თავს დაესხა“ ,,სვეტიცხოვლის" რეზიდენციაში, ამხილეს და მასვე თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს. პატრიარქმა ილიამ ისინი, ,,თავდასხმის“ ობიექტის ჩათვლით, თავისთან დაბარება-გამოკითხვის გარეშე, სასწავლებლიდან გარიცხა... გარკვეული ხნის შემდეგ, ორჯერ დააწინაურა და დღემდე, წილკნელ მიტროპოლიტად ირიცხება სინოდში... მოვითხოვ, დაიკითხონ ის ყოფილი სტუდენტები (მათ შორის, ამ კომენტარის ავტორიც)!“

სასულიერო პირი აქვეყნებს ხელნაწერ წერილსაც, რომელიც, მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ სემინარიის სტუდენტების მოთხოვნით დაწერა. წერილის მიხედვით, ის სამუდამოდ ტოვებს თბილისის სემინარიის რექტორის თანამდებობას.

გიორგი სხილაძე, რომელიც საფრანგეთიდან 5 ნოემბერს, საღამოს ბრუნდება, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დამატებით დეტალებზე თბილისში დაბრუნების შემდეგ ილაპარაკებს.

რადიო თავისუფლება წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსს თანაშემწის საშუალებით დაუკავშირდა: „ეს არის სრული აბსურდი და ცილისწამება. მეუფე მეტ კომენტარს ამ საკითხზე არ გააკეთებს“, - პასუხობს რადიო თავისუფლებას ზოსიმე შიოშვილის თანაშემწე.

საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე ზოსიმე შიოშვილის თბილისის სემინარიის რექტორობიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად მითითებულია, რომ „XX საუკუნის 80-იანი წლების თბილისი გამოირჩეოდა პერმანენტული საპროტესტო აქციებით, მიტინგებითა და დემონსტრაციებით. ვინც ამ მიტინგებსა და დემონსტრაციებში არ მონაწილეობდა, სამწუხაროდ, ის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის მტრად ცხადდებოდა. მეუფე ზოსიმე 1989 წლის თებერვალში იძულებული გახდა გადამდგარიყო აკადემიის რექტორობიდან“.

80-იანი წლების დასაწყიში, ზოსიმე შიოშვილი ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს. ერთ წელიწადში ის წილკანში გადავიდა. 1996 წელს მეუფე ზოსიმე აღყვანილ იქნა მთავარეპისოპოსის ხარისხში. 2009 წელს ებოძა მიტროპოლიტობა. 2019 წლის ოქტომბერში წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს მღვდელმთავრობის 36 წელი შეუსრულდა.

ხომ არ არის მეუფე ზოსიმე შიოშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ის ერთ-ერთი საქმე, რომელზეც მეუფე პეტრე ცაავა, სინოდის მიერ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისგან გათავისუფლებული სასულიერო პირი მიუთითებდა 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე? - ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებას პეტრე ცაავა პასუხობს: „ამ თემებზე საუბარს მხოლოდ სინოდის სხდომაზე გავაგრძელებ, თუ მიმიწვევენ“.

XS
SM
MD
LG