Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჟვანიას „სამართლიანი“ წარსული აწმყოს წინააღმდეგ


2003 წლის 2 ნოემბერის გაყალბებული არჩევნების ბედი დიდწილად გადაწყვიტა „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ხმების პარალელურმა დათვლამ, რომლის შედეგები საზოგადოებას ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, თამარ ჟვანიამ გააცნო. მაშინ ცესკოს თავმჯდომარე ნანა დევდარიანი იყო, რომელსაც მალევე მოუწია თანამდებობის დატოვება. თამარ ჟვანია დღეს თვითონაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები კი კვლავ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე მიუთითებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გარდა, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმებს ასევე ითვლის „სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოება“. როგორც წესი, ამ ორი ორგანიზაციის შედეგები მაღალი სიზუსტით ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. 2003 წლის 2 ნოემბერს ცესკოსა და „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები არ დაემთხვა ერთმანეთს. ასევე განსხვავებულია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ამ ორგანიზაციების მიერ დათვლილი ხმების რაოდენობა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,2 % მიიღო. განსხვავებული შედეგი აჩვენა „სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) პარალელურმა დათვლამ, რომლის მიხედვითაც, მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 45,8 %. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საგანგაშოდ მაღალია (8 %) შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთი შემთხვევები, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატება ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შეიძლება ნაკლები იყოს.

ელენე ნიჟარაძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი
ელენე ნიჟარაძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1 %-ზე ნაკლები. ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, რის გამოც საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ.

სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლა

  • "ქართული ოცნება" - 45,8 %;
  • "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია" – 26,4 %;
  • "ევროპული საქართველო" – 3,7 %;
  • "ლელო" – 3,1 %;
  • "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 3,1 %.
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3,0 %;
  • "გირჩი" – 2,8 %;
  • "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" – 1,3 %;
  • "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 1,0 %;

ცესკოს წინასწარი შედეგები

  • "ქართული ოცნება" - 48,15 %;
  • "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" - 27,14 %;
  • "ევროპული საქართველო" - 3,78 %
  • "ლელო" - 3,15 %;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 3,14 %;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3,15 %;
  • "გირჩი" - 2,89 %;
  • "ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები" - 1.33 %;
  • "ლეიბორისტული პარტია" – 1 %.

„სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოებაში“ მიიჩნევენ, რომ დისბალანსი უბნების 8 %-ზე იმდენად მაღალი მაჩვენებელია, რომ „ასეთი რამ არ დაფიქსირებულა დიდი ხნის განმავლობაში“.

დისბალანსი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში
დისბალანსი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში

„უბნების 8 %-ზე ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა გამოცხადებული ამომრჩევლის რაოდე6ობას, რაც სერიოზული დარღვევაა. ყველა პროცედურა რომ დაცვით ჩატარებულიყო, მეტი ბიულეტენი არ უნდა აღმოჩენილიყო ყუთში. ეს მეტობა ზოგიერთ უბანზე 1 ბიულეტენი იყო, ზოგან - 19 და ერთგან 54-იც კი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ელენე ნიჟარაძემ.

  • რა აჩვენა ხმების პარალელურმა დათვლამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე?

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობდა 48.2 %-50.0%-ს შორის, ცესკოს საბოლოო დასკვნით კი, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 48,7 %;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ISFED-ის მიხედვით: 25.9 %-27.7%, ცესკოს საბოლოო დასკვნით - 27,1 %;

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: ISFED-ის მიხედვით - 4.6 %-5.2 %, ცესკოს საბოლოო დასკვნით - 5,01%.

თამარ ჟვანიას პარალელური დათვლა

რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე. ISFED-ის მიერ ჩატარებულმა ხმების პარალელურმა დათვლამ, რომლის შედეგები მკვეთრად განსხვავდებოდა ცესკოს მონაცემებისგან, გამოავლინა გაყალბების მასშტაბი, რასაც მოჰყვა კიდეც არჩევნების შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები: ცესკოს მონაცემები, ხმების პარალელური დათვლა, ეგზიტპოლი
2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები: ცესკოს მონაცემები, ხმების პარალელური დათვლა, ეგზიტპოლი

ცესკოს დღევანდელი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია მაშინ „სამართლიან არჩევნებში“ მუშაობდა. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია მისი ხმის ჩანაწერი, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ხმების პარალელური დათვლის სანდოობასა და ეფექტიანობაზე:

თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია

„პირველი შემთხვევა იყო, როცა მოხდა არჩევნებში მიცემული ხმების პარალელური დათვლა და პარალელური დათვლის მიხედვით, ზუსტად განისაზღვრა ის, თუ რა ტიპის სიყალბე იყო შედეგებში ასახული, რა პროცენტული მაჩვენებლით ყალბდებოდა. ანუ იმ დონის სხვაობა იყო ციფრებში, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტული სახელისუფლებო პარტიებისათვის მანდატების დიდ რაოდენობას მაშინ, როცა, რეალური შედეგების საწინააღმდეგოდ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტს მიღმა რჩებოდა“.

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები ორი სახელისუფლებო პარტიის - „მოქალაქეთა კავშირისა“ და „აღორძინების“ სასარგებლოდ გაყალბდა, რის გამოც დიდი იყო როგორც გაყალბების მასშტაბი, ასევე სხვაობა პარალელური დათვლისა და ცესკოს შედეგებს შორის თითქმის ყველა პარტიისათვის. 2020 წელს კი ეს სხვაობა თვალშისაცემია მხოლოდ მმართველი პარტიის შემთხვევაში, სხვა პარტიები პრაქტიკულად თავსდებიან ცდომილების ფარგლებში, რაც, ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ მმართველ პარტიას სწორედ მათი, პატარა პარტიების ხმები აქვს მიწერილი.

თუ გაყალბდა, რამდენად გაყალბდა?!

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის დროს გამოვლენილი დისბალანსი არსებითად ცვლის არჩევნების სურათს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი გიგი თევზაძე ამბობს, რომ არჩევნების შედეგების 8 %-ით გაყალბება მარტო პროპორციული სიის დამატებით 10-11 ადგილს არ ნიშნავს:

გიგი თევზაძე
გიგი თევზაძე

„ეს ამავე დროს ნიშნავს, რომ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ ხმების 57 % არ არის გადალახული, ყველგან, სულ მცირე, მეორე ტური უნდა ყოფილყო ან ოპოზიციას მოეგო. ასეთი ოლქი სულ ოთხია (მე-18, მე-17, მე-19 და მე-20). შესაბამისად, დანარჩენი, სადაც „ქართული ოცნება“ მოგებას აცხადებს, გაყალბებულია. მეტიც, ეს 8 % ოპოზიციის კანდიდატს რომ დაუმატო, რამდენიმე ოლქში პირველივე ტურში მოგებულიც აღმოჩნდება. გამომდინარე აქედან, დღეის მონაცემით, „ოცნებას“ გაყალბებული უნდა ჰქონდეს 20-22 ადგილი 75 ადგილიდან, ანუ 75 ადგილიდან - 30 %".

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც შეშფოთებულია იმ სურათით, რომელიც გამოკვეთა „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელურმა დათვლამ. როგორც ლომჯარია ამბობს, მინიმუმ ბოლო 8 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ მომხდარა.

„მე, როგორც სახალხო დამცველი, რომლის კონსტიტუციურ ვალდებულებასაც წარმოადგენს ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვის ზედამხედველობა, მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მონაწილეობით, დამაჯერებელი პასუხები გასცეს და სამართლიანად და გამჭვირვალედ განიხილოს და გადაწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემატური საკითხები!“ - ამბობს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

„სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოებაც“ მოუწოდებს ცესკოს, გახსნას იმ უბნების მასალები, რომლებზეც გამოვლინდა დისბალანსი (ბიულეტენებსა და მისულ ამომრჩეველს შორის) და ხელახლა გადათვალოს შედეგები.

„შეისწავლოს და განსაზღვროს, რამ გამოიწვია ეს დარღვევები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იქნება კითხვები, რითი იყო განპირობებული ეს დარღვევები, - ამბობს ელენე ნიჟარაძე, - თუმცა, პრობლემა ისაა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს უარყოფითი მიდგომა, ცუდი პრაქტიკა ასეთ დარღვევებზე რეაგირების კუთხით. იმის ნაცვლად, რომ შეისწავლონ, როგორც წესი, კომისიის წევრებს აწერინებენ ახსნა-განმარტებით ბარათებს. ერთი რიცხვის ნაცვლად თურმე უნდა ყოფილიყო მეორე და ა.შ. საუბნო კომისიის იმ წევრების ახსნა-განმარტების საფუძველზე, რომლებსაც მოუვიდათ შეცდომა, იწერება შესწორების ოქმები და შემდეგ ხდება არჩევნების შეჯამება, რაც მიუღებელია, მანკიერ და ცუდ პრაქტიკას წარმოადგენს. ამის გამოა, რომ არჩევნების შედეგების მიმართ არ არსებობს ნდობა“.

რადიო თავისუფლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც დაუკავშირდა, თუმცა კომისიის პრესცენტრში უთხრეს, რომ ჯერ ვერ გააკეთებენ კომენტარს ვერც ISFED-ის მიერ გამოვლენილ უზუსტობასა და ვერც რეაგირების ფორმაზე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG