თაზო - „საოცრება“ ციცინათელების ქვეყნიდან
„პატარა ყურები აქვს“, - უთხრეს თაზოს დედას, მაიას, როცა თაზო დაიბადა. და ნიკაპი? იკითხა მაიამ - ნიკაპიც, უპასუხეს. საეჭვო აღარაფერი იყო - თაზო სხვანაირი დაიბადა. ის, რომ ბავშვს ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა, მაია მაჩაიძემ მშობიარობამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე შეიტყო - როცა საჩხერიდან თბილისში ჩამოვიდა და ყოველი შემთხვევისთვის, გადაამოწმა, როგორი იყო ბავშვის მდგომარეობა. პირველად სწორედ თბილისში დაეჭვდნენ. საჩხერეში თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, ადგილობრივ ექიმებს ეჭვი არაფერში შეუტანიათ. მაიაც ჯანმრთელ ბავშვს ელოდა. თუმცა თაზოს დიაგნოზში, რომელიც დღესაც არ არის საბოლოო, მრავლობითი ანომალიები უწერია. ექიმების ნაწილი ეჭვობს, რომ მას ტრიჩერ კოლინზის სინდრომი აქვს. უიშვიათესი დაავადება, რომელიც 50 000 ადამიანში ერთს ემართება - აი, სწორედ ის, რაც ბიჭს ცნობილი ამერიკული ფილმიდან „საოცრება“. დედამ თაზოსაც „საოცრება“ შეარქვა. მიუხედავად იმისა, რომ დაბადებისთანავე უთხრეს, ბავშვი დიდხანს ვერ იცოცხლებსო, თაზომ ბევრი იბრძოლა და დღეს ის ორი წლისაა. ჩვეულებრივი ბავშვებივით სუნთქვა და ჭამა არ შეუძლია - ამისთვის მას მრავლობითი ოპერაციები დასჭირდება და წინ გრძელი გზაა. დღეს კი, მისი სიცოცხლისთვის აუცილებელ პროცედურებს ყოველდღე დიდი დრო და ფულადი რესურსი სჭირდება. რადგან რაიონში არავინ არაფერი იცოდა, როგორ უნდა მოევლოთ ასეთი ბავშვისთვის, არც შესაბამისი აპარატურა არსებობდა და თაზოსთვის საჭირო სამედიცინო მასალა, თაზოს მშობლებმა, მაიამ და გურამმა სოფლის სახლი დაკეტეს და თბილისში წამოვიდნენ. დღეს საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის სარდაფში ცხოვრობენ. ეს ყველაზე იაფი საცხოვრებელია, რომელიც საავადმყოფოსთან ახლოს არის, სადაც თაზოს ყოველდღე დაატარებენ - თაზომ ახლა თავისით ჭამა უნდა ისწავლოს. გურამი ელიავაზე მუშაობს - დღიურ მუშად. ერთი დღეც რომ ჩაუვარდეს, თაზოსთვის ყოველდღიურად საჭირო თანხას, 50 ლარს ვერ მოაგროვებენ. სოციალური დახმარება, რომელსაც თაზო სახელმწიფოსგან იღებს, თაზოს საჭიროებებს მხოლოდ 5 დღე ჰყოფნის. კვირაში არის ერთი ისეთი დღე, რომელიც თაზოს ყველაზე მეტად უყვარს - ეს ბავშვთა ჰოსპისის, „ციცინათელების ქვეყნის“ დღეა - იქ თაზო დღის ცენტრში მიჰყავთ ხოლმე და ყველა სურვილს უსრულებენ. ამ ზრუნვაში თაზოს მშობლები არაფერს იხდიან. ჰოსპისი შემოწირულებებით არსებობს. მაიასთვის კი, ეს ის ადგილია, სადაც ცოტა ხნით ჩამოჯდომა და ყავის მშვიდად დალევა შეუძლია. ცოტა ხნით დასვენება. დანარჩენი დღეები კი ისევ ძველებურად გრძელდება. თაზოს ხშირად უყურებენ ქუჩაში ინტერესით, ცნობისმოყვარე ბავშვები უახლოვდებიან და მაიას ეკითხებიან, რატომ არის ის ასეთი. ხდება ისეც, რომ მშობლები გაარიდებენ ხოლმე თაზოს თავიანთ შვილებს. დღემდე ესმით შეშფოთებული ჩურჩული - შეხედე, როგორია. რატომ არის ასეთი? მაიას და გურამს კი თაზო არასოდეს დაუმალავთ. პირიქით, ცდილობენ, ყველას აუხსნან, რომ ის, უბრალოდ, სხვებს არ ჰგავს, რომ ასეთი დაიბადა და მალე უკეთესად იქნება.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN
-
ნოემბერი 11, 2024
როგორ იღებდა "ქართული ოცნების" კამერა კასპში უბანზე მისულ ამომრჩევლებს
-
ნოემბერი 08, 2024
როგორ დახურა ხუთწამიანმა ვიდეომ საარჩევნო უბანი