Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი


„ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი“ - ასე ერქვა დისკუსიას, რომელიც თბილისში გაიმართა და რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

აგვისტოს ომის დასრულებიდან ათი წლის შემდეგ კონფლიქტის ზონაში ინციდენტების რაოდენობა არ მცირდება. ამ მხრივ ომის შემდეგ, ალბათ, ყველაზე მძიმე მიმდინარე წელი იყო, რადგან არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა კიდევ დიდხანს დარჩება საზოგადოებისთვის განხილვის თემად. სწორედ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ შეიქმნა ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია და დე ფაქტო რესპუბლიკის რამდენიმე მაღალჩინოსანს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებენ. ასევე ხმაურიანი იყო ხურვალეთიდან მაია ოთინაშვილის გატაცება. დაპირისპირების ესკალაციის საფრთხე ისევ რჩება ატოცში, სადაც საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის ახალი ეტაპი დაიწყეს. დისკუსიის მთავარი თემებიც სწორედ კონფლიქტის რეგიონებში არსებულ ვითარებას ეხებოდა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტორები კრიზისის გაღრმავების პირველ ნიშნებზე მიგვითითებს, ნაწილი კი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ აუცილებელია არსებული პოლიტიკის გადახედვა და მასში სიახლის შეტანა. დისკუსია სამ ნაწილად ჩატარდა. პირველი ნაწილი მოლაპარაკებებსა და ჩიხიდან გამოსვლის გზებს ეხებოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ის პრობლემები განიხილეს, რომლებიც ჟენევის დისკუსიებსა და „ინციდენტების პრევენციის“ შეხვედრებს თან ახლავთ. ამ დრომდე ჩაშლილია გალის შეხვედრები, ერგნეთში კი მოლაპარაკებები 18 დეკემბერს განახლდა. ექსპერტების აზრით, კვლავ გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები. გაიხსენეს თამარ მეარაყიშვილის საქმე, რომლის უფლებების დაცვას საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს. სახალხო დამცველის მრჩეველი მედეა ტურაშვილი მომლაპარაკებლებს ურჩევს, რომ ადამიანის უფლებებსა და სხვა ჰუმანიტარულ საკითხებს მეტი დრო დაუთმონ. მისი აზრით, მოლაპარაკების პროცესში ჩართულმა მხარეებმა პირველ რიგში გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს უნდა მოუსმინონ და ამის მიხედვით განსაზღვრონ მოსალაპარაკებელი საკითხების ნუსხა.

დისკუსიის მეორე ნაწილში ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების ახალ ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი და ძირითადად ვაჭრობისა და განათლების წახალისებას ისახავს მიზნად. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე აცხადებს, რომ პროგრამა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა, არაერთ კანონში შევიდა ცვლილება და 2019 წელი ამ ახალი ინიციატივისთვის ყველაზე აქტიური პერიოდი იქნება.

ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობების აწყობა არასოდეს უჭირდათ, - ასე ფიქრობს საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი, თუმცა, მისი აზრით, ამ ურთიერთობებს მუდმივად ხელს უშლის საოკუპაციო ძალა, რომელიც გამყოფ ხაზებზე სხვადასხვა ბარიერებს აშენებს. გაფრინდაშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლების პირველი ამოცანაა კონფლიქტის ზონებში მცხოვრებლებთან სწორი და ზუსტი კომუნიკაცია და მათი ინფორმირება ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ.

დისკუსიის მესამე ნაწილი ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების პროცესს დაეთმო. იურისტებმა ისაუბრეს იმ საქმეებზე, რომლებიც უკვე სტარსბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ინტერესის საგანი გახდა. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სამხრეთ კავკასიის პროგრამის დირექტორი ბექა ბაჯელიძე ამბობს, რომ მან ამ დისკუსიიდან ბევრი სიახლე შეიტყო და, მისი აზრით, ასეთი დისკუსია გზას ხსნის არაერთი პრობლემური საკითხის საჯარო განხილვისა და საზოგადოების ინფორმირებისთვის. ბაჯელიძის აზრით, არსებობს რესურსი, რომელთა ეფექტური გამოყენებით შესაძლებელია მეტი საკომუნიკაციო არხის შექმნა კონფლიქტის მეორე მხარესთან, უფრო გახსნილი დიალოგის წარმოება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება.

დისკუსია „ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი“, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა (IWPR) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდთან (რონდელის ფონდი) თანამშრომლობით ჩაატარა.

XS
SM
MD
LG