თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომელიც 17-19 მაისს გაიმართება, 21 ქვეყნის 24 ავტორი ეწვევა, მათ შორის - ცნობილი ამერიკელი პოეტი ჩარლზ ბერნსტაინი. თბილისის ფესტივალზე ჩამოვლენ ასევე ვიქტორ ეროფეევი, ილია ფედორჩუკი, ტონუს ოსტერჰოფი, ანდრეი ხადანოვიჩი, ბარბარა პოგაჩნიკი, იულია ფიედორჩუკი და სხვა არაერთი ცნობილი ავტორი. ტრადიციულად, ფესტივალის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს მწერალთა სახლია.
ნუკა ღამბაშიძემ, რომელიც მწერალთა სახლში საერთაშორისო პროექტებს კურირებს, გვითხრა, რომ თბილისს ესტუმრება სლოვაკი ჟურნალისტი და აქტივისტი მიჰალ ჰავრანი, რომელიც დოკუმენტურ პროზას წერს და სლოვაკეთში საკმაოდ ცნობილი ფიგურაა. ფესტივალის ფარგლებშივე გაიმართება ვიქტორ ეროფეევის წიგნის, „კარგი სტალინის“, ქართული თარგმანის პრეზენტაცია.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, პოეტური და პროზაული კითხვის გარდა, ორი ლიტერატურული დისკუსიაც დაიგეგმა...
თბილისში ჩამოდის არნე სვინგენიც, რომელსაც საქართველოში იცნობენ როგორც ახალგაზრდული ე.წ. „იანგ ედალთ“ რომანების ავტორს. ქართულად ნათარგმნია მისი მხოლოდ ერთი რომანი „ბალადა გატეხილ ცხვირზე“, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დასტამბა. ფესტივალის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მოიზიდავენ ახალგაზრდა მკითხველებსაც.
ძალიან ელოდნენ, თუმცა ფესტივალზე ვეღარ ჩამოდის საფრანგეთში მცხოვრები სირიელი არაბი მწერალი სალვა ან-ნუაიმი, რომლის გახმაურებული წიგნი, „თაფლის სამხილი“, ქართულად გიორგი ლობჟანიძემ თარგმნა და გამოსცა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეოთხედ ტარდება, ძალებს იკრებს, როგორც ნუკა ღამბაშიძეც ამბობს, უფრო მრავალფეროვანი ხდება...
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, პოეტური და პროზაული კითხვის გარდა, ორი ლიტერატურული დისკუსიაც დაიგეგმა: „ენა, როგორც ვირუსი“ და „პოსტკოლონიალური ლიტერატურა“.
მწერალთა სახლში ელიან, რომ ეს ფესტივალი წინა წლების ფესტივალებისგან გამორჩეული იმითაც იქნება, რომ 1990-იანი წლებიდან დღემდე დამოუკიდებელ საქართველოში დაარსებული ხუთი პოეტური ორდენის რეტროსპექტივა გაიმართება. სწორედ მათი გამოსვლებით დასრულდება ფესტივალის ყოველი დღე.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეოთხედ ტარდება, ძალებს იკრებს, როგორც ნუკა ღამბაშიძეც ამბობს, უფრო მრავალფეროვანი ხდება და მწერალთა სახლშიც იმედი აქვთ, რომ გაზაფხულის ეს ხუთდღიანი ლიტერატურული დღესასწაული კიდევ მრავალ წლის განმავლობაში გაიმართება.