ოთხშაბათს გაიხსნა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი და კინემატოგრაფიულმა ცხოვრებამ ეგრევე თომას მანისა და ლუკინო ვისკონტის ქალაქში გადაინაცვლა. ასეთად ვენეციას პირადად მე ვხედავ, თორემ ყველას თავისი ვენეცია აქვს, მათ შორის კინოში. ზოგი ფელინის ”კაზანოვაში” ხედავს ნამდვილ ვენეციას და ზოგიც მის ანტიპოდში, ლუკინო ვისკონტის ფილმში ”სიკვდილი ვენეციაში”. თუმცა მთელი კინემატოგრაფიული სამყარო დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ვენეციის კინოფესტივალი, ყველაზე ძველი კინოფორუმი, კანისა და ბერლინის ფესტივალებისგან განსხვავებით, სწორედ კინოფესტივალია და არა პოლიტიკური პოზიციებისა და კომერციული გათვლების ”დათვალიერება”. აქ მთავარი კინოა და არა პოლიტიკა თუ შემოსავალი, კინო კი ვერ განვითარდება, თუკი იმ სტერეოტიპებს არ მოუღებს ბოლოს, რომლებიც დაგროვდა მის ისტორიაში, მათ შორის ჟანრული კინოს ისტორიაში. ვენეციის კინოფესტივალზე უპირატესობას სწორედ ასეთ ფილმებს ანიჭებდნენ. შარშან ”ვერცხლის ლომით” აღინიშნა ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ოდიარის ფილმი ”ძმები სისტერსები”, გაცოცხლებული ვესტერნი, რომლის ნახვას გირჩევდით ამ კვირაში, ვენეციის ”მოსტრას” მსვლელობის ფონზე.
უკვე ბანალურობად ითვლება იმის აღნიშვნა, რომ რეჟისორმა უარი თქვა ვესტერნისთვის დამახასიათებელ ”კეთილ” და ”ბოროტ” გმირებზე და გვიამბო ადამიანებზე, მათი სისუსტეებითა და ღირსებებით. არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა (თუმცა ოდიარის ფილმის პრემიერის შემდეგ რატომღაც სწორედ კლასიკური ვესტერნის ამ კანონის დარღვევაზე მიუთითებდნენ). მაინცდამაინც არც ოდიარისთვის დამახასიათებელი ”სასპენსის” მიღწევის უნარი უნდა გამოვყოთ. დღეს დაძაბულობის შექმნა ეკრანზე ბევრ საშუალო რეჟისორს შეუძლია. თუმცა ფილმის პირველივე გრძელი, სტატიკური კადრი, თანაც ჩაბნელებული კადრი, რომელშიც სიჩუმეს ნელ-ნელა არღვევს სროლის ხმა, მშვენიერია მაყურებლის ეკრანულ მოქმედებაში ჩასართველად - მზერას ვძაბავთ, რათა წყვდიადში გავარჩიოთ, რა ხდება ეკრანზე... მერე კი, ფილმის მსვლელობის პროცესში, უფრო დაკვირვებულები ვხდებით. ოდიარი ხომ დეტალის ოსტატია და სწორედ დეტალებით გვიყვება ამბავს.
ფილმის ღირსება იმ ნიუანსებშია, რომლებზეც აგებულია მთავარი გმირების, ძმების, ურთიერთობა, სრულიად განსხვავებული ხასიათის ძმებისა, რომელთა როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები ხოაკინ ფენიქსი და ჯონ კრისტოფერ რაილი ასრულებენ. ისინი დაქირავებული მკვლელები არიან - ”ოქროს მაძიებელი” მატყუარა უნდა მოკლან. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ”შესანიშნავი ორეული” სულაც არაა ისეთი შესანიშნავი, როგორიც კლასიკურ ვესტერნშია.. და საერთოდ, ეს ”თეთრკანიანი ჰეტეროსექსუალი” ჯონ ფორდის ვესტერნებიდან სინამდვილეში არის კაცი, რომლის გვარია ”სისტერს”, ძმები არიან ”სისტერსები”. ამას რომ გაიაზრებ (და გაიაზრებ თითქმის თავიდანვე) და ოდიარის წინა ფილმებს გაიხსენებ, იმ ფილმებს, რომლებშიც რეჟისორმა სწორედაც რომ დომინანტური კულტურის სიძლიერე გადააქცია უსუსურობად, ბუტაფორიად, ამაზე რომ ჩაფიქრდები, დარწმუნდები, რომ უყურებ ძალიან სახალისო ”შავ კომედიას”, რომელიც უფრო ”ანტივესტერნია”, ვიდრე ვესტერნი, უფრო ევროპელი სინეფილის (ოდიარმა ინგლისურიც კი არ იცის) მიერ დანახული ამერიკა და ამერიკული კინოა, უფრო მეტად ”მამაკაცური კულტურის” დასამარებაა. თანაც, სად... ფილმში, რომლის მთავარი გმირები მხოლოდ მამაკაცები არიან ( 4 მამაკაცი!).
ტარანტინოს თაყვანისმცემლებს კი გვეწყინა, ავტორი ფილმისა ”ერთხელ ჰოლივუდში” ლამის მიზოგინიასა და რასიზმში რომ დაადანაშაულეს, მაგრამ აი, ბატონო, ოდიარი! რატომ მოეწონათ ”ძმები სისტერსები” ფემინისტებს? რატომ მოეწონათ ”კაცურ ჟანრში” გადაღებული ფილმი ქალთა უფლებების დამცველებს? იმიტომ ხომ არა, რომ, გამოხატა რა თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის მდგომარეობა (ჰო, ჰო, ”თანამედროვე დასავლური ცივილიზაციისა”, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მოქმედება 1850 წელს ხდება), ოდიარმა სულ დეტალებში აღბეჭდა, როგორ ქრება პატრიარქალური მაჩოიზმი დასავლურ კულტურაში... და არა მარტო იმიტომ, რომ ცივილიზაცია ვითარდება, ხმარებაში შემოდის კბილის ჯაგრისი და ირეცხება უნიტაზები (ეს ძალიან სასაცილო სცენებია ფილმში). არა, ასე არაა. უბრალოდ, დადგა დრო, როცა ადამიანებმა გაიაზრეს: მამა-პატრიარქის რომანტიზაციამ არაფერი მოუტანა კაცობრიობას სისხლის, მსხვერპლისა და სიძულვილის გარდა. ”ძმებ სისტერსებში” მამა-პატრიარქი ისჯება იმისთვის, რომ ძალადობდა ქალზე, კბილის ჯაგრისი კი ბევრად უფრო სასიამოვნო იარაღი აღმოჩნდება, ვიდრე ნამდვილი იარაღი, რომლითაც ძმებს ერთი ”ალქიმიკოსი” კაცი უნდა მოეკლათ.
აღარ გავაგრძელებ. დანარჩენი თავად უნდა იხილოთ. თუკი ვესტერნი გიყვართ და ”ველური დასავლეთის” რომანტიკა გიტაცებთ, დარწმუნებული ვარ, დააფასებთ ჟანრის ნიუანსების ცოდნას, რომელსაც ავლენს ფილმის ავტორი. მაგრამ თუკი ვესტერნი მაინცდამაინც არ გაღელვებთ (ჩემსავით), მით უმეტეს არ მოგეწყინებათ, გესიამოვნებათ კიდეც იმის ნახვა, თუ როგორ ასაფლავებს ოდიარი ბრუტალურობას, ”კუნთებით აზროვნებას”, ძალადობას, საერთოდ! ”სიამოვნება” კი ”ძმები სისტერსების” მთავარი სახეა - მამა-პატრიარქის განადგურება და კუნთებით, იარაღით აზროვნებაზე უარის თქმა აქ ”დედისეულ წიაღში” დაბრუნების წინაპირობაა, დასაწყისი ლივლივის პროცესისა, რომელიც აბსოლუტურად ყველა ცოცხალ არსებას ანიჭებს სიამოვნებას. მათ შორის იმასაც, ვინც მუდმივად კუნთებზე იყურება.
როგორც აღვნიშნე, ფილმში ზუსტადაა მითითებული მოქმედების დრო -1850 წელი. ეს არაა მხოლოდ კბილის ჯაგრისისა და უნიტაზის გამოგონების ხანა. სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მოვლენებიც ხდებოდა მაშინ მსოფლიოში. მარქსი იწყებს ”კაპიტალზე” მუშაობას. დასავლეთში სულ უფრო პოპულარული ხდება ადრეული სოციალისტების უტოპიური იდეები. ”ძმებ სისტერსებშიც” გაიელვებს უტოპიის თემა, ოცნება საყოველთაო მშვიდობასა და თანასწორობაზე, ერთგვარ კომუნაზე, რომელიც სულ ახლახან გააცოცხლა კვენტინ ტარანტინომ ფილმში ”ერთხელ ჰოლივუდში”. ტარანტინოს დამოკიდებულება იმ კომუნის მიმართ ორაზროვანი და წინააღმდეგობრივია - ნოსტალგიას არ მალავს, მაგრამ არც აიდეალებს, ხანდახან მწარედ ”კბენს” კიდეც. ოდიარი სხვა გზას დაადგა, შეიძლება იმ გზას, რომელიც არჩეული აქვთ უკვე თანამედროვე კინოს დიდ მხატვრებს, ”ძმები სისტერსების” წარმოებასა და გაქირავებაში რომ მიიღეს მონაწილეობა - ბელგიელ ძმებ დარდენებსა და რუმინელ კრისტიან მუნჯიუს (საოცარია, მაგრამ ყველა ეს ავტორი თავად ოდიართან ერთად კანის კინოფესტივალის ”ოქროს პალმის რტოს” ლაურეატია) – ”თანასწორობის კომუნა” უტოპიაა, ერთგვარი ”ალქიმიაა” და მაყურებელმა, რომელსაც ახსოვს, რომ ათი წლის შემდეგ იმ დროიდან, რომელშიც ხდება ფილმის მოქმედება, ამერიკაში სამოქალაქო ომი იწყება, შეიძლება არა მარტო ვესტერნის ჟანრის მიმართ ირონია დაინახოს ფილმში, არამედ ირონია სიკეთის რწმენის მიმართ, საერთოდ. მაგრამ ასე არ იქნება. დავინახავთ ერთს და ვიფიქრებთ სულ სხვას. ოდიარი, უბრალოდ, გაგვახსენებს: თუკი რამე არ გამოდის, ეს იმას არ ნიშნავს რომ არასდროს გამოვა; თუკი კაცებს ისევ იარაღი უჭირავთ ხელში, თუკი ქალებზე ისევ ძალადობენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ასე ვიცხოვრებთ.