Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ველი ივანიშვილთან შეხვედრას - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ


ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში ჩამოვიდა, აცხადებს, რომ დაგეგმილი აქვს შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერთან, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან.

„ამ დილას, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდი, შემდეგ - ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს. ახლა მოუთმენლად ველი შეხვედრებს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - წერს ალან ბერსე პლატფორმა X-ზე.

ამავე განცხადების თანახმად, ის ხვალ, 19 დეკემბერს, შეხვედრებს გამართავს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ბიძინა ივანიშვილი გასულ კვირაში ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

პარტიის განცხადებით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და „ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი“.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ევროსაბჭო ხაზს უსვამს, რომ ვიზიტის ფონია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის აქტები.

ვიზიტის წინ გენერალური მდივანი მიესალმა პატიმრობიდან ოპოზიციის წარმომადგენლების, ალექსანდრე ელისაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.

საქართველოში არსებულ დაძაბულ და შეშფოთების გამომწვევ ვითარებაში ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია, ხოლო ხელისუფლებას - თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცეს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას.

საქართველოში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. საპოლიციო ძალებმა სპეცსაშუალებების გამოყენებით აქციები არაერთხელ დაშალეს და 400-ზე მეტი პირი დააკავეს.

შსს-ს თანახმად, ძალა და სპეცსაშუალებები დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. თუმცა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა განხორციელდა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც. დაშავდა მედიის არაერთი წარმომადგენელიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG