ასე აღმოჩნდნენ გახმაურებული სისხლის სამართლის პროცესების მონაწილეები, მათ შორის დაქირავებული მკვლელები და სერიული მძარცველები, უკრაინის ფრონტის ხაზზე.
ვისაც გაუმართლა და ცოცხალი დაბრუნდა, ისინი, პრიგოჟინის შუამდგომლობით, შეიწყალეს და თავისუფლება უბოძეს, ხოლო ვინც დაიღუპა, მიუხედავად იმისა, სასტიკი მკვლელი იყო თუ ჯიბის ქურდი, - „სამხედრო პატივითა და დიდებით“ დაკრძალეს რუსეთის ვრცელ ტერიტორიაზე მიმობნეულ ძმათა სასაფლაოებზე.
„სიმართლე მისთვის მთავარი იყო“
მათ შორის ერთ-ერთია პერმელი დმიტრი დონცულა, რომელიც ომში წასვლამდე, კოლონიაში დედის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. „ბოევიკის“ სახელის უკვდავყოფაში კი ჩართული აღმოჩნდა არაერთი ადამიანი, მათ შორის საზოგადოებრივი ორგანიზაცია სახელწოდებით „სამშობლოს დამცველის დედა“.
ვიდრე კსკ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლი გახდებოდა, დმიტრი დონცულა სასჯელს საკუთარი დედის სასტიკი მკვლელობისთვის იხდიდა. ომის მომავალი გმირი გამუდმებით სძალავდა პენსიონერ დედას ფულს, ერთხელ კი სასიკვდილოდ სცემა მშობელ დედას: 86-ჯერ მიაყენა დარტყმა ხელ-ფეხით.
დმიტრი დონცულა უკრაინაში დაიღუპა. იგი სამშობლოში ჩამოასვენეს და პერმში საძმო სასაფლაოზე დამარხეს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მამულის დამცველის დედა“ და „საბრძოლო ძმობა“ აგროვებენ ფულს სამახსოვრო ფირნიშებისთვის, რომლებსაც სავარაუდოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებზეც ჩამოკიდებენ.
დედის მკვლელობისთვის მოხვდა ციხეში 2017 წელს „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული სერგეი მოლოდცოვი, რომელიც 2023 წლის იანვარში ურალის ქალაქ სეროვის ადმინისტრაციამ საზეიმოდ დაკრძალა ქალაქის სასაფლაოზე. სეროვში მდებარე კოლონიაში მოლოდცოვი უსურიისკიდან მოხვდა. მომავალი „ბოევიკი“ იმდენ ხანს სცემდა ხნიერ ქალს, რომ სახის რამდენიმე ძვალი გაუტეხა. სასამართლოზე კი მან თქვა, რომ პენსიონერი ტუალეტში დაეცა, თავი დაარტყა და ამის გამო გარდაიცვალა.
როგორც ოფიციალურ ცნობაში იყო ნათქვამი, მოლოდცოვს „ყოველთვის მიჰქონდა გულთან სხვისი უბედურება, ეხმარებოდა სუსტებსა და უპოვრებს“, ხოლო „სიმართლე მისთვის მთავარი იყო“.
საქებარი სიტყვები არ დაუშურებია ქალაქ აბაკანის ადმინისტრაციას უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ყოფილი მსჯავრდებულის, 36 წლის დანილ სვობოდინის დასახასიათებლად.
„ისტორიული წიგნები, ხელჩართული ბრძოლა, ფეხბურთი და ჰეროიკულ გმირობაზე რომანტიკული ოცნება... ეს ჩვეულებრივი ყმაწვილური ისტორიის ნაწილი, შეიძლებოდა საინტერესოდ და ბედნიერად განვითარებულიყო, მაგრამ ტრაგიკულად შეწყდა დონბასში. ის ვერ იტანდა უსამართლობას, იყო პრინციპული და პატიოსანი“, - ასე ახასიათებს ქალაქ აბაკანის პრესსამსახური სვობოდინს, რომელსაც რამდენჯერმე უკვე ჰქონდა მოხდილი სასჯელი ადამიანის ცემისა და სხეულის დაზიანებისთვის, ვიდრე ბოლოს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, საკუთარი ცოლი არ გამოასალმა სიცოცხლეს.
სასამართლოზე სვობოდინმა განაცხადა, რომ არ სურდა ცოლის მოკვლა, ხოლო ჩხუბი დაიწყო „აღელვების“ ფონზე. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ცოლმა გაუმხილა, რომ მძიმედ იყო ავად.
2022 წელს სვობოდინი კსკ „ვაგნერმა“ გადაიბირა და სხვა დაქირავებულებთან ერთად უკრაინაში გაუშვა საომრად. იგი 2023 წლის 13 იანვარს დაიღუპა ბახმუტის ახლოს, სადაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ მოწინავე რიგებში იმყოფება, როგორც მთავარი დამრტყმელი ძალა.
დანილ სვობოდინი სამხედრო პატივით დაკრძალეს აბაკანის სასაფლაოს სამხედრო სექტორში, სამხედრო დაზვერვის კაპიტნის, პროფესიონალი სამხედროს, ალექსეი კუტნეევის გვერდით.
„კილერი - სოლიდურად ჟღერს!“
გავლენიანი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრობა ნასამართლევი რუსი მოქალაქეებისათვის არის ერთგვარი ინდულგენცია, რომელიც მათ ათავისუფლებს წარსულში ჩადენილი დანაშაულისგან და შესაძლებლობას აძლევს, უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობით გამოიყიდოს დანაშაული ქვეყნის წინაშე.
დაღუპულებს კი სიკვდილის შემდეგ სხვადასხვა სახის საბრძოლო ორდენ-მედლებით აჯილდოებენ.
ყველაზე ხშირად „ვაგნერელთა“ ბიოგრაფიაში ფიგურირებს საყოფაცხოვრებო მკვლელობისა და ოჯახში ძალადობის საქმეები.
მაგალითად, მამაცობის ორდენით დაჯილდოვდა „ვაგნერის“ მებრძოლი, ბურიატი, 39 წლის კონსტანტინ ვორონინი. 2015 წელს მას 10 წელი მიუსაჯეს ნაცნობის მკვლელობისთვის. ბინაში მომხდარი ჩხუბის დროს მან 56-ჯერ დაარტყა რკინის შოლტი თავის გამაბრაზებელს. შემდეგ ცეცხლი წაუკიდა პარალონს და გატეხა ფანჯრის მინა, ცეცხლის სწრაფად გასაჩაღებლად. ვორონინი კსკ „ვაგნერში“ 2022 წლიდან ჩაირიცხა, მიმდინარე წლის 8 თებერვალს კი ისიც ბახმუტთან დაიღუპა.
„მამაცობის“ მედლით დაჯილდოვდა ასევე 34 წლის ირკუტსკის სოფელ ლობოგოის მკვიდრი, ანდრეი ლისიჩენკო. ის კოლეგასთან ერთად მუშების ვაგონეტში არაყს სვამდა, რა დროსაც თანამეინახესთან ჩხუბი მოუვიდა ჩეჩნეთის თემაზე. ანდრეი ლისიჩენკომ ოპონენტს დანა რამდენჯერმე დაარტყა. 2020 წლის მარტში მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ანდრეი ლისიჩენკო 2023 წლის მარტში უკრაინაში დაიღუპა.
7 მარტს ბურიატიის სოფელ ონოხოში საზეიმოდ დაკრძალეს 24 წლის ანდრეი ვლასოვი. მას 2015 წელს 15 წელი მიესაჯა უსახლკარო ადამიანის მკვლელობისთვის. ის და მისი მეგობარი ინციდენტის დროს კაფეში იმყოფებოდნენ, რომლის თანამშრომელმა ახალგაზრდებს სთხოვა ქუჩაში გაეყვანათ კაფეში იატაკზე მწოლიარე მამაკაცი. მაგრამ უცნობმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მეგობრებმა მსხვერპლი საპარიკმახეროს ზღურბლზე გაიყვანეს და რამდენჯერმე დაარტყეს დანა.
რუსეთში, სადაც ფეიკების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა უკვე „ვაგნერის“ მებრძოლთა დისკრედიტაციისთვისაც ემუქრებათ ადამიანებს, ადგილობრივი მოსახლეობა ზოგჯერ ჩივის იმ უსამართლობის გამო, რასაც მათი აზრით სისხლის სამართლის დამნაშავეთა მასობრივი ჰეროიზაცია წარმოადგენს.
მიმდინარე წლის დასაწყისში ბაიკალისპირეთის სოფელ ჟირეკენის მცხოვრებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იმის გამო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აპირებდა კულტურის სახლში ზარ-ზეიმით გამოსთხოვებოდნენ კსკ „ვაგნერის“ დაქირავებულს, ადამიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ნიკიტა კასატკინს.
ზეწოლის შედეგად ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააუქმა გამოთხოვების ცერემონია, მაგრამ „ბოევიკის“ ნათესავებმა უფრო მაღალი რანგის რაიონულ ხელისუფლებასთან იჩივლეს და, საბოლოო ჯამში, მიაღწიეს „გმირის დაკრძალვის“ ორგანიზებას.
„მთელი სოფელი ვმარხავდით. მას აქ ყველა კარგად ვეპყრობოდით. კარგი ბიჭი იყო. მით უფრო, რომ მას სოფელში არავინ მოუკლავს, არამედ სადღაც ბიზნესში. ჩვენ ხომ არ ვიცით, თუ რა მოუხდათ ერთმანეთში, ვინ მართალია, ვინ მტყუანი. თანაც კილერი - სოლიდურად ჟღერს. ის მკვლელია? მერე რა. თუ გინდა, წადი და შენ იომე, თუ მკვლელებისთვის არ შეიძლება“, - ურჩია გამოცემა „სიბირ. რეალიის“ კორესპონდენტს „ვაგნერის“ 22 წლის მებრძოლის ალექსანდრ სმერდოვის ერთ-ერთმა თანასოფლელმა.
მოსკოვის საოლქო სასამართლოს ცნობით, ალექსანდრ სმერდოვმა 2012 წელს ბალაშიხაში, მაღაზიის მახლობლად „ტე-ტეს“ პისტოლეტიდან ჩაცხრილა სვეტლანა ვესელოვა და მისი მამა, ევგენი ჩესნოკოვი.
როგორც ძიებამ დაადგინა, მკვლელობა შეუკვეთა დაზარალებულის ქმარმა, გვარად მამოტკომ, რომელსაც მათი ბინის ხელში ჩაგდება სურდა.
ორი ადამიანის მკვლელობის საფასურად სმერდოვმა მამოტკოსგან გასამრჯელოს სახით, 200 000 რუბლი აიღო.
ცოტა ხნის წინ კსკ „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი დაღუპულების ცხედრების სახლში მიტანით დაემუქრა კრასნოდარის ოლქის ქალაქ გორიაჩი კლიუჩის მერს, რომელიც წინააღმდეგი იყო სასაფლაოზე „ვაგნერის“ მიერ დაქირავებულთა დაკრძალვისა ჟურნალისტების მხრიდან მომეტებული ყურადღების გამო.
კრასნოდარის მხარის სოფელ ბაკინსკაიაში მდებარე სასაფლაო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამარხია.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 30 ათასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაიჭრა ან დაიღუპა. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
რუსეთის დაქირავებული სამხედრო შენაერთის, "ვაგნერის" მეთაურმა 29 მარტს აღიარა, რომ უკრაინული ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლამ მძიმე ზიანი მიაყენა როგორც მის ძალებს, ასევე უკრაინულ მხარესაც.
Reuters-ს მოჰყავს ევგენი პრიგოჟინის სიტყვები: "დღევანდელმა ბრძოლამ ბახმუტისთვის უკვე პრაქტიკულად გაანადგურა უკრაინული არმია და, სამწუხაროდ, ასევე ძლიერად დააზიანა „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიაც", თქვა მან აუდიოშეტყობინებაში.
- რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" დიდი ხანია ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და ბოლო ხანს განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
- უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში.
- "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.
- "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.
მასალა მომზადებულია „სიბირ.რეალიის“ მასალების მიხედვით.