კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ემზადება იმისთვის, რომ კომპანიამ შეაჩეროს თავისი საქმიანობა უკრაინაში და ყურადღება კვლავ აფრიკაზე გადაიტანოს, ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
პრიგოჟინს, როგორც გამოცემის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, მაღალი რანგის რუსი სამხედროები და პოლიტიკოსები მზარდ საფრთხედ მიიჩნევენ. „ვაგნერის“ დამფუძნებელი წააწყდა ადამიანებისა და საბრძოლო მასალის დეფიციტს მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, შეუწყვიტეს მომარაგება და აეკრძალა რეკრუტირება პატიმრებისა, რომლებიც მისი დაქირავებული ჯარის ძირითადი წყაროა.
თვეების მცდელობებისა და შემაძრწუნებელი დანაკარგების მიუხედავად, „ვაგნერის“ მებრძოლებმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს თავიანთ მთავარ მიზანს - უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღებას. ამჟამად, წყაროების თქმით, პრიგოჟინი გეგმავს ყურადღების აფრიკაზე გადატანას.
არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ პრიგოჟინს დაქირავებულები აფრიკაში გადაჰყავს, აღნიშნავს „ბლუმბერგი“. ამავე დროს პუბლიკაციაში ნახსენებია განცხადება ხალხის გაწვევის შესახებ - ექვსი თვით უკრაინაში საბრძოლველად და 9-14 თვით - აფრიკაში.
რუსეთში კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობა იურიდიულად აკრძალულია. "ვაგნერი" არ ექვემდებარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან სხვა სამთავრობო უწყებებს. რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად „ვაგნერის“ მიერ დაქირავებულ მებრძოლებს „მოხალისეებს“ უწოდებს და შემოიღო კანონი, რომლითაც მათი „დისკრედიტაცია“ სისხლის სამართლის წესით ისჯება.
კერძო კომპანია „ვაგნერი" რუსეთის ციხე-კოლონიებიდან გამოყვანილი პატიმრებით არის დაკომპლექტებული. უფლებადამცველების განცხადებით, უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად „ვაგნერის“ რიგებში ათიათასობით პატიმარი გაიწვიეს. მანამდე პრიგოჟინი ღიად საუბრობდა "ჭურვების შიმშილზე", ხოლო მისმა დაქირავებულებმა მინიმუმ სამი ვიდეო ჩაწერეს მსგავსი მოთხოვნებით. ერთ-ერთ ვიდეოში მათ უწმაწური სიტყვებით მოიხსენიეს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი.
- რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" დიდი ხანია ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და ბოლო ხანს განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
- უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.
- "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.
- უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 30 ათასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაიჭრა ან დაიღუპა. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
- მთლიანობაში, თეთრი სახლის შეფასებით, დაიღუპა სულ მცირე 9 ათასი დაქირავებული მებრძოლი, მათი ნახევარი - შარშან დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული.
- როგორც კირბი აცხადებს, 2022 წლის დეკემბერში მოკლულ „ვაგნერელთა“ დაახლოებით 90% რუსეთის კოლონიებში შეგროვებული მოხალისეები იყვნენ.