Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დუმილის უფლებას იყენებს


ვაჟა გაფრინდაშვილი
ვაჟა გაფრინდაშვილი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი ახალგორის სასამართლოში, რომელიც ცხინვალშია განთავსებული, პარასკევს 11 საათზე გაიმართება. ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით, უკვე 41 დღეა, ცხინვალის საპატიმროში იმყოფება. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, რომელიც ბიბილოვის ხელისუფლებასთან არის დაახლოებული, გვატყობინებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ბოლო ხანებში დუმილის უფლებას იყენებს და მხოლოდ დაკავებისას პირველივე დაკითხვაზე გააკეთა განცხადება, რომ ოკუპირებული სოფელ მონასტრის ეკლესიაში სანთლის დასანთებად მიდიოდა და ცხინვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს. გაფრინდაშვილმა უარი თქვა ხელი მოეწერა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის აღიარების დოკუმენტზე. წყაროს ცნობითვე, მას შემდეგ გაფრინდაშვილს სხვა განცხადება აღარ გაუკეთებია. ისიც ირკვევა, რომ ექიმს წვერი აქვს მოშვებული და გამხდარია. წყაროს მტკიცებით, ცხინვალის ციხეში გაფრინდაშვილს კარგად ექცევიან და კვებაც ნორმალური აქვს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. საპროტესტო აქცია დღეს თბილისში ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმაც გამართეს. ექიმის მხარდამჭერ აქციას გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ისინი ხვალინდელი პროცესის მიმართ იმედიანად არიან განწყობილი. ექიმის შვილი, თათა გაფრინდაშვილი, ამბობს, რომ პარასკევს მამის ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებას ელოდება.

ქართველი ადვოკატები ადვოკატთა საერთაშორისო თანამეგობრობას და მათ შორის რუს კოლეგებსაც მიმართავენ, მხარი დაუჭირონ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის, განცხადებით, ახალგორის სასამართლოს არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რომ ექიმი პატიმრობაში დატოვოს.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოლოდინი იყო ერთი კვირის წინაც, 13 დეკემბერს, მაგრამ ახალგორის სასამართლოს მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ, ექიმი პატიმრობაში დატოვა და საქმის არსობრივ განხილვას 20 დეკემბერს იწყებს. გადაჭარბებული მოლოდინი კი შექმნა როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებმა, რომ ექიმი ოჯახს მალე დაუბრუნდებოდა. ამგვარი განცხადებები რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლების მხრიდანაც კეთდებოდა.

ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა კვირას, 15 დეკემბერს, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, სოფელ ოძისში, სადაც რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, მათ შორის ექიმებმა ცხინვალელ კოლეგებს ოსურ ენაზე მიმართეს და სიმბოლურად ოკუპირებული ტერიტორიისკენ ბუშტებზე ჩამოკიდებული თეთრი ხალათი გაუშვეს. ოძისში საპროტესტო აქცია ცოცხალი ჯაჭვით დასრულდა, ოჯახმა კი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნა მოითხოვა. კვირას ოძისში დასრულებული აქციის შემდეგ გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები კანცელარიაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელ ირაკლი ჩიქოვანს შეხვდნენ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა ოჯახი, რომ სახელმწიფო გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს. 15 ნოემბერს მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ერთი თვის განმავლობაში „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით ოჯახმა ვაჟა გაფრინდაშვილისგან მიიღო მხოლოდ ორი წერილი - პირველი 18 და მეორე 28 ნოემბერს - და ერთხელ ამანათი გაუგზავნა. ოჯახი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზით“ პერიოდულად იღებს ინფორმაციას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

XS
SM
MD
LG