Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლებმა ხელფასის დაპირებას მიაღწიეს


ელმავალმშენებელი ქარხნის  თანამშრომლები  პროფკავშირების დახმარებით კუთვნილი დავალიანების მისაღებად იბრძვიან.
ელმავალმშენებელი ქარხნის  თანამშრომლები  პროფკავშირების დახმარებით კუთვნილი დავალიანების მისაღებად იბრძვიან.

გიორგი ჯამატაშვილი 22 წელია ელმავალმშენებელ ქარხანაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. ქარხანაში არიან დასაქმებულები მისი ვაჟი და მეუღლეც. მათ სამი თვეა რაც ხელფასი არ აუღიათ. ოჯახში შვიდი წევრია, მათ შორის ბავშვები. სამი თვეა, ოჯახის შემოსავალი ქალიშვილის ხელფასი და მოხუცი დედის პენსიაა. ჯამატაშვილებს თბილისში საკუთარი საცხოვრებელი სახლიც არ აქვთ და ქირით ცხოვრობენ.

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები პროფკავშირების დახმარებით კუთვნილი დავალიანების მისაღებად იბრძვიან. 5 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა 150-მდე ადამიანმა პირველი დაპირებები მიიღო, თუმცა არა გარანტია.

გიორგი ჯამატაშვილი, მეუღლესთან და ვაჟთან ერთად კუთვნილ ხელფასს სავარაუდოდ 17 მარტისთვის მიიღებს. ამ პირობით დასრულდა ელმავალმშენებელი ქარხნის წინ გამართული საპროტესტო აქცია. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა აქციაზე წაიკითხა სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებლის“ უცხოელი მეპატრონის, კომპანია „logo Trans Company LTD“-ის წერილი, რომლის თანახმადაც ორი კვირის განმავლობაში დაიწყება დავალიანებების დაფარვა.

აქციონერის წერილი

კომპანია logo Trans Company LTD, სს წერილის ფრაგმენტი:

მოცემული ვალის დაფარვის ფულადი სახსრები გამოიძებნა და უნდა ჩარიცხულიყო ქარხნის ანგარიშზე 2019 წლის თებერვალში. თუმცა გადახდის პროცესში ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, უფრო ზუსტად, მოხდა იმ ანგარიშის დაბლოკვა, საიდანაც იგეგმებოდა ფულის გადარიცხვა....ანგარიშის განბლოკვის პროცედურა გრძელდება არანაკლებ ორი კვირისა. ფულის სს „ელმავალმშენებლის" ანგარიშზე დარიცხვის სავარაუდო თარიღია 2019 წლის 17 მარტი".

ამავე წერილის თანახმად, ახლო მომავალში სავარაუდოდ შეიცვლება ქარხნის მოქმედი მენეჯმენტიც. მოქმედი მენეჯმენტი თანამშრომლების პრეტენზიებს კანონიერად და სამართლიანად მიიჩნევს. საგანგებო განცხადებაში კი, რომელიც 4 მარტს გავრცელდა, განმარტებულია, რომ დავალიანების მიზეზი მცირე მოცულობის შეკვეთები და ქარხნის მიმართ უცხოური კონტრაქტორის დავალიანება გახდა.

5 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა 150-მდე ადამიანმა პირველი დაპირებები მიიღო, თუმცა არა გარანტია.
5 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა 150-მდე ადამიანმა პირველი დაპირებები მიიღო, თუმცა არა გარანტია.

მენეჯმენტისთვის სახელფასო დავალიანებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია "ელმავალმშენებელი" ქარხნის მომავალი სამუშაო გეგმებიც. ხუთ პუნქტად გაწერილი გეგმის შესრულებას მენეჯმენტი, ხელფასების გაცემისა და ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევის შემდეგ აპირებს. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებელსა“ და „ელმავალმშენებელში“ დასაქმებულ პირთა ჯგუფის კოლექტიურ დავაზე შეთანხმება ვერ შედგა.

კოლექტიური დავა

კოლექტიური დავა ქარხანაში 21 დღის წინ დაიწყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მედიატორიც დანიშნა, თუმცა მედიაციის პროცესი უშედეგოდ დაიხურა. დამსაქმებელმა უარი განაცხადა მოლაპარაკება ეწარმოებინა „რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან“, რომელიც ამ შრომით დავაში მონაწილე მუშების ინტერესს წარადგენდა. დამსაქმებელი მედიაციის პროცესში პროფკავშირთა სხვა ორგანიზაციის, „რკინიგზელთა პროფკავშირის“ ჩართვას ითხოვდა.

მხარეები მოლაპარაკებების მაგიდამდე ვერ მივიდნენ. ამას კი შესაბამისად მოჰყვა 5 მარტის საპროტესტო აქციაც. აქციაზე მუშების გვერდით იდგა პროფკავშირების გაერთიანება, მათ შორის კი „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“. ზეინკალ-ელექტროშემდუღებელი დავით ბალახაძე ამბობს, რომ პროფკავშირის გამო იგი ქარხნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს:

ელმავალმშენებელ ქარხანაში სულ 1200-მდე ადამიანია დასაქმებული, სახელფასო დავალიანება სააქციო საზოგადოებას მათი უმეტეს ნაწილის მიმართ აქვს. მათგან უმრავლესობას 3-4 თვეა არ აუღია ხელფასი, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა მიმართაც დაგროვილია 5-6 თვის დავალიანება. საშუალო ხელფასი საწარმოში 600-700 ლარია. მხოლოდ ოთხასი ლარია ნანა შარიქაძის თვიური ხელფასი, თუმცა ვარაუდობს, რომ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, მთლიანობაში გაცილებით ნაკლებს აიღებს:

ელმავალმშენებელ ქარხანაში დასაქმებული ადამიანები 17 მარტის მოლოდინში არიან, თუმცა მანამდეც აპირებენ შეკრებას. სააქციო საზოგადოების მეპატრონისგან მიღებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.

XS
SM
MD
LG