Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: რას უნდა ველოდეთ და რას - არა?


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობს. ეს იქნება თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შემოღებული მეცხრე პაკეტი. ახალი სანქციების მიღება დააჩქარა უკრაინის ქალაქებზე მიყენებულმა სარაკეტო თავდასხმებმა. ბრიუსელში „არსებობს საკმაოდ ფართო კონსენსუსი, და საწინააღმდეგო აზრი არავის გამოუთქვამს“, - ასე გვითხრა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც სანქციების შესახებ მოლაპარაკებებში იღებს მონაწილეობას.

რას უნდა ველოდეთ სანქციების ახალი პაკეტისგან?

ბევრს არაფერს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ევროკავშირმა უკვე ბევრი სფერო მოიცვა - ქონება გაუყინა და ვიზის მიღება აუკრძალა 1239 პირსა და 116 ორგანიზაციას. ბოლო 9 თვის განმავლობაში აკრძალვები შეეხო რუსულ ნახშირს, ფოლადს, ხეს და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა რუსული ფრენებისთვის.

ენერგიის ფასების ზრდასთან ერთად, წარმოუდგენელია, რომ ახალი ზომები ენერგეტიკას შეეხოს. ბუნებრივ აირზე სანქციებს არ დააწესებენ და „გაზპრომბანკიც“ არ იქნება გარიცხული SWIFT-ის სისტემიდან. იგივე შეეხება ატომურ ენერგიასაც - ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა დღემდე მჭიდრო კონტაქტებს ინარჩუნების რუსეთის სახელმწიფო ატომურ სააგენტო „როსატომთან“. ერთადერთი, შესაძლოა აიკრძალოს გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების პროდუქტების - პროპანისა და ბუტანის ექსპორტი - ეს ზომა ადრეც განუხილავთ და და ახლა შეიძლება მიიღონ კიდეც - დიდ ზიანს ეს არავის მიაყენებს.

მაშ, რას აკრძალავენ?

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ირანული წარმოების დრონების გამო სანქციები უკვე დაეკისრა ირანის სამ ოფიციალურ პირს და დრონების მწარმოებელ კომპანიას. მოსალოდნელია, რომ ეს სია გაიზრდება. შესაძლოა, აიკრძალოს რუსეთისთვის ყველანაირი უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება - ამჟამად სანქცია მხოლოდ სამხედრო დრონებზე ვრცელდება.

დიდწილად კი ახალი პაკეტის დანიშნულება „ხვრელების ამოქოლვა“ იქნება. ეს დიდწილად გამოიხატება რუსეთისთვის აკრძალული პროდუქტების საექსპორტო სიაში დეტალების ჩამატებაში. ეს მუდამ საკეთებელი საქმეა - ხშირად მცირე კომპონენტის ცვლილებასაც პროდუქტი განსხვავებულ კატეგორიაში გადაჰყავს, რაც საშუალებას იძლევა, რომ სანქციებს თავი აარიდონ.

ევროკავშირის ლიდერებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, თუ რა კანონიერი საშუალება არსებობს გაყინული რუსული აქტივების გამოსაყენებლად უკრაინის დასახმარებლად. ლაპარაკია 17,4 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებზე, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოართვეს სანქცირებულ ინდივიდებს.

ბელარუსის წინააღმდეგაც მიიღებენ სანქციებს?

სავარაუდოდ. სანქციების წინა რაუნდს მინსკი გადაურჩა, თუმცა ევროკავშირის ლიდერებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ აპირებენ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი ზომები მიიღონ, მის ტერიტორიაზე რუსული ჯარის განთავსების გამო. იგეგმება, რომ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული ზომების დუბლირება მოხდეს ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ. ამ სანქციების ძირითადი მიზანია, ბელარუსი არ იქცეს რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების ცენტრად.

სანქციების გარდა, რის გაკეთებას გეგმავს ბრიუსელი?

ევროკავშირმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნის და კიევისთვის სამხედრო დაფინანსების გამოყოფის შესახებ. ახლა განიხილავენ უკრაინის დახმარებას ამ ზამთარში და მომავალ წელს. უკრაინის მთავრობის შეფასებით, მომავალ წელს მათ თვეში 3,5 მილიარდი დოლარი ესაჭიროებათ. აქედან თვეში 1,5 მილიარდი თავის თავზე აშშ-მ აიღო.

ბრიუსელს ამისათვის, პირველ რიგში, „სტრუქტურული მიდგომის“ შემუშავება დასჭირდება. ახლა მსჯელობა მიდის იმასთან დაკავშირებით, რა ფორმა ექნება ამ დახმარებას - გრანტების თუ სესხის. გერმანია გრანტების სისტემის მომხრეა, რადგან სესხებზე დამატებითი გარანტიების გაცემა არ სურს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG