Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდება უკრაინას“ - ბოლო სიტყვები, რომლებიც ტიმოფეი შადურამ ავტომატიან მტერს უთხრა  


კადრი სოცქსელებში გავრცელებული ვიდეოდან, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავს უკრაინელი ჯარისკაცის, ტიმოფეი შადურას დახვრეტას.
კადრი სოცქსელებში გავრცელებული ვიდეოდან, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავს უკრაინელი ჯარისკაცის, ტიმოფეი შადურას დახვრეტას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სახელით სამშაბათს გავრცელდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სავარაუდო რუსი ოკუპანტის მიერ დახვრეტილი უკრაინელი ტყვე მათი ბრიგადის ჯარისკაცი, ტიმოფეი შადურაა.

ბრიგადის მეთაურობა და გმირი ჯარისკაცის თანამოძმეები „გულწრფელად თანაუგრძნობენ მის ნათესავებსა და ახლობლებს. შურისძიება გარდაუვალი იქნება! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს“, - ნათქვამია 30-ე ბრიგადის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

ამ განცხადების ფონია სასტიკი ბრძოლები ქალაქ ბახმუტთან, სადაც ტყვედ ჩავარდნამდე იბრძოდა ტიმოფეი შადურა და სადაც ახლა მისი თანამებრძოლები 30-ე მოტომსროლელი ბრიგადიდან ჩრდილოეთი ფლანგიდან ცდილობენ მტრის ჭარბი ძალების შეჩერებას.

„ბრტყლად, ბრბოდ მოიწევენ სამი მხრიდან. შუაში მოდიან ისინი, რომელთა ამოცანაც მათზე ყურადღების გადატანაა, ხოლო გვერდებიდან ყველა დანარჩენები მოიწევენ წინ. ძალიან დიდი ნაკადია, ზოგჯერ იარაღი იჭედება. ისვრი, ისვრი, ისვრი და ავტომატი ჭედავს. მაგრამ შეტევა არ წყდება, რიგ შემთხვევაში მოიერიშე რუსი სამხედროების თანაფარდობა უკრაინის დამცველებთან იყო 12 ერთთან“, - უთხრა 30-ე ბრიგადის მებრძოლმა ვოლოდიმირმა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.

„მკვლელებს იპოვიან“ - აცხადებს ზელენსკი

6 მარტს ტელეგრამში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც უკრაინელ სამხედროს, რომელიც სიგარეტს ეწევა, ახლო მანძილიდან ხვრეტენ მას შემდეგ, რაც ის წარმოთქვამს სიტყვებს „დიდება უკრაინას!“. უკრაინელი სამხედრო, წინასწარი მონაცემებით, არის ტიმოფეი შადურა. ეს ინფორმაცია ჯარისკაცის თანამბრძოლებმა და მისმა დამ დაადასტურეს.

„ასი პროცენტით ჩემი ძმაა. ესაა მისი თვალები, ხმა და ის, როგორ ეწეოდა სიგარეტს“, - უთხრა ჟურნალისტს ოფია კოჩმარ-ტიმოშენკოს შადურას დამ.

41 წლის უკრაინელი მებრძოლი მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა ბახმუტის რაიონში საბრძოლო მოქმედებების შემდეგ.

„ამჟამად ჩვენი სამხედრო მოსამსახურის გვამი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. მისი ვინაობა საბოლოოდ დადგინდება ცხედრის დაბრუნებისა და საჭირო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ“, - ნათქვამია თავად კონსტანტინ ოსტროჟსკის სახელობის 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის განცხადებაში.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყეს ჯარისკაცის დახვრეტის ფაქტის გამოძიება. უკრაინელმა ომბუდსმენმა დიმიტრი ლუბინეცმა აღნიშნული ვიდეო, „როგორც რუსეთის მიერ ომის კიდევ ერთი დანაშაულის დადასტურება“, - საერთაშორისო პარტნიორებს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ომბუდსმენებს გაუგზავნა.

თავად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ „მკვლელებს იპოვიან“.

„რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი ომის დანაშაულად იქცა უიარაღო ჯარისკაცის დახვრეტა, რომლის ბოლო სიტყვები იყო "დიდება უკრაინას!" ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებას, პარლამენტებს, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დასაჯონ ტერორისტული სახელმწიფო და მისი ხელმძღვანელობა უკრაინის ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა ომის დანაშაულისთვის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და გენოციდის აქტებისთვის“, - ნათქვამია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას მიერ 7 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციამ პირობა დადო, რომ ქვეყნის პრეზიდენტს მიმართავს თხოვნით, რათა დაღუპულ ტიმოფეი შადურას მიენიჭოს გმირის წოდება.

თუმცა, ტიმოფეი შადურას უკვე უწოდებ „სახალხო გმირს“
30-ე ბრიგადის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ქვემოთ დატოვებული უამრავი კომენტარის ავტორი.

აღნიშნული ბრიგადის მთელი პირადი შემადგენლობა ამჟამად ქალაქ ბახმუტის ერთ-ერთი ფლანგის დაცვაში მონაწილეობს. ორშაბათს, 6 მარტს, პრეზიდენტ ზელენსკის ოფისმა დაადასტურა, რომ მთავარსარდლის შტაბმა გადაწყვიტა, გააგრძელოს თავდაცვითი ოპერაცია ბახმუტში და არ გაიყვანოს ჯარები.

„მათ თავად გააღვივეს ეს სიძულვილი“

აი, როგორ აღწერს რუსეთის შეტევას 30-ე ბრიგადის ერთ-ერთი ჯარისკაცი ვოლოდიმირი:

„ძირითადად მოქმედებენ ექვსი-რვა ჯარისკაცისგან შემდგარი მცირე ჯგუფები - ისინი ატარებენ დაზვერვას საბრძოლო მოქმედებებით, ამის შემდეგ მტერი ცეცხლს ხსნის არტილერიიდან, ნაღმსატყორცნებიდან და ყუმბარსატყორცნებიდან. და შემდეგ ფრონტალურად იერიშზე გადმოდის ექვსი-რვა კაცისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც უკან რამდენიმე ასეთივე ჯგუფი მოჰყვება. და ასე დაუსრულებლად, სანამ არ შეასრულებენ თავიანთ მიზანს. ანუ მათი ადამიანური რესურსი ამ მხრივ შეუზღუდავია“, - ჰყვება უკრაინელი ჯარისკაცი.

უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ ასეთი ფრონტალური თავდასხმების შედეგად რუსეთის ჯარები მძიმე დანაკარგებს განიცდიან. ისინი აცხადებენ, რომ ბახმუტის შესანარჩუნებლად ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებენ.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ფიტავენ რუსეთის ჯარებს ბახმუტში და ქმნიან ხელსაყრელ პირობებს კონტრშეტევისთვის. ვოლოდიმირი ეთანხმება ამ შეფასებას.

„ახლა საქმე, ჩემი აზრით, მათი უკუგდება კი არ არის, არამედ მათი შეჩერება გარკვეულ ზღუდეზე. მაქსიმალურად მივიზიდოთ მათი ძალები, რათა მოწინააღმდეგემ დაკარგოს შეტევითი პოტენციალი. და როდესაც გარკვეული პაუზა წარმოიქმნება, მაშინ მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი გახდება გარკვეული ქმედებები ჩვენი მიმართულებიდანაც“, - ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი და აცხადებს, რომ სათანადო რაოდენობის საარტილერიო ჭურვებით უზრუნველყოფის შემთხვევაში ბახმუტის დამცველები დიდი ხნით შეძლებენ ქალაქის შენარჩუნებას.

ბახმუტის დამცველებში ელვის უსწრაფესად გავრცელდა უკრაინელი ტყვე ჯარისკაცის დახვრეტის კადრები, რამაც ფრონტის ხაზზე მყოფ მებრძოლებში საბრძოლო სულისკვეთებაც გააძლიერა და შურისძიების გრძნობაც.

უიარაღო ადამიანის დახვრეტა იმისათვის, რომ მან საკუთარ სამშობლოზე თქვა "დიდება", - ესენი არიან მხეცები და არა სამხედროები. ეს არის სწორედ ხორცშესხმული ბოროტება...

„გარდაუვალ შურისძიებაზე“, როგორც ზემოთ ითქვა, მინიშნება პირველად 30-ე ბრიგადამ გააკეთა, ბრიგადამ, რომელშიც ტყვედ ჩავარდნამდე მსახურობდა ტიმოფეი შადურა. წინა ხაზზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეები ამბობენ, რომ ძალადობა ძალადობას წარმოშობს და ვარაუდობენ, რომ ამ ფაქტის შემდეგ, უკრაინის მხარეზე უკვე ნაკლები ტყვე რუსი ჯარისკაცი იქნება.

„აი, ასე აღიქვეს [აქ] ეს ვიდეო. მათ თავად გააღვივეს ეს ბოროტება და თავად აკეთებენ იმას, რომ ისინი ეზიზღებოდეთ, რათა გამძვინვარებულმა ჯარისკაცებმა ისევე გაგლიჯონ, როგორც ისინი გვგლეჯენ ჩვენ. ისინი არიან ტერორისტები და არა სამხედროები. არ შეიძლება ოფიცერი და ჯარისკაცი იქცეოდეს ისე, როგორც თქვენ ამ ვიდეოზე დაინახეთ. არსებობს ომის წარმოების წესი, რომელსაც შეასწავლიან სამხედრო სასწავლებლებში, სკოლებში და ყველგან, სადაც სამხედროებს ამ წესებით ზრდიან. უიარაღო ადამიანის დახვრეტა იმისათვის, რომ მან საკუთარ სამშობლოზე თქვა "დიდება", - ესენი არიან მხეცები და არა სამხედროები. ეს არის სწორედ ხორცშესხმული ბოროტება“, - უთხრა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ბახმუტში მოქმედი ერთ-ერთი დანაყოფის მეთაურმა, დენის იაროსლავსკიმ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მედიაში არაერთხელ გამოჩენილა ტყვედ ჩაბარებულ უიარაღო სამხედრო მოსამსახურეთა მკვლელობების ამსახველი ვიდეოჩანაწერები - როგორც უკრაინელების, ისე რუსეთისა.

ყოველ ჯერზე მხარეები ერთმანეთს სამხედრო დანაშაულში სდებდნენ ბრალს. უკრაინის ხელისუფლებამ საჯაროდ დადო პირობა, გამოიძიოს შესაძლო დანაშაულთა შემთხვევები, რომლებიც მისი არმიის სამხედროებმა ჩაიდინეს. ამ გამოძიებათა შედეგების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. რუსეთის ხელისუფლება კი კომენტარს არ აკეთებს უკრაინელ სამხედროთა მკვლელობის ამსახველ ვიდეოებზე.

ჟენევის კონვენციის თანახმად, რომელზეც სხვათა შორის რუსეთსაც აქვს ხელი მოწერილი, სამხედრო ტყვეებს გარანტირებული უნდა ჰქონდეთ სიცოცხლე და პატიმრობის ჰუმანური პირობები. სიკვდილით დასჯა ან ტყვეებისადმი სასტიკი მოპყრობა ომის დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG